ყორჩიბაშიშვლების ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყორჩიბაშიშვლების ციხე — ციხესიმაგრე თელავში. მდებარეობს ვახვახიშვილების ციხის დასავლეთით. გადაჰყურებს ალაზნის ველს. დღეისათვის ციხის ტერიტორია მჭიდროდაა დასახლებული და ძველი მოხაზულობაც აღარ დგინდება. თავდაპირველი სახის ადდგენაში აქაც XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი გეგმა გვეხმარება. ციხის ისტორია უცნობია, მაგრამ სტილისტური ნიშნების მიხედვით იგი XVIII საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება.

ირკვევა, რომ შემაღლებაზე მდგარი, კოშკებით აღჭურვილი ციხე გეგმაში გრძელ ოთხკუთხედს წარმოადგენდა. ჭიშკარი სამხრეთის ცენტრალური კოშკის მარჯვნივ ჰქონია. დამხმარე გასასვლელები მოთავსებული ყოფილა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლებში. მათი ასეთი უჩვეულო სიმრავლე შესაძლოა, ნაწილობრივ, ციხის შიგნით დამატებით ორი გალავნის არსებობით იყოს გამოწვეული. ერთი მათგანი გამოყოფს სამხრეთ-ღმოსავლეთის კუთხეს. მეორე - ჩრდილოეთის ცენტრის ნაწილს. პირველი, შესაძლოა, ციხის მფლობელის საცხოვრებელს წარმოადაგენდა, მეორე კი - გვარის სხვა წევრებისა.

ციხის შიგნით ათზე მეტი სხვადასხვა ზომის ნაგებობა მდგარა. ასეთი სიმრავლე არცაა გასაკვირი, რადგან ეს მარტო ციხე კი არ რის, არამედ ციხე-დარბაზია. ამაზე მიუთითებს ციხის შუაში მდგარი მოზრდილი ეკლესიაც.

დღემდე შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთის მცირე ზომის კოშკი, რომელსაც ზედა ნაწილი მორღვეული აქვს და ამიტომ სართულიანობა არ ირკვევა. დარჩენილი ორი სართულიდან ორივეს ცალ-ცალკე ჰქონია ეზოდან შესასვლელი. კედლებში სათოფურები ყოფილა განლაგებული.

კედლების ფრაგმენტების მიხედვით ციხე ორიარუსიანი ჩანს. ქვედა იარუსი აქაც ყრუ იყო. ზემოთ კი ხის ბილიკს სათოფურები მიუყვებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები, თბ., 1965
  • რჩეულიშვილი ლ. თელავი, თბ., 1963
  • ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1961
  • ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ., 1962
  • ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988
  • უჯარმიდან ალავერდამდე, თბ., 2013