ყორნისის კოშკი და სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყორნისის კოშკი და სასახლე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-საცხოვრებელი ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში, მდ. ტილიანის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია XVII საუკუნის მეორე ნახევარში.

ვახუშტის მიხედვით: „ყორნისს არს ქუაბნი კლდისანი და კოშკოვანი, გარნა შემუსრეს ლეკთა“. ლეკების მიერ ყორნისის დარბევის თარიღი არ არის მითითებული. სავარაუდოდ ეს XVIII ს. პირველ ნახევარში მოხდა. მემატიანე სეხნია ჩხეიძის მიხედვით XVII ს-ის ბოლოს ტახტს რამდენიმე დიდგვაროვანი ეცილებოდა ერთმანეთს. 1688 წელს, როდესაც მეფე ერეკლე I აირჩიეს,  ქართლის მეფე გიორგი XI-მ ზემო ქართლისაკენ დაიხია და ყორნისში დაბანაკდა, კერძოდ რა ადგილას, არ არის ცნობილი.

ყორნისზე, როგორც მნიშვნელოვან პუნქტზე, წარმოდგენას გვაძლევს შემდეგი ცნობა: 1759 წ. რვაათასიანი ჯარით დაღესტნიდან გადმოვიდნენ კოხტა ბელადი და ჩონჩოლ-მუსა. ისინი გაემართნენ ზემო ქართლისაკენ ლიახვისა და ფრონეს ხეობების გავლით. ქართლ-კახეთის მეფეებს რიცხობრივად არ აღმოაჩნდათ სათანადო ჯარი. მათ საშველად იმერეთის მეფე გამოვიდა და შეერთდნენ სიმაგრეში.

კოშკის გადარჩენილ ნაწილს თითქოს ჭრილში ხედავ.

შვიდსართულიანი კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, ხოლო თაღ-კამარა აგურით. იგი საფორტიფიკაციო ნაგებობათა ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.

კოშკი დაკავშირებულია ჩრდილოეთით მიდგმულ სასახლესთან; სასახლიდან შემორჩენილია უმნიშვნელო ნანგრევები. კოშკი შუაზეა გადახსნილი. მისი აღმოსავლეთი  მხარე მთლიანად ჩამონგრეულია. შესაძლოა, ეს მიწისძვრის შედეგი იყოს.

სოფ. ყორნისი მდ. ფრონეს ზემო წელში ერთ-ერთ გამაგრებულ პუნქტად ითვლებოდა. იგი გაშლილ ადგილზე მდებარეობდა. ადგილობრივი ფეოდალი, თავდაცვის მიზნით, იძულებულია გაამაგროს ტერიტორია კოშკებით, ააგოს სასახლე და შვიდსართულიანი კოშკი.

ყორნისსა და მის მიდამოებში სულ რვა კოშკია. მეცხრე, რომელიც მდინარე ფრონეს მეორე ნაპირზე იდგა ასევე ანსამბლის ნაწილს წარმოადგენს. არცერთი კოშკი არ შემორჩა თავდაპირველი სახით. მეტ-ნაკლებად ყველა ნანგრევებადაა ქცეული. კოშკები ერთმანეთის მსგავსია.

კოშკის პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში შემორჩენილია კარის მარცხენა წირთხლი. კართან ქვის კიბე ამოდიოდა, რომელიც შესაძლოა სასახლესა და კოშკს აკავშირებდა. ყველა სართულში თითო ბუხარია. მეოთხე სართულის აღმოსავლეთ კედელში, ბუხრის ორივე მხარეს ღრმა ნიშებია მოთავსებული.

სათოფურები მესამე სართულიდან დაწყებული, ყველა სართულში იყო მოწყობილი.

მეხუთე სართულის დასავლეთ კედელში შვერილი საპირფარეშოა, რომელიც გარედან ხის კრონშტეინებს ეყრდნობა.

მეექვსე სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სათოფურია.

მეშვიდე სართულის დასავლეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრები. პილასტრებს კედლის თაღები ეყრდნობა. თაღების მალებში გაჭრილია სათოფურები.

მეშვიდე სართულს კამაროვანი გადახურვა ჰქონდა. შემორჩენილია კამარის ჩრდილოეთის და სამხრეთის მცირე ნაწილი.

კოშკის კედლებზე შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები.

შესაძლოა დავადგინოთ, რომ ოთხკუთხა გეგმის სასახლე სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა. შუაში იყო დიდი დარბაზი, ოთახებს გააჩნდა კამაროვანი გადახურვა. შენობა აგებული იყო რიყის ქვით, ხოლო კონსტრუქციული ნაწილები კი აგურით.

სასახლის კომპლექსის დანარჩენი ნაგებობანი არ შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004
  • ვახუშტი - აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წიგნი "ქართლის ცხოვრება",ტ. IV, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1973, გვ. 375-463.
  • ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. მეცნიერება, თბ., 1973, გვ. 154.
  • Закарая П. Древние крепости Грузии,Тбилиси, "Мерани", 1969, стр. 177
  • Чхейдзе С. Жизнь царей "Картлис цховреба", изд. З. Чичинадзе. Тб., 1913,
  • Безсонов С.Б. "Крепостные сооружения в бассейне большой Лиахви".  Изд. ЮОНИИ, вып. I. Сталинир, 1933.