ყნოსვის ნერვი

ყნოსვის ნერვი (ლათ. nervus olfactorius) — თავის ტვინის I წყვილი ნერვი. მის შემადგენლობაშია 3 ნეირონი. პირველი ნეირონის უჯრედები მოთავსებულია ცხვირის ღრუს საყნოს მიდამოს ლორწოვან გარსში. ამ ნეირონის პერიფერიული მოკლე მორჩი თავისუფლად არის გამოშვერილი ლორწოვან გარსში. ცენტრალური მორჩი გრძელია და წარმოქმნის 15-20 ნერვულ ძაფს, რომლებიც ცხავის ძვლის დაცხრილული ფირფიტის გავლით შედიან ქალას ღრუში და უკავშირდებიან საყნოსველ ბოლქვს, სადაც ქმნიან სინაფსებს მეორე ნეირონის უჯრედებთან. მეორე ნეირონის ბოჭკოები წარმოქმნიან საყნოსველ ტრაქტს. ტრაქტი თავდება საყნოსველი სამკუთხედით, რომლის მეშვეობითაც ყნოსვის იმპულსები გადაეცემა მესამე ნეირონის უჯრედებამდე, რომელთა ერთობლიობა წარმოქმნის ყნოსვის პირველად ცენტრებს — წინა დაცხრილულ ნივთიერებასა და გამჭვირვალე ძგიდეს. აქედან იმპულსები 3 ზონრის საშუალებით აღწევს ყნოსვის უმაღლეს ცენტრებს — პარაჰიპოკამპალურ ხვეულს და კაუჭს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 658.