შინაარსზე გადასვლა

ყნოსვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყნოსვაადამიანისა და ცხოველთა განსაკუთრებული ორგანოების საშუალებით გარემოში არსებულ ქიმიურ შენაერთთა სუნის აღქმა. ყნოსვა ქემორეცეფციის ერთერთი ყველაზე მგრძნობიარე სახეა, რადგან სუნიანი ნივთიერების ძალიან მცირე კონცენტრაციებიც კი იწვევენ ყნოსვის რეცეპტორთა აგზნებას.

სხვადასხვა ცხოველისათვის ყნოსვას სხვადასხვა როლი აქვს და ყნოსვის ორგანოებიც განსხვავებულად ვითარდება. ძუძუმწოვრებში არჩევენ მიკროსმატაიკებს, რომელთაც ყნოსვის შედარებით სუსტი უნარი აქვთ, მაკროსმატიკებს, რომელთაც ყნოსვის ძლიერი უნარი აქვს და ანოსმატიკებს, რომელთაც ყნოსვის სპეციალური ორგანოები საერთოდ არ გააჩნიათ. ცხოველებს ყნოსვა ეხმარება საკვების მოპოვებაში, მტრისაგან თავის დაღწევაში, სქესობრივი პარტნიორის პოვყნაში და სივრცეში ორიენტაციაში. სუნიან ნივთიერებათა განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნიან ფერომონები, რომელთაც ცხოცველები იყენებენ ტერიტორიის მოსანიშნად, სქესობრივი პარტნიორის მისაზიდად (ატრაქტანტები) ან საფრთხის დროს სიგნალის გასაცემად. ცხოველთა უმრავლესობაში ყნოსვა მთელ ქცევას წარმართავს მხედველობასთან, სმენასთან და შეხებასთან მჭიდრო კავშირში, მაგრამ მწერების რთულ ქცევით აქტში ფერომონები ხშირად ერთადერთი „გამშვები გამღიზიანებლის“ როლს თამაშობენ. ყნოსვას ახასიათებს ადაპტაცია, რომელიც ყნოსვის ანალიზატორის ცენტრალურ უბნებში ყალიბდება და ნაწილობრივ რეცეპტორთა დაღლითაც აიხსნება. ყნოსვას დიდი სიმახვილე ახასიათებს; განსხვავებულ სუნთა რაოდენობა, რომელთა გარჩევაც ადამიანს შეუძლია, ძალიან დიდია. ამავე დროს სუნიანი ნივთიერებების ქიმიურ სტრუქტურასა და მის სუნს შორის რაიმე კანონზომიერი კავშირი დადგენილი არ არის და არც ყნოსვის რეცეპტორთა გაღიზიანების მექანიზმებია შესწავლილი. ცნობილია, რომ სუნიანი ნივთიერების მოქმედებისას ყნოსვის ორგანოს ეპითელიუმი, რომლის შემადგენლობაში ყნოსვის რეცეპტორული უჯრედები შედის, ელექტროუარყოფითი ხდება სხვა მეზობელი ქსოვილებისადმი. ცალკეული რეცეპტორული უეგრედიდან და ყნოსვის ნერვიდან აღრიცხული ელექტრული აქტივობის შესწავლით დადგინდა, რომ სუნიანი ნივთიერებები გარკვეული კანონზომიერებით იწვევენ ნერვულ იმპულსთა სიხშირის მატებას ან კლებას.

ადამიანის ყნოსვის სიმახვილე 12 წლამდე მატულობს, მოხუცებულობაში-კლებულობს. ზოგჯერ ხდება ყნოსვის გადაჭარბებული გამახვილება, გაუკუღმართება (მაგალითად, ორსულობის დროს) ან დაქვეითება. ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებას დაერთვის ყნოსვითი ჰალუცინაციები — არარსებული სუნის (როგორც წესი, უსიამოვნო) შეგრძნება.