ყირიმის სახანოს ანექსია რუსეთის იმპერიის მიერ
ყირიმის ტერიტორია, რომელსაც წინათ აკონტროლებდა ყირიმის სახანო, რუსეთის იმპერიამ ანექსიის გზით შეიერთა 1783 წლის 19 აპრილს (ძველი სტილით, 8 აპრილს).[1] ანექსიამდე პერიოდი აღინიშნებოდა ყირიმის საქმეებში რუსეთის ჩარევით, ყირიმელი თათრების აჯანყებების სერიებით და ოსმალთა წინააღმდეგობით. ანექსია გაგრძელდა 134 წელიწადს რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ და დასრულდა 1917 წლის რევოლუციით.
რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ხელიდან ხელში გადასვლის შემდეგ, ყირიმში ბოლშევიკების მმართველობა დამყარდა 1921 წელს, როცა ნახევარკუნძული ჯერ გახდა რუსეთის სფსრ-ის, ხოლო შემდეგ სსრკ-ის ნაწილი. 1954 წელს ის გადაეცა უკრაინის სსრ-ს, რომელმაც, თავის მხრივ, დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ. რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია კიდევ ერთხელ განახორციელა 2014 წლის მარტში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანექსია არ არის აღიარებული საერთაშორისო მასშტაბით.[2] [3]
შესავალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებელი ყირიმი (1774-1776 წწ.)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის მიერ რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში ოსმალთა დამარცხებამდე, უმეტესწილად ყირიმელი თათრებით დასახლებული სახანო, იყო ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის მიხედვით, რომელიც ომის შედეგი იყო, ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა დაეთმო თავისი სუვერენიტეტი სახანოზე და მისთვის რუსეთის გავლენის ქვეშ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნის უფლება მიეცა.[4] ყირიმში თათრებს დამოუკიდებლობის არავითარი სურვილი არ ჰქონდათ და ამჟღავნებდნენ ძლიერ ემოციურ კავშირს ოსმალთა იმპერიასთან. ზავის დადებიდან 2 თვეში, სახანოს ხელმძღვანელობამ ელჩები გააგზავნა ოსმალებთან და სთხოვა მათ "დამოუკიდებლობის პირობების განადგურება". ელჩებმა თქვეს, რომ, რადგანაც რუსი მეომრები რჩებოდნენ იენი-კალესა და ქერჩში, სახანო ვერ ჩაითვლებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მიუხედავად ამისა, ოსმალებმა უარით გაისტუმრეს ეს მოთხოვნა, იმიტომ, რომ არ უნდოდათ რუსეთთან შეთანხმების დარღვევა.[5] [6] იმ არეულობაში, რაც მოჰყვა თურქების დამარცხებას, თათრების ლიდერმა, დევლეტ გირეიმ უარი განაცხადა ხელმოწერილი ზავის მიღებაზე. რუსებთან ყუბანში ომის დროს, მან გადაკვეთა ყირიმისკენ მიმავალი ქერჩის სრუტე და დაიკავა ქალაქი კაფა (თანამედროვე ფეოდოსია). შედეგად, დევლეტ გირეი დაეუფლა ყირიმის სამეფო ტახტს. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ მისი მოქმედებებისა, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე დიდმა დევლეტი ხანად აღიარა.[6]
თუმცა, ამავე დროს, ის ამზადებდა თავის რჩეულს, შაჰინ გირეის, რომელიც ეკატერინეს სამეფო კარზე ცხოვრობდა.[6] რაც დრო გადიოდა, დევლეტის მმართველობა უფრო გამოუსადეგარი ხდებოდა. 1775 წლის ივლისში, დევლეტიმ გააგზავნა ელჩების ჯგუფი კონსტანტინოპოლში, რათა მოლაპარაკებები გაემართა ოსმალეთის იმპერიაში ყირიმის სახანოს ხელახლა შეყვანის თაობაზე. ეს მოქმედება იყო "ქუჩუკ-კაინარჯის ზავის" პირდაპირი დარღვევა. დევლეტიმ მოუწოდა კიდეც ოსმალებს უარი ეთქვათ საზავო ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ცნობილმა დიპლომატმა აჰმედ რესმი ეფენდიმ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხელშეკრულების შედგენაში, უარი განაცხადა სახანოს ნებისმიერი სახის დახმარებაზე, რადგანაც არ სურდა რუსეთთან კიდევ ერთი საშინელი ომის დაწყება. ეკატერინე დიდმა ბრძანება გასცა ყირიმში შეჭრის თაობაზე 1776 წელს. მისმა ძალებმა მალევე დაამყარეს კონტროლი პერეკოპზე, ნახევარკუნძულის შესასვლელთან. 1777 წლის იანვარში რუსების მხარდაჭერილმა შაჰინ გირეიმ გადაკვეთა ყირიმის სრუტე ისევე, როგორც ეს დევლეტიმ გააკეთა. დევლეტიმ გააცნობიერა თავისი მარცხი, უარი თქვა სამეფო ტახტზე და გაიქცა კონსტანტინოპოლში. ამდენად, შაჰინი გახდა მარიონეტული ხანი, რამაც ნახევარკუნძულის მუსლიმი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.[1] ამ სიახლის გაგებისას, ოსმალების სულთანმა აბდულ ჰამიდ I-მა აღნიშნა, რომ "შაჰინი არის იარაღი. რუსეთის მიზანი კი არის ყირიმის აღება".[6] შაჰინი, რომელიც იყო გირეის (ანუ თავისივე) მმართველი პალატის წევრი, შეეცადა სახანოს "მოდერნიზებისთვის" რეფორმების სერია გაეტარებინა. ეს მოიცავდა ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობას ხანის სასარგებლოდ, "ავტორიტარული" მმართველობის დაწესებას, როგორც ეს იყო რუსეთში. წინათ, ძალაუფლება ნაწილდებოდა სხვადასხვა კლანის ლიდერებს შორის, რომელთაც ერქვათ "ბეიები". ის, აგრეთვე, შეეცადა დაეწესებინა სახელმწიფო გადასახადი, გაწვეული და ცენტრალიზებული ჯარი და ოსმალთა ტრადიციულ რელიგიაზე დაფუძნებული სამართლებრივი სისტემა ჩაენაცვლებინა სამოქალაქო კანონით.[7] ეს რეფორმები, რომელიც მიზნად ისახავდა ოსმალოთა ძველი წესრიგისთვის ძირის გამოთხრას, ყირიმის მოსახლეობამ შეიძულა.[8]
ყირიმის აჯანყებები (1777-1782 წწ.)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმპერატრიცა ეკატერინეს განკარგულებით, შაჰინმა რუსებს ნახევარკუნძულზე დასახლების უფლება მისცა. მოსახლეების ეს ჯგუფი გაიგზავნა იენი-კალეში, რომელიც შაჰინის ხანად დანიშვნის შემდეგ, რუსული კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ერთად შეიკრიბნენ, რათა რუსებისთვის დასახლების საშუალება არ მიეცათ, და აუჯანყდნენ შაჰინს. შაჰინმა თავისი ახალგაწვეული ჯარი გააგზავნა აჯანყების ჩასახშობად, მაგრამ იხილა, თუ როგორ გადადიოდნენ ისინი ამბოხებულების მხარეს. აჯანყება მალევე მოედო მთელს ნახევარკუნძულს და ამბოხებულებმა მიაღწიეს შაჰინის სასახლეს ბახჩისარაიში. აჯანყების ფონზე, კონსტანტინოპოლში გადასახლებულმა ყირიმელებმა დაიწყეს ზეწოლა ოსმალოთა ხელმძღვანელობაზე, რათა მათ ემოქმედათ.[7] ოსმალებმა კი ფლოტი გააგზავნეს ყირიმში იმის საჩვენებლად, რომ თითქოს "ქუჩუკ-კაინარჯის ზავის" შენარჩუნებას ცდილობდნენ. თუმცა, რუსეთმა მყისიერად იმოქმედა. რუსული ძალები იენი-კალეში მივიდნენ 1778 წლის თებერვალში და ჩაახშვეს აჯანყება, სანამ იქ ოსმალების ფლოტი გამოჩნდებოდა. ხოლო როდესაც მარტში იქ ფლოტმა მიაღწია, მათ არცერთი ამბოხებული აღარ დახვდათ. მოხდა მცირე შეტაკება ოსმალებსა და აკიტარის (თანამედროვე სევასტოპოლი) რუს მეზღვაურებს შორის, რის შედეგადაც ფლოტი "იძულებული" იყო დაეტოვებინა ტერიტორია. შაჰინი ხანის თანამდებობაზე აღადგინეს.[7] ოსმალებსა და რუს მეზღვაურებს შორის მცირე შეტაკებები გაგრძელდა 1778 წლის ოქტომბრამდე, და ოსმალოთა ფლოტი დამარცხებული დაბრუნდა კონსტანტინოპოლში.[8]
მომდევნო წლების მანძილზე, შაჰინი ეცადა სახანოს რეფორმირების გაგრძელებას.[9] მისი რეფორმების პროგრამის მიმართ მხარდაჭერა მცირე იყო და ის სერიოზულად შეარყია იმპერატრიცა ეკატერინეს გადაწყვეტილებამ ყირიმის სახანოს საზღვრებს გარეთ, აზოვის ზღვის ჩრდილოეთ ნაპირებზე პონტოელი ბერძნების გადასახლების შესახებ. ეს ქრისტიანი თემი, ყირიმის სავაჭრო კლასის არსებითი ნაწილი იყო და ყველაზე დიდი მონდომებით უჭერდა მხარს შაჰინის რეფორმებს. მათმა გადასახლებამ შესამჩნევი ზიანი მიაყენა ყირიმის ეკონომიკას და კიდევ უფრო შეასუსტა ხანის პოზიცია.[9] ყირიმში მარცხის აღიარებით, ოსმალთა იმპერიამ ხელი მოაწერა "აინალი კავაკის კონვენციას" 1779 წლის დასაწყისში. შეთანხმებაში ოსმალებმა შაჰინი ყირიმის ხანად აღიარეს, პირობა დადეს, რომ აღარ შეიჭრებოდნენ ყირიმში და დათანხმდნენ იმას, რომ ყირიმი უნდა ყოფილიყო რუსული გავლენის ქვეშ მოქცეული. ყირიმელებს აღარ უნდა ჰქონოდათ ოსმალთა მხარდაჭერის მოლოდინი. ამდენად, შაჰინმა განაგრძო რეფორმები და თანდათანობით ჩამოაცილა თათრები პოლიტიკური გავლენისთვის საჭირო პოზიციებს. მცირე დროით, ყირიმში მშვიდობა შენარჩუნდა.[9]
1781 წელს სახანოს მთავრობიდან თათრების გარიყვამ ახალი აჯანყება გამოიწვია. სხვადასხვა კლანის ლიდერები და მათი ძალები ტამანში შეიკრიბნენ.[10] 1782 წლის აპრილში, შაჰინის ჯარის დიდი ნაწილი მიემხრო აჯანყებულებს და შეუერთდა მათ ტამანში. კომუნიკაცია ამბოხებულ ლიდერებსა (მათ შორის, შაჰინის ორ ძმას) და ყირიმის ადმინისტრაციულ ელიტას შორის კვლავ მიმდინარეობდა. რელიგიურმა (ულამა) და იურიდიულმა (ქადი) მოხელეებმა, რომლებიც ოსმალთა ძველი წესრიგის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ, ღიად დააფიქსირეს თავიანთი ანტიპათია შაჰინის მიმართ. ამბოხებულთა რაზმებმა შეუტიეს კაფას 1782 წლის 14 მაისს (ძველი სტილით, 3 მაისს). შაჰინის ძალები უმალვე დამარცხდნენ და შაჰინი იძულებული გახდა გაქცეულიყო რუსების მიერ კონტროლირებად ქერჩში. ამბოხებულთა ლიდერებმა ხანად აირჩიეს შაჰინის ძმა, ბაჰადირ გირეი და აღიარების მოსაპოვებლად ოსმალთა მთავრობას გაუგზავნეს შეტყობინება.[10] თუმცა, დიდი დრო არ იყო გასული, რაც იმპერატრიცა ეკატერინემ შაჰინის ჩასანაცვლებლად გააგზავნა პრინცი გრიგორი პოტიომკინი. რუსებს არავითარი სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ და ბევრმა აჯანყებულმა უკან დაიხია ქერჩის სრუტისკენ. ამდენად, შაჰინმა კიდევ ერთხელ შეინარჩუნა ხანის პოზიცია 1782 წლის ოქტომბერში.[11] თუმცა, ამ დროისთვის, მან დაკარგა ის მოწონება, რაც ჰქონდა, როგორც ყირიმელების, ისე იმპერატრიცა ეკატერინეს თვალში. შაჰინის მრჩევლისადმი წერილში, ეკატერინე წერდა: "მან უნდა შეწყვიტოს თავისი შოკისმომგვრელი და სასტიკი საქციელი და ამით არ მისცეს საბაბი ყირიმელებს ახალი აჯანყებისთვის".[10] როცა რუსი მეომრები შევიდნენ ნახევარკუნძულზე, იმპერიამ იქ დაიწყო შავი ზღვის პორტის მშენებლობა. პორტის ადგილად შეარჩიეს ქალაქი აკიტარი, რომელიც იქნებოდა ახლადშექმნილი შავი ზღვის ფლოტის ნავსაყუდელი.[12] თუმცა, შაჰინ გირეის თანამდებობაზე ყოფნასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ზრდიდა პრინცი პოტიომკინის მიმართ ანექსირებული ყირიმის მხარდაჭერას.[1]
ანექსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1783 წლის მარტში პრინცმა პოტიომკინმა რიტორიკულად წააქეზა იმპერატრიცა ეკატერინე, რათა მას განეხორციელებინა ყირიმის ანექსია. ყირიმიდან დაბრუნებულმა, მას უთხრა, რომ ბევრი ყირიმელი "სიხარულით" შეეგებებოდა რუსულ მმართველობას. ამ ახალი ამბებით წაქეზებულმა იმპერატრიცა ეკატერინემ გამოსცა ყირიმის ანექსიის შესახებ განკარგულება 1783 წლის 19 აპრილს (ძველი სტილით, 8 აპრილს).[1] [12] თათრებს ანექსიისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ამბოხებიდან წლების გასვლის შემდეგ, ყირიმელები განიცდიდნენ რესურსებისა და ნებისყოფის ნაკლებობას ბრძოლის გასაგრძელებლად. ბევრმა დატოვა ნახევარკუნძული და გადავიდა ანატოლიაში.[13] გრაფი ალექსანდრე ბეზბოროდკო, იმპერატრიცას მაშინდელი ახლო მრჩეველი, თავის დღიურში წერდა, რომ რუსეთი იძულებული იყო განეხორციელებინა ყირიმის ანექსია:[14]
"'ბრწყინვალე პორტამ' დასაწყისიდანვე არ გამოამღავნა კეთილსინდისიერება. მათი თავდაპირველი მიზანი იყო ყირიმელებისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევა. მათ გააძევეს კანონიერი ხანი და ჩაანაცვლეს ის ქურდი დევლეტ გირეითი. ისინი თანმიმდევრულად ამბობდნენ უარს ტამანის დატოვებაზე. მათ რამდენჯერმე მოღალატეობრივად სცადეს ყირიმში ლეგიტიმური ხანის, შაჰინ გირეის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. თუმცა, ამან ჩვენ ომის გამოცხადებისკენ მაინც არ გვიბიძგა... 'ბრწყინვალე პორტას' არასდროს შეუწყვიტავს თათრების აჯანყების თითოეული წვეთის დალევა... ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო ყირიმისთვის მშვიდობის მოტანა... და, ჩვენ საბოლოოდ თურქების გამო იძულებული გავხდით, რომ განგვეხორციელებინა ყირიმის ანექსია."
|
ეს შეხედულება რეალობისგან ძალზედ შორს იყო. "დამოუკიდებელი" ყირიმი არსებობდა მარიონეტული რეჟიმის სახით და ოსმალები პატარა როლს თამაშობდნენ ყირიმელთა აჯანყებებში.[10] ყირიმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა "ტავრიდის ოლქის" სახელით. იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით, ოსმალთა იმპერიამ რუსეთთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც ოსმალებმა აღიარეს ყირიმისა და სახანოს მფლობელობაში არსებული სხვა ტერიტორიების დაკარგვა. 1783 წლის 28 დეკემბერს ხელმოწერილ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავდა რუსი დიპლომატი იაკოვ ბულგაკოვი.[15] [16] ამ ფორმალურ შეთანხმებას მოიხსენიებენ, როგორც "კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებას (1784 წ.)".[17]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 M. S. Anderson (December, 1958). "The Great Powers and the Russian Annexation of the Crimea, 1783-4". The Slavonic and East European Review. 37 (88): 17–41. JSTOR 4205010.
- ↑ Snetkov, Aglaya (2014). Russia's Security Policy Under Putin: A Critical Perspective. Routledge. P. 163. ISBN 978-1136759680.
- ↑ Casey, Michel (4 March, 2015). "The Crime of the Century". The New Republic. ციტირების თარიღი: 2 March, 2016.
- ↑ "When Catherine the Great Invaded the Crimea and Put the Rest of the World on Edge". Smithsonian.com. 4 March, 2014. ციტირების თარიღი: 13 March, 2015.
- ↑ Fisher, Alan W. (1970). The Russian Annexation of the Crimea 1772-1783. Cambridge University Press. Pp. 57-59. ISBN 1001341082.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Fisher, Alan W. (1978). The Crimean Tatars: Studies of Nationalities in the USSR. Hoover Press. Pp. 59-62. ISBN 0817966633.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Fisher, Alan W. (1978). The Crimean Tatars: Studies of Nationalities in the USSR. Hoover Press. Pp. 62-66. ISBN 0817966633.
- ↑ 8.0 8.1 Aksan, Virginia H. (1995). An Ottoman Statesman in War and Peace: Ahmed Resmi Efendi, 1700-1783. Brill. Pp. 174-175. ISBN 9004101160.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Fisher, Alan W. (1978). The Crimean Tatars: Studies of Nationalities in the USSR. Hoover Press. Pp. 62-67. ISBN 0817966633.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 Fisher, Alan W. (September, 2014). The Crimean Tatars: Studies of Nationalities in the USSR. Hoover Press. Pp. 67-69. ISBN 978-0-8179-6663-8.
- ↑ Longley, David (30 July, 2014). Longman Companion to Imperial Russia, 1689-1917. Taylor & Francis. ISBN 978-1-317-88219-0.
- ↑ 12.0 12.1 Fisher, Alan W. (1970). The Russian Annexation of the Crimea 1772-1783. Cambridge University Press. Pp. 132-135. ISBN 1001341082.
- ↑ Kırımlı, Hakan (1996). National movements and national identity among the Crimean Tatars:(1905-1916). BRILL. Pp. 2-7. ISBN 90-04-10509-3.
- ↑ Grigorovich, Nikolai Ivanovich (1879). Канцлер князь Александр Андреевич Безбородко в связи с событиями его времени [Chancellor A. A. Bezborodko in Connection with the Events of His Time]. Сборник Императорского русского исторического общества [Collection of the Imperial Russian Historical Society] (in Russian). Vol. 26. St. Petersburg: Imperial Russian Historical Society. Pp. 530-532.
- ↑ Gibb, Sir H. A. R. (1954). The Encyclopaedia of Islam. Brill Archive. P. 288.
- ↑ Montefiore, Sebag (2000). The Prince of Princes: The Life of Potemkin. Macmillan. P. 258. ISBN 0312278152.
- ↑ The First Annexation of Crimea 1784
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fisher, Alan W. "Şahin Girey, the reformer khan, and the Russian annexation of the Crimea." Jahrbücher für Geschichte Osteuropas 15#3 (1967): 341-364 online.