შინაარსზე გადასვლა

ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფი (ინგლ. Least Concern, LC) — დაცვის სტატუსი, რომელსაც ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) ანიჭებს იმ ბიოლოგიურ სახეობებს ან ინფრასახეობრივ ტაქსონებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სხვა რომელიმე კატეგორიას. ამ ჯგუფში შედიან ყველაზე მეტად გავრცელებული და სიცოცხლისუნარიანი სახეობები, როგორებიცაა, მაგალითად: გონიერი ადამიანი, ფუტკარი მეთაფლია, რუხი ვირთაგვა და გარეული მტრედი.

როგორც წესი, ეს სახეობები არ არის შეტანილი წითელ წიგნში, თუმცა მათი ცალკეული ინფრასახეობრივი ტაქსონები შესაძლოა საფრთხის წინაშე იმყოფებოდნენ. მაგალითად, ამერიკის კონტინენტზე ფართოდ გავრცელებულ პუმას (ლათ. Puma concolor) მინიჭებული აქვს „ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფის“ სტატუსი, მაშინ როდესაც მის ძალიან იშვიათ ქვესახეობას, ფლორიდულ პუმას (ლათ. Puma concolor coryi), გააჩნია სტატუსი „გადაშენების პირას მყოფი“.

2006 წლის მონაცემებით, ამ კატეგორიაში შედიოდა 15 636 ტაქსონი. ცხოველთა სახეობების საერთო რაოდენობა ამ კატეგორიაში შეადგენდა 14 033-ს, სიაში ასევე ირიცხებოდა ცხოველთა 102 ქვესახეობა და მცენარეთა სამეფოს 1 500 ტაქსონი (1 410 სახეობა, 55 ქვესახეობა, 35 ნაირსახეობა). 2008 წელს ამ კატეგორიას ოფიციალურად მიეკუთვნა ადამიანიც.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. IUCN Red List - Homo sapiens. The IUCN Red List of Threathened Species. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-24. ციტირების თარიღი: 2011-01-07