ყვარლის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის ციხე — არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ ყვარლის ცენტრალურ ნაწილში, ვაკეზე. აგებულია XVII საუკუნის I ნახევარში. იგი კახეთის გვიანდელი შუა საუკუნეების ციხეებიდან ყველაზე დიდია. მიეკუთვნება ციხე-გალავანთა ტიპს და ამ ტიპის ციხეების მსგავსად დგას ვაკეზე. ჰქონდა განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა და იყენებდნენ მხოლოდ საბრძოლო ვითარებისას.

1755 წელს ავარიის ხანის ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი და ჭარ-ბელაქანი დარაზმა. მიიმხრო შამხალის სამფლობელო, ყაზიყუმუხის ხანი და 20 ათასიანი ლაშქრით კახეთს შეესია. ხანს იმედი ჰქონდა, რომ ციხეს აიღებდა და კახეთიც ხელთ დარჩებოდა. მეფე თეიმურაზმა და ერეკლე II-ემ სასწრაფოდ დაიწყეს ჯარის შეგროვება, რადგან კარგად ესმოდათ - ციხის დაკარგვით არათუ კახეთს დაკარგარგავდნენ, არამედ ქართლსაც, რომ სიმაგრის აღება ,,ქვეყნისათვის კარის ჩამოხსნას უდრიდა". ამასაობაში ნურსალ ბეგი ციხეს შემოადგა ,,შემოსაფრეს ყვარლის ციხე ლეკთა, იყო ომი დღედაღამ, კარგად კაცურად და მამაცურად ებრძოდნენ მოფნი ციხისანი". მაგრამ მეციხოვნეებს თოფისწამალი შემოაკლდათ, საჭირო გახდა ლეკთა ალყის გარღვევა და მეციხოვნეთა გამხნევება. თეიმურაზმა და ერეკლემ 206 მოხალისე შეაგროვეს და მათი გამარჯვების შემთხვევაში, ყმობისგან გათავისუფლება აღუთქვეს. მოხალისეები ყვარლის ციხეში შეიჭრნენ და თოფისწამალი შეიტანეს. მეფეებმა პირობა შეასრულეს.

ყვარლის ციხეში მაშველი რაზმის შეგზავნასთან ერთად, ერეკლემ ცხენოსანთა რაზმი ჭარის დასარბევად გაგზავნა. ამ ხერხმა გაჭრა. ჭარელებმა გადაწყვიტეს ყვარლის ციხეს ჩამოსცლოდნენ და თავიანთი კუთხისთვის მიეხედათ. მათ გაჰყვა კაკის სულთანი და დაღესტნის სურხაი-ხანი, 28 სექტემბერს ნურსალ-ბეგი და შამხალიც გაეცალნენ ყვარლის ციხეს. მტრის ვერაგული გეგმა - ერთბაშად აეოხრებინათ ქართლიც და კახეთიც - ჩაიშალა. ამ გამარჯვების შემდეგ მნიშვნელოვნად შესუსტდა ლეკთა თარეში ქართლ-კახეთში.

ციხე რიყის ქვითაა ნაგები. მისი გეგმა კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია, რომლის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკებია აღმართული. კიდევ სამი კოშკი გალავნის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლების შუაშია. მათგან დასავლეთის და ჩრდილოეთის კოშკები გეგმით ნახევარწრიულია, ხოლო აღმოსავლეთის სწორკუთხაა. ციხეს გარს უვლიდა მეორე გალავანიც და მის ირგვლივ გამავალი არხი. მეორე გალავანზე და არხზე, თავის „კალმასობაში“ ცნობას გვაწვდის იოანე ბატონიშვილი. „იოანე წარვიდა ციხისკე და თან გაჰყვა ალავერდის სახლთუხუცესი. რა ციხესთან მივიდა იოანე, იხილა მეორე სხვა გალავანი შემორტყმული და გალავანს გარე არხი.

ციხის გალავანი სხვადასხვა სისტემისაა. ჩრდილოეთ კედელი ორიარუსიანია, დანარჩენები - სამიარუსიანი. თითოეული იარუსი საბრძოლო ბილიკითაა დასრულებული, რომლითაც საშუალოდ 1 მეტრ სიგანისაა. ჩრდილოეთ კედლის პირველი იარუსი 4-5 მეტრის სიმაღლეზე იყო. ზედა იარუსის კედელი შედარებით თხელია, მის ქვედა ნაწილში ძირს დახრილი, ერთმანეთისგან 2-2,5 მეტრით დაცილებული, მაღალი სათოფურებია. ზედაში კი, პირდაპირ მიმართული პატარა სათოფურები. გალავნის დანარჩენი სამი კედელი თითქმის ერთგვარადაა გადაწყვეტილი და ზემოთკენ, იარუსების შესაბამისად თანდათან თხელდება: მიწიდან, დაახლოებით 1 მეტრ - სიმაღლეზე. სამივე კედელს ცოკოლის მსგავსი შვერილი გასდევს, რომელსაც, როგორც ჩანს, ქვედა იარუსის ხის საბრძოლო ბილიკი ეყრდნობოდა, ქვედა იარუსზე. სათოფურები ორ დონეზეა განლაგებული.

XIX-XX საუკუნეებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ კედლების დაშლამ და ქვის სამშენებლო მასალად გამოყენებამ ციხის კედლებისა და კოშკების ზედა ნაწილს დაუკარგა პირვანდელი სახე. 1985-1987 წლებში ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. აღდგა გალავნის და საბრძოლო ბილიკის დანგრეული ნაწილები, გალავნის კედლებს გაუკეთდა ქონგურები და სალოდეები.

ციხის კუთხის ყველა კოშკი სამსართულიანია და ბანით მთავრდებოდა. გვიანდელი შუა საუკუნეების სხვა კოშკების მსგავსად, აქაც კოშკები შიგნით ისეა გადაწყვეტილი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლად ყოფილიყო გამოყენებული. კოშკებიდან შედარებით უკეთესადაა შემონახული ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკი, რომელსაც სამივე სართულზე, ცალ-ცალკე, ეზოდან აქვს შესასვლელი. ამასთან მესამე სართულის დონეზე კოშკიდან გამოდის კიბე, რომელიც მებრძოლთათვის განკუთვნილ ბილიკს უერთდება. კოშკის სართულშუა გადახურვა, გარდა მესამე სართულისა, ხის იყო. მესამე სართული სფერული გუმბათითაა გადახურული. პირველ და მეორე სართულზე, შესასვლელების პირდაპირ, ბუხრებია. პირველი სართულის ბუხრის გვერდებზე თითო ოთხკუთხა, სათოფურიანი ნიშაა. კედელში, ერთ დონეზე, ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურებია განლაგებული.სათოფურებიანი ნიშები მეორე სართულის ბუხრის გვერდებზეცაა. ამ სართულზე სათოფურები ორ დონეზეა განლაგებული, ქვემოთ, მაღალი, ძირს დაქანებული, ცალმაგი სათოფურებია, ზემოთ - შეწყვილებული სათოფურები.

ჩრდილო-დასავლეთ კოშკი, ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკის მსგავსია. შესასვლელი სამივე სართულზე აქაც ცალ-ცალკეა. პირველი სართულის შესასვლელის ადგილზე კედელი განგრეულია, მეორე და მესამე სართულების შესასვლელები შეისრული თაღით ყოფილა გადახურული. მათგან მეორე სართულის შესასვლელი, გარედან სწორკუთხა შეღრმავებაში იყო ჩასმული.

კოშკის პირველ და მეორე სართულებს აქაც ხის გადახურვა ჰქონდა, მესამეს - გუმბათოვანი. გუმბათი კონუსურია, ნაწყობია აგურით, კედლებში აქაც სათოფურებია გაჭრილი. სართულებს შორის კავშირი განხორციელებულია კედლის სისქეში მოწყობილი კიბით.

სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კოშკები სხვებზე მეტადაა დაზიანებული, მაგრამ შემორჩენილი ნაწილების მიხედვით ირკვევა, რომ მათაც მსგავსი გადაწყვეტა ჰქონდათ, ოღონდ გუმბათოვანი გადახურვის გარეშე.

ციხის შუა კოშკი დასავლეთისას, პირველ და მეორე სართულებზე, ეზოდან, ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს. პირველი სართული სფერული გუმბათითაა გადახურული. კედლებში სათოფურებიანი, ღრმა ნიშებია. ამკოშკს სათადარიგო გასასვლელი აქვს პირველ სართულში, საუდანაც კედლის კიბე უკავშირდება გალავნის ბილიკს. ბილიკიდან მეორე კარით შეიძლება შესვლა მეორე სართულში. ქვედასგან განსხვავებით, მეორე სართულის გეგმა ექვსგვერდაა, თითოეული გვერდი აგუღით ნაწყობი მაღალი თაღებითაა დამუშავებული, რომლებშიც სათოფურებია მოწყობილი.

ანალოგიურია ჩრდილოეთ კოშკი. პირველი სართულის გეგმა ნალისებრია და სფერული გუმბათითაა გადახურული. შესასვლელი ამ სართულზე, როგორც შიგნიდან, ისე გარედანაცაა. დასავლეთ კედელში მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა საკუთარი განათებითა და სათოფურებით. კიბე აქაც ჯერ მეგრძოლთა ბილიკზე ადის და შემდეგ, მხოლოდ იქედან შეიძლება მეორე სართულზე მოხვედრა. ეს სართული რვა გვერდაა. მათგან ხუთსი მოწყობილია თითო ღრმა, ისრულთაღოვანი ნიშა, რომლებიც იატაკიდან იწყება. თითოეულ ნიშაში თითო სათოფურია. სართულის სამხრეთ-დასავლეთ გვერდში გეგმით ნახევარწრიული ბუხარია.

აღმოსავლეთ კედლის შუაში ჩართული კოშკის პირველ სართულში ციხის ჭიშკარია. იგი შეისრული კამარით გადახურული, ერთიანი, დაბალი და განიერი გასასვლელია. გვერდის კედლებში ღრმა და განიერი, გეგმით ნახევარწრიული ნიშებია მოწყობილი. მეორე და მესამე სართულის კედლები ნაწილობრივაა შემორჩენილი. მეორე სართულს კარი ეზოდან აქვს, მასზე, როგორც ჩანს, ხის კიბე იყო მიდგმული. მეორე სართულის კედლებში სათოფურებია გაჭრილი. ორი შეწყვილებული სათოფური მესამე სართულის შემორჩენილ დასავლეთ კედელშიცააა.

ციხეში, შესასვლელების თავზე, აგურის წყობით გამოყვანილი რომბები და ჯვრებია. ციხის მეორე გალავანი, პირველიდან 20-ოდე მეტრით ყოფილა დაშორებული, მასშიც პირველის მსგავსი სათოფურები იყო ოწყობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]