ყვარლის სისონაანთ კოშკი
ყვარლის სისონაანთ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარელში, ვაჟა-ფშველას ქუჩაზე. თარიღდება XVIII საუკუნით.
კოშკი ოხკუთხაა (9,3x9,3 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით. ზოგიერთი არქიტექტურული ელემენტის წყობაში გამოყენებულია აგური. დაზიანებულია თუმცა შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის მცირე ნაწილი. ჩამოშლილია სართულშუა გადახურვები, რომელიც ხის ყოფილა (ჩანს მხოლოდ კოჭის ბუდეები).
შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთ კედლის დასავლეთით. კიდეში კარი გარედან თაღით, ხოლო შიგნიდან თარაზულადაა გადახურული. კართან ახლოს აღმოსავლეთით სათოფურია. აღმოსავლეთ კედლის შუაში მოწყობილია ბუხარი, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა. მათ თავზე — თითო სათოფური. თითო სწორკუთხა ნიშა დანარჩენ კედლებშიცაა. მეორე სართულის ოთხივე კედელში ფართო სარკმლებია გაჭრილი.
გარედან კოშკის აღმოსავლეთ კედლის ხაზზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან, შემორჩენილია კოშკზე მიდგმული კედლის ნაწილი (სისქე 1,6 მეტრი).
სისონაანთ კოშკს 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 344.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.heritagesites.ge/en/news_item/181 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო