ყვარლის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყვარლის რაიონი)
მუნიციპალიტეტი
ყვარლის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი ყვარელი
კოორდინატები 41°57′05″ ჩ. გ. 45°48′06″ ა. გ. / 41.95139° ჩ. გ. 45.80167° ა. გ. / 41.95139; 45.80167
ფართობი 1000.8 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 29 827[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 29,80 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 93,84 %
ხუნძები 3,26 %
ოსები 1,21 %
უდიები 0,55 %
სომხები 0,47 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 94,99 %
მუსლიმები 3,49 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ყვარლის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ყვარლის მუნიციპალიტეტი
ყვარლის მუნიციპალიტეტი — კახეთის მხარე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
ყვარლის შესასვლელი

ყვარლის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა, 1921 წლის ადმინისტრაციული დაყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისევ თელავის მაზრას მიაკუთვნეს. 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ქალაქი ყვარელი, რომელიც მდინარეების ბურსისა და დურუჯის შუამდინარეთში მდებარეობს, ქალაქია 1964 წლიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული წყაროებითა და არქეოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობდა უძველესი დასახლებები. აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია დღევანდელი შილდისა და ენისლის მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც გვიან ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის, ხოლო ძველი გავაზის (ამჟამად ახალსოფელი), ბალღოჯიანისა და გრემის ტერიტორიაზე მოპოვებულია ანტიკური ხანის საოჯახო და საომარი ნივთები. გრემ-ნეკრესის მიდამოებში მდებარეობდა უძველესი საკულტო ნაგებობები. ამ მხარის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს ნეკრესი, რომელიც დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ.წ.აღ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათაგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნემდე). ნეკრესს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.[4]

XV-XVI საუკუნეებში თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია კახეთის სამეფომ, რომლის სატახტო ქალაქი ამ პერიოდში იყო გრემი. გრემის უნიკალური ციხე-სიმაგრე მთავარანგელოზის ეკლესიით, ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნანგრევები, არქეოლოგიური მასალა და ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ ეს იყო ფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი. აქ XV საუკუნიდან ამრავლებდნენ ხელნაწერებს. გრემზე გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები, მათ შორის იყო „აბრეშუმის გზა“, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა.[4]

მიუხედავად იმისა, რომ გრემი კახეთის დედაქალაქი იყო, მის ისტორიაზე, ცხოვრებასა და გარეგან სახეზე საკმაოდ მწირი ცნობებია შემონახული. თუმცა, შემორჩენილი ნაგებობები და არქეოლოგიური მასალა ადასტურებს ქალაქის სიძლიერესა და მნიშვნელობას. 1614-1616 წლებში ირანის შაჰის აბას I ლაშქრობების დროს გრემი სასტიკად ააოხრეს და ნანგრევებად აქციეს. მას შემდეგ გრემმა, როგორც კახეთის სატახტო ქალაქმა, ცოტა ხანს კიდევ იარსება, მაგრამ ძველი დიდება ვეღარ აღიდგინა. 1667 წელს სატახტო ქალაქისათვის უსაფრთხო ადგილი მოინახა და მეფე არჩილმა კახეთის დედაქალაქად თელავი აირჩია, რომელიც შედარებით დაცული იყო დაღესტნელ ფეოდალთა გამუდმებული თავდასხმებისგან.[4]

არეში, ანუ არიში - ასე უწოდებდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელს, რომლის ტერიტორიაზეც დღევანდელი სოფელი მთისძირი მდებარეობს. იგი სტრატეგიული პუნქტი ყოფილა ძველ ჰერეთში, სავაჭრო გზაზე, რომლითაც ადრეულ ფეოდალურ ხანაში ქართლი და კახეთი ალბანეთის შიდა რაიონებს უკავშირდებოდა. არეშზე გადიოდა და დღესაც გადის ცხვრის გზა, რომლითაც ცხვარი დაღესტნის მთებში აჰყავდათ. „მატიანე ქართლისაის“ ცნობით X საუკუნის დასაწყისში კონსტანტი აფხაზთა მეფისა და კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსის შეერთებულმა ჯარმა ჰერეთის ლაშქარი დაამარცხა და დადებული ზავის თანახმად ადარნასე ჰერთა პატრიკმა კვირიკეს დაუთმო ორჭობი, ხოლო კონსტანტის - გავაზნი და არეში“.[4]

ყვარლის დაარსებასა და წარმოშობაზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მეფეს დურუჯის ჭალებში ნადირობისას მოსწონებია მისი შემოგარენი, განსაკუთრებით კი ის ადგილი, სადაც ახლა ყვარელია გაშენებული და უბრძანებია: „ეს საყვარელი ადგილია და სოფელი უნდა გაშენდესო“.[4]

ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ყვარლის ახლანდელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში (IV საუკუნეში) ჩამოსახლდნენ მთის ფშავლები სოფელ ყვარადან; ყვარადან ჩამოსახლებულებს ყვარლელები შეარქვეს და ეს სახელი დასახლებასაც შერჩა. შემდგომში ამ სახელწოდებამ ცვლილება განიცადა და საბოლოოდ ჩამოაყალიბდა ტოპონიმი ყვარელი.[4]

ადმინისტრაციული მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარლის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 21 სოფელია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარლის მუნიციპალიტეტი ისაზღვრება 3 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტითა (თელავის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკით. მუნიციპალიტეტის ფართობია 1000,8 კმ². სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 80 266 ჰა (36 %) უკავია, ტყით დაფარული საერთო ფართობი შეადგენს 58 600 ჰა-ს (27 %).[5]

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. დაბალმთიანეთში, ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრზე განვითარებულია ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 8-9 °C-ს შეადგენს. ზღვის დონიდან 1700-1800 მეტრზე იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ცივი ზაფხული, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა კი 5-6 °C-ია. 1800 მეტრის ზემოთ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 3-4 °C-მდე ეცემა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 795 მმ-დან 938 მმ-მდე მერყეობს ზონალობის მიხედვით. ნალექების მაქსიმუმი მაისში მოდის, ხოლო მინიმუმი იანვარში.[5]

ყვარლის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელია მდინარეთა ხშირი ქსელი, რომლებიც წარმოდგენილია მდინარე ალაზნითა და მისი შენაკადებით (შოროხევი, ბურსა, დურუჯი, სხვა).[5] მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის მდგომარეობით 29 827 კაცია. მუნიციპალიტეტში სულ 22 დასახლებული პუნქტია.[5]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილიას ტბის, დურუჯის ხეობისა და ქალაქ ყვარლის ხედი კუდიგორის მთიდან

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დანაწილება ორ ძირითად ნაწილად შეიძლება – ვაკისა და მაღალმთიან ნაწილებად. მუნიციპალიტეტში მაღალი ადგილები გვხვდება ჩრდილოეთში კახეთის კავკასიონისა და მისი სამხრეთი განშტოებების სახით. რაც შეეხება ალაზნის ვაკეს იგი ყვარლის მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილშია წარმოდგენილი.

კახეთის კავკასიონი მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში ვრცელდება მწვერვალ საჯიხვის თავიდან მწვერვალ ჯვარისთავამდე. კახეთის კავკასიონი აგებულია ძირითადად იურული ნაფენებით, გვხვდება ასევე პალეოზოური ქანები და ცარცული ნალექები.

კახეთის კავკასიონზე აღმართულია მწვერვალებიხუბიარა (3104 მ), ჩელთისთავისწვერი (3053 მ), ასაკიდისთავისწვერი (3047 მ) და ნინიკასციხე (3117 მ).

უღელტეხილებიდან გამოსაყოფია ყადორი (ზღვის დონიდან 2363 მ) რომელიც აკავშირებს კახეთს დაღესტანთან. აღსანიშნავია ასევე მუშაქისა და დურუჯის უღელტეხილები.

კახეთის კავკასიონის განშტოებებიდან მუნიციპალიტეტის ფარგლებში ვრცელდება გირგალი-საჯიხვის, ბურიანის, ენძელის, ლანჯაურის, სათიბისგორის, საყარაულოს, ფოხალის, წითელგორისა და ჩადუნის ქედები. ამ ქედებისათვის დამახასიათებელია ვიწრო თხემები და ციცაბო კალთები.

ყვარლის დასავლეთით, მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს კუდიგორას დაბალი სერი, რომელიც წარმოადგენს მდინარეების დურუჯისა და ჩელთის წყალგამყოფს, ფოხალის ქედის უკიდურეს სამხრეთ დაბოლოებას. კუდიგორას სერის სიმაღლე ცვალებადობს 500 მ-დან 800 მ-მდე. მასზეა აღმართული მთა კუდიგორა. იგი აგებულია ზედაიურული და ვალანჟინური ქვიშაქვებითა და კირქვებით.

მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულებია მდინარეების დურუჯის, ჩელთის, ინწობისა და ბურსას ხეობები.

1) დურუჯის ხეობა. შემოზღუდულია ნინიკასციხე-ზურგისძვლის მთავარი ქედის მონაკვეთით, წითელგორისთავისა და ფოხალის ქედებით. გაედინება მდინარე დურუჯი, რომლის სიგრძეა 14,6 კმ (პირდაპირი ხაზით), ფაქტობრივად 19,8 კმ. დურუჯის მთავარი მდგენელი სათავეები ერთდებიან 735 მეტრ აბსოლუტურ სიმაღლეზე.

2) ჩელთის ხეობა. შემოსაზღვრულია ხუბიარა-ნინიკასციხის მთავარი ქედის მონაკვეთით, ბურიანისსერისა და ფოხალის ქედებით. გაედინება მდინარე ჩელთი რომლის სიგრძე (ნინიკასციხის მთიდან სოფელ შილდამდე) პირდაპირი ხაზით 17,5 კმ-ია, ფაქტობრივად 18,9 კმ.

3) ინწობის ხეობა. შემოზღუდულია ყადორისმთა-ხუბიარის მთავარი ქედის მონაკვეთით, საჯიხვისა და ბურიანისსერის ქედებით. მდინარე ინწობას სიგრძე (ყადორის უღელტეხილიდან სოფელ საბუემდე) პირდაპირი ხაზით 20 კმ, ფაქტობრივად 24,4 კმ. ინწობის მთავარი შენაკადია მდინარე ბოლია, რომელიც ჩაედინება მდინარის მარჯვენა მხარეს.

4) ბურსას ხეობა. ხეობა იწყება მთავარი ქედის ფერდობიდან, დიდგორის მთასთან და შემოზღუდულია ლანჯაურისა და წითელგორისთავის ქედებით. მდინარე ბურსას სიგრძე (დიდგორის მთის ძირიდან ბურსას ქვაბულამდე) პირდაპირი ხაზით 10,1 კმ, ფაქტობრივად 12, კმ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი გაშლილია ალაზნის მთათაშუა აკუმულაციურ ვაკეზე, რომლის სიმაღლე მუნიციპალიტეტის ფარგლებში უდრის 240-400 მეტრს. ვაკის სიმაღლე სანავარდოსთან – 310 მ, გავაზთან – 255 მ. ალაზნის ვაკე ხასიათდება ბრტყელი ზედაპირითა და გამოზიდვის კონუსებით. იგი აგებულია ახალგაზრდა ალუვიური ნალექებით – რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით.

ყვარლის მუნიციპალიტეტი ლამაზი, საინტერესო და ძალზედ მიმზიდველი ბუნებით ხასიათდება. და მართლაც აქაური მთები, მდინარეები, ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლები მნიშვნელოვანი სილამაზით გამოირჩევიან.

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ალაზანი ყვარლის მუნიციპალიტეტში

ყვარლის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელია მდინარეთა ხშირი ქსელი, რაც დამოკიდებულია რელიეფურ და კლიმატურ პირობებთან. მთავარი სამდინარო არტერიაა მდინარე ალაზანი, რომელიც გაედინება სამხრეთ ნაწილში თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების საზღვარზე დაახლოებით 35 კმ-ზე (პირდაპირი ხაზით). მთისწინა სერებიან-ბორცვიანი ზონა დანაწევრებულია ალაზნის მარცხენა შენაკადებით (ინწობა, დურუჯი, ჩელთი და სხვ.), რომლებიც საკმაოდ შორს იჭრებიან ვაკის ტერიტორიაზე.

განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევს დურუჯი, რომელიც იქმნება შავი და თეთრი დურუჯის შეერთების შედეგად. დურუჯის კალაპოტი ნაყარშია ჩაჭრილი. ზემო დინებაში მისი აუზი მარაოსებრია, ქვემო დინებაში შედარებით ფართო. დურუჯის კალაპოტი კლდიანი და ჭორომიანია. ქალაქ ყვარლის მიდამოებში ხეობის ფსკერი მთლიანად უკავია გამოზიდვის კონუსს, რომელზედაც მდინარე იტოტება. ყვარლის ქვემოთ დურუჯი რამდენიმე ღელის სახით მიემართება ალაზნისაკენ და ჩაედინება მის მარცხენა მხარეს. მდინარე იკვებება წვიმისა და თოვლის წყლებით. საშუალო წლიური ხარჯია 1,06 მ³/წმ. დურუჯი ვეებერთელა გამოზიდვის კონუსს ქმნის, კონუსის სიგრძე ყვარელთან 10 კმ-ია, სიგანე 6,5 კმ. იგი მძლავრი ღვარცოფული მდინარეა, რომელმაც არაერთხელ მიაყენა ზიანი ქალაქ ყვარელს. დურუჯზე მრავალჯერ ტარდებოდა ღონისძიებები ღვარცოფის შესაჩერებლად, მაგრამ ძირითადად უშედეგოდ. დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი, რომლის დროს ხარჯმა შეიძლება მიაღწიოს 200 მ³/წმ-ს.

ალაზანი

კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთიდან ჩამოედინებიან მდინარეები - ბურსა (სიგრძე 27 კმ), ჩელთი (სიგრძე 28 კმ), ინწობა (სიგრძე 22 კმ), ლოპოტა (სიგრძე 33 კმ), არეში (სიგრძე 36 კმ), ავანისხევი (სიგრძე 28 კმ) და სხვ. მუნიციპალიტეტში გაედინება ასევე აღნიშნული მდინარეების მცირე შენაკადები როგორებიცაა - მდინარეები ფატმასური მარჯვენა შენაკად ყორიანით (მდ. ბურსას აუზი), ნაკოლაურისწყალი (ლოპოტის მარჯვენა შენაკადი), ბოლია (ინწობის მარჯვენა შენაკადი), ბასკინტელა (ჩელთის მარჯვენა შენაკადი), შოროხევი, ქვაცერისწყალი (ბოლო ორი მდინარე წარმოადგენს ავანისხევის მარცხენა შენაკადს), უჭარა (ალაზნის აუზი) და სხვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინებიან უფრო პატარა მდინარეებიც (ღელეებიც), რომლებიც თვით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იბადებიან. ისინი გამოზიდვის კონუსებიდან გამოედინებიან. ასეთი პატარა ღელეები განსაკუთრებით უხვადაა მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში. გარდა მდინარე დურუჯისა დიდ გამოზიდვის კონუსს ქმნის მდინარე შოროხევი და მდინარე ახალსოფლისხევი ახალსოფლის მიდამოებში. ქალაქი ყვარელი ასევე სოფლები ენისელი, შილდა და სხვები გაშლილნი არიან გამოზიდვის კონუსებზე. მუნიციპალიტეტის მდინარეები შერეული საზრდოობის ტიპს მიეკუთვნებიან. პატარა მდინარეების კვებაში ძირითადად მიწისქვეშა წყლები მონაწილეობენ.

მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეს ზღვის დონიდან 430 მეტრ სიმაღლეზე შექმნილია ყვარლის წყალსაცავი, რომელიც კეთილმოწყობილია. სიგრძე დაახლოებით 1 კმ. წყალსაცავი გამოყენებულია სარწყავად, დასასვენებლად.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს.

დაბალ მთიანეთში ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრზე განვითარებულია ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 8-9 °C. საშუალმთიანეთში ზღვის დონიდან 1700-1800 მეტრზე იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ცივი ზაფხული, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 5-6 °C. 1800 მეტრის ზემოთ კი ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 3-4 °C.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სამხრეთში (ალაზნის ვაკე) საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,5 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 38 °C. მინიმუმი - 23 °C. ნალექების საშუალო წლიური ჯამი 795 მმ-დან 938 მმ-მდე მერყეობს. ნალექების მაქსიმუმი (19 % წლიური ჯამიდან) მაისშია, ხოლო მინიმუმი იანვარში (წლიური ჯამი 2 %).

მთებში წლიურად მოდის 1100-2000 მმ ნალექი.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარლის მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ალუვიური მდელო ტყის უკარბონატო თიხნარი ნიადაგები, მაგრამ რელიეფისა და საერთოდ მიკროგეოგრაფიული პირობების გამო მცირე ნაკვეთების სახით აქა-იქ სხვა ტიპის ნიადაგებიც გვხვდება. მთის ძირებთან გამოზიდვის კონუსებზე ახალსოფლის, ქალაქ ყვარლის, ენისელისა და სხვა მიდამოებში გავრცელებულია მცირე სისქის ძლიერ ხირხატიანი ალუვიური და პროლუვიური ნიადაგები. მდინარეების ჩელთისა და ინწობის ხეობებში არის ალუვიური მდელოს უკარბონატო თიხნარი ნიადაგები. მდინარე დურუჯის აუზში კი გამოხატულია ნიადაგის რამდენიმე ტიპი მ.შ. ტყის ყავისფერი ნიადაგები, ყომრალი ყავისფერი, ნაკლებად განვითარებული წარეცხილი ნიადაგები, მთა ტყის მდელოს ნიადაგები, განუვითარებელი წაბლისფერი ნიადაგები და პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები.

ალაზნის ვაკის მარცხენანაპირეთში გაბატონებულია უკარბონატო ალუვიური ნიადაგები, მაგრამ ზოგან, სადაც კი ზედაპირზე გამოდის იურული კირქვები, მათი გამოფიტვის ქერქზე განვითარებულია ალუვიური მდელოს თიხნარი კარბონატული ნიადაგები. გავაზის სამხრეთით ვრცელდება ნოტიო-მდელოს მძიმე თიხნარი ნიადაგები.

ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარლის მუნიციპალიტეტში გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. აკუმულაციური ვაკე მდელო ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით;
  2. გამოზიდვის კონუსებიანი ვაკე ტყე ბუჩქნარით და ალუვიური ნიადაგებით;
  3. ზომიერად ნოტიო ჰავა მუხნარ-რცხილნარით და ჯაგ-რცხილნარით, ტყის ყომრალ ნიადაგებზე;
  4. ზომიერად ნოტიო ჰავა ფართოფოთლოვანი ტყით (წიფელის სიჭარბით) ტყის ყომრალ ნიადაგებზე;
  5. სუბალპური ტყე-მდელო მთის მდელოს ნიადაგებზე;
  6. ალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებზე.

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარლის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია კახეთის ლეშამბიანი ტყის ტიპი. ტყეები შედარებით კარგადაა შემონახული მდინარე შოროხევის შესართავის ახლოს, წიწკანაანთსერისა და გავაზის აღმოსავლეთით, ალაზნისპირას, მდინარე დურუჯის შესართავთან და სხვ. ამ ტყის შემქმნელია დაბლობის მუხა, ვერხვი, ზოგან იფანი, მურყანი, რცხილა და სხვ. ფართოდ გვხვდება ლეშამბო, კატაბარდა, ღვედკეცი, ეკალღიჭი და სხვ.

ყვარლის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1400 მ-მდე არის წიფლნარი, რომელსაც ურევია მუხა და რცხილა. არის ასევე გერანი, კუნელი, შინდი, გარეული ტყემალი და სხვ.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარლის მუნიციპალიტეტში ფაუნა საკმაოდ გავრცელებულია. ჩრდილოეთში კახეთის კავკასიონის ტყეებში გვხვდება მურა დათვი, არჩვი, შველი. საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება გარეული ღორი, თითქმის ყველგანაა კურდღელი, მგელი, ტურა, მელა, დედოფალა, ძილგუდა და სხვ. არის ფრინველთა რამდენიმე სახეობა. აღსანიშნავია მწყერი, შურთხი და სხვ. ქვეწარმავლებიდან გვხვდება კუ, ხვლიკი და გველი.

მდინარეებში მოიპოვევბა მრავალი სახეობის თევზი, რომელთაგან აღსანიშნავია ხრამული, კარჩხალა, გოჭალა, მურწა, ლოქო, წვერა, ჭერეხი და ა.შ.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლების უმეტესი ნაწილი გაშლილია ალაზნის ვაკეზე, შედარებით მცირე მონაკვეთი კი მოქცეულია გორაკ-ბორცვიან ზონაში. ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის აღწერით შეადგენდა 29 827 კაცს. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200-600 მეტრის ფარგლებში.

მოსახლეობის 74 % ცხოვრობს სოფელში, დანარჩენი მოსახლეობა მოქცეულია ქალაქში. უდიდესი ნაწილი ქართველები არიან. მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ხუნძები, ოსები და სხვ. მოსახლეობის სიმჭიდროვე უდრის 29,80 კაცს (1 კვ.კმ-ზე).

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 42 237
2002 38 014
2014 29 827
2021[6] 30 500

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარლის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროებია სამუშაო ჯგუფის მიერ დასახელდა მევენახეობა-მეღვინეობა, ერთწლიანი კულტურები, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები და მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში გავრცელებული ბუნებრივი საფრთხეებია ძლიერი წვიმა, წყალდიდობა, სეტყვა, მდინარის ნაპირების წარეცხვა და ღვარცოფი. 2012 წლის მუნიციპალურმა ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 9 447 000 ლარი შეადგინა.[5]

ყვარლის მუნიციპალიტეტში კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, ძირითადად მევენახეობა. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგი იძლევა მთელი სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან მიღებული შემოსავლის 80 %. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 35 945 ჰა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე განვითარებულია მეცხოველეობა, მეფრინველეობა და სხვ. ინტენსიურად ვითარდება მეღვინეობა, აქ თავმოყრილია მრავალი ღვინის ქარხანა. აქვეა საქვეყნოდ ცნობილი ყურძნის მიკროზონა „ქინძმარაული“.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს ტურისტულ-დასასვენებლი კომპლექსები „ყვარლის ტბა“ და „ილიას ტბა“.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 21 საჯარო, 1 კერძო სკოლა და 21 საბავშვო ბაგა-ბაღი, 1 ბაგა და 3 ალტერნატიული ბაღია. 2022 წლის მდგომარეობით, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაა 3350, ხოლო ბაგა-ბაღებში ირიცხება 1100 აღსაზრდელი. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 7 ბიბლიოთეკა (6 სოფლის, 1 ქალაქის), 1 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი და 7 სამუსიკო სკოლა.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარელში მოქმედებს ქართული თეატრის ფუძემდებლისა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრი, რომელიც ძირითადად დაკომლექტებულია მოყვარული მსახიობებით.[7][8][9]

ანსამბლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარლის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სალოტბარო სკოლის ბაზაზე შექმნილი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ხეურო“, სოფ. შილდის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ნელქარისი“[10], სოფ. ახალსოფლის ფოლკლორული ანსამბლი „კახელო“[11] და ასევე ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები: ანსამბლი „როკვა“[12], ანსამბლი „ახალსოფელი“[13], ანსამბლი „კავკასიონი“[14].

ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარლის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები
დასახელება თარიღი აღწერა
„ილიაობა“ 8 ნოემბერი სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ ყვარელში 1939 წლიდან აღინიშნება.[15]

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლისთვის სასპორტო სკოლაში[16][17] ფუნქციონირებს სპორტის 9 განყოფილება: ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის, თავისუფალი ჭიდაობის, ძიუდოს, ქართული ჭიდაობის, კრივის, კარატეს და ჭადრაკის ჯგუფები. სპორტის 9 განყოფილებაში ჩაბმულია 600-მდე მოსწავლე სპორტსმენი. ყვარლის სასპორტო სკოლაში აღზრდილია მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი.[18]

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგვარეულო კოშკი
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგვარეულო კოშკი

მუნიციპალიტეტში უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს სოფელი გრემი, რომელიც ზღვის დონიდან 480 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ გრემის ტერიტორიაზე მოსახლეობა გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში უნდა გაჩენილიყო. გრემი ფეოდალური ხანის კახეთის ერთ-ერთი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. 1466 წელს გრემი კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. გრემის ტერიტორიაზე შემორჩენილია ისეთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, როგორიცაა გრემის მთავარანგელოზის ეკლესია. იგი აგებულია 1565 წელს კახთა მეფე ლევანის მიერ.

სხვა ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია სოფელ შილდაში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრის ნანგრევები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ცნობილი იყო, როგორც ბარცხანას „ყველაწმინდა“. არის ასევე ძველი გავაზის ღვთისშობლის ეკლესია (VI ს.). ენისელშია აღდგომის ტაძარი (1574-1605), მიდამოებში კი მდებარეობს ნასოფლარი შიხიანი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ისტორიული ქალაქი ნეკრესი (დააარსა მეფე ფარნაჯომმა ძვ.წ. II-I სს).

სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლებია:

  • გუმბათოვანი ეკლესია „კვარაცხოველი“ სოფ. ჭიკაანში (XV-XVII სს.)
  • ძვ. წ. III ათასწლეულის დროინდელი მზის ტაძრის ნანგრევები და ამავე პერიოდის ნაქალაქარი სახელწოდებით „ნელქარისი“ და სხვა.

დამატებით, ყვარლის ღირსშესანიშნავი ადგილებია:

გამოჩენილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანები
ფოტო სახელი და გვარი წლები აღწერა
ილია ჭავჭავაძე 1837-1907 ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი.
კოტე მარჯანიშვილი 1872-1933 ქართველი რეჟისორი, სახალხო არტისტი.
მაკო საფაროვა-აბაშიძე 1860-1940 ქართველი მსახიობი
ვახტანგ ტაბლიაშვილი 1914-2002 ქართველი რეჟისორი

დაძმობილებული ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკლება დ., უკლება მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 637-638.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974;
  • Геоморфология грузии, ТБ., 1971.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. georgia-religion2014
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 ყვარლის მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება დაარქივებული 2022-09-15 საიტზე Wayback Machine. - ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-26. ციტირების თარიღი: 2014-09-30.
  6. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  7. ყვარლის სახალხო თეატრი იხსნება
  8. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრი ყვარელში
  9. ყვარელში 25 წლიანი პაუზის შემდეგ სახალხო თეატრი გაიხსნა
  10. ამსახველი ვიდეო
  11. ამსახველი ვიდეო
  12. ოფიციალური Facebook გვერდი
  13. ამსახველი ვიდეო
  14. ოფიციალური Facebook გვერდი
  15. ყვარელში ილიაობა აღინიშნება
  16. ყვარლის მერია: სპორტული სკოლის საჭიდაო დარბაზი გარემონტდა
  17. მდებარეობა რუკაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-15. ციტირების თარიღი: 2022-09-15.
  18. ზურაბ იაკობიშვილი
  19. გრემის მუზეუმი