ყვარლის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. დარბაზულია. ნაგებია ქვით, კირის დუღაბითა და აგურით. დაზიანებულია: ჩამოშლილია კრამიტის სახურავი. ფასადების მნიშვნელოვან ნაწილზე ჩამოცვენილია ნალესი. ეკლესიის სამი სწორკუთხა შესასვლელი აქვს დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ფართო, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილია სხვადასხვა ზომის, ორ-ორი სწორკუთხა ნიშა. აფსიდის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითააა შეღრმავებული, რამდენიმე წირწამოწეულია და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს. აფსიდის სარკმლის გარდა, თითო ფართო, სწორკუთხა სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ შესასვლელის თავზე. დარბაზი გადახურულია შეისრული ფორმის კამარით,რომელიც ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს. მათგან ერთი დარბაზის შუაშია და მეორე დასავლეთ კედელთან. ეკლესიის ფასადები დასრულებულია აგურის სამსაფეხუროვანი ლავგარდნით. დასავლეთის კედელზე დადგმული ყოფილა აგურისავე სამრეკლო, რომლის საფუძველიცაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]