ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია — ეკლესია ყვარელში, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე. აგებულია 1893 წელს, რუსეთის არმიის კავალერიის გენერლის ნიკოლოზ (ნიკო) ჭავჭავაძის სახსრებით.

ეკლესია სწორკუთხედში ჩახაზული ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა, ნაშენია აგურით. ეკლესიის შიდა სივრცეში ჯვრის სახეს ქმნის ოთხი კამაროვანი მკლავი, რომლებიც გუმბათის ოთხივე მხარესაა გაჭიმული. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავები მოკლეა. დასავლეთის, გვერდით მკლავებზე თითქმის სამჯერ უფრო გრძელია და ორ-ორი განიერი თაღით უკავშირდება სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის კუთხის ნაწილებს.

შესასვლელი სამია — სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ მონაკვეთებში და დასავლეთ კედლის ღერძზე. სამივე შიგნითკენ ვიწროვდება.

ნაგებობის კომპოზიციური ცენტრი კვადრატულ საფუძველზე აგებული თორმეტსარკმლიანი გუმბათია, რომელიც საკურთხევლის მასიურ შვერილებზე და დასავლეთით, ორ თავისუფლად მდგომ, მრგვალ ბურჯზე დაყრდნობილ, შეისრულ თაღებზეა აღმართული. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხდება. საკურთხევლის ორივე შვერილზე მოწყობილია ფრონტონით დასრულებული თითო მაღალი ნიშა.

ეკლესიის საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდში გაჭრილია განიერი, მაღალი, თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო, გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშაა.

საკურთხევლის გვერდებზე ორ სართულად, სადგომებია განლაგებული. ქვვდა სართულის გეგმით სწორკუთხა, კამაროვანი სადგომები — სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომელიც ეკლესიის ძირითად სივრცეს დასავლეთ კედელში მოწყობილი თაღოვანი კარით უკავშირდება. თითო თაღოვანი გასასვლელით კი — საკურთხეველს.

ეკლესიის შიდა სივრცის შესატყვისია მისი გარე ფორმები. ფასადებზე ჯვრის მკლავები სიმაღლითა და დამრეცი ფრონტონითაა გამოყოფილი, რომლებსაც ორივე მხარეს, ოდნავ დაბალი და ცალფერდა სახურავით გადახურული გვერდითი სადგომები ეკვრის.

აღმოსავლეთ ფასადზე სამივე საკმელს ლეკალური აგურით ნაწყობი ლილვი ევლება, რომელიც ცოკოლის დონიდან იწყება. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი, სამკუთხა ნიშაა, ზემოთ კი, მაღალი, რელიეფური ჯვარი.

სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ჯვრის მკლავების შესაბამისი სიბრტყეები გამოყოფილია ლეკალური აგურით ნაწყობი ორი მაღალი, რელიეფური თაღით. მკლავის ღერძზე გაჭრილ სარკმელს ორი ლილვით შედგენილი თაღოვანი ჩარჩო ევლება, რომლის ზემოთ რელიეფური ჯვარია. ფასადების აღმოსავლეთში, ერთმანეთის გვვრდიგვერდ, სამ-სამი ცრუ სარკმელია. ხოლო დასავლეთ ნაწილის — სხვადასხვა სიმაღლის, ორ-ორი, თაღოვანი სარკმელი. თითო ცრუ სარკმელია ფასადების დასავლეთ კიდეებთან. ყველა სარკმელი თაღოვანი ლილვებითაა მოჩარჩოებული.

დასავლეთის ფასადი თავისი მოხაზულობით აღმოსავლეთისას იმეორებს. ფასადის ღერძზე, ლილვით შემოფარგლულ თაღოვან არეში ჩასმული, განიერი, თაღოვანი შესასვლელია. კარის ზემოთ თაღოვანივე სარკმელია, ხოლო გვერდებზე, ორ-ორი ცრუ სარკმელი, რომელთა შორის თითო პატარა, პატრონიკეზე ასასვლელი კიბის უჯრედების გასანათებელი, შეისრულთაღოვანი სარკმელია. ფრონტონის არეზე გამოსახულია მაღალი რელიეფური ჯვარი.

შენობის კედლების დასრულებულია ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, ბატიყელა და ლილვი შეადგენს.

თორმეტწახნაგა გუმბათის ყოველ წიბოს, მთელ სიმაღლეზე, ლეკალური აგურით გამოყვანილი ლილვი აუყვება. თითოეულ წახნაგში სამმაგი ლილვით მოჩარჩოებული ვიწრო, მაღალი, თაღოვანი სარკმელია. გუმბათის ყელი ლეკალური აგურით ნაწყობი ლავგარდნითაა დასრულებული. გუმბათი თუნუქის თორმეტწახნაგა სახურავითაა გადახურული.

ეკლესია ჭავჭავაძეთა საგვარეულოდ ითვლება. მასში დაკრძალულნი არიან გენერალი ნიკოლოზ (ნიკო) ჭავჭავაძე. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძე და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ზურაბ ჭავჭავაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]