ყვარლის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყვარლის ბრძოლა

ყვარლის ციხე
თარიღი 28 სექტემბერი, 1755
მდებარეობა ყვარელი
შედეგი ქართლ-კახეთის გამარჯვება
მხარეები
 კახეთის სამეფო
 ქართლის სამეფო
ავარიის სახანო
ჭარ-ბელაქანი
ღაზიყუმუხის სახანო
მეთაურები
ერეკლე II
თეიმურაზ II
ნურსალ-ბეგი
სურხაი-ხანი
ძალები
206 20 000-30 000
დანაკარგები
უცნობი უცნობი

ყვარლის ბრძოლა (1755) — საქართველოს ლაშქრის ბრძოლა ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ. ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი და ჭარ-ბელაქანი დარაზმა. მიიმხრო შამხალის სამფლობელო, ყაზიყუმუხის ხანი და 20 ათასიანი ( ზოგი მონაცემით 30 ათასი) ლაშქრით კახეთს შეესია. იგი ყვარლის ციხე-გალავანს შემოადგა, სადაც ალაზნის გაღმამხრის მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო შეხიზნული.მამა–შვილმა, ქართლის მეფე თეიმურაზ მეორემ და კახეთის მეფე ერეკლე მეორემ ჯარის სიმცირის გამო მტერთან შებმა შეუძლებლად მიიჩნიეს. ერეკლე II-მ ციხეში მაშველი რაზმის შეგზავნა გადაწყვიტა. 206 მეომარი ღამით ქიზიყიდან გავიდა, მდ. ალაზანი გადალახა, მიეპარა ლეკთა ყარაულებს და ხმლით გაიკაფა გზა ციხისაკენ. რაზმმა ციხეში დიდძალი თოფის წამალი შეიტანა. მეციხოვნეებმა მოახერხეს დაეწვათ ლეკთა საფრები ციხის გარშემო. ამავე დროს ერეკლე II-მ ჯარი გაგზავნა ჭარის დასარბევად. ჭარელები ციხეს მოსცილდნენ და ცოლ-შვილის მისაშველებლად თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ. მათ გაჰყვა კაკის სულთანი და დაღესტნის სურხაი-ხანი, 28 სექტემბერს ნურსალ-ბეგი და შამხალიც გაეცალნენ ყვარლის ციხეს. საქართველოს აოხრების გეგმა ჩაიშალა.ყვარლის ციხის დაცვას საქართველოს მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, თუ მტერი გაიმარჯვებდა და ციხე დაეცემოდა – ალაზნის გაღმა მხარე მტერს დარჩებოდა,მერე მთელი კახეთის დაპყრობაც არ იყო ძნელი. დასუსტებულ ქართლსაც იოლად დაიპყრობდა ნურსალ–ბეგი, ოსმალთა მეშვეობით დასავლეთ საქართველოშიც გაიოლდებოდა თარეში და ქვეყნის მომავალიც დასაღუპად იყო განწირული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 637.
  • პოლიევქტოს კარბელაშვილი (პ.ცხვილოელი), ყვარლის ციხე და ნურსალ–ბეგი, გაზ. ივერია, 1893წ.,NN 57.58.
  • პაპუნა ორბელიანი, "ამბავნი ქართლისანი", ტექსტი დაადგინა ე. ცაგარეიშვილმა, თბ.,1981.
  • ომან ხერხეულიძე , მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის ძის თეიმურაზისა, საქართველოს ცხოვრება,II, ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, 1913.
  • ლევან სანიკიძე, დედა ისტორია, ნაკვეთი II, თბ.,1986.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, ყვარლის ბრძოლა ანუ მაშინ კიდევ ერთხელ გადარჩა საქართველო, თბ.,2008.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, ყვარლის ბრძოლა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ჟურნალი. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 2013 წ.,N2,71-80.