ყვარლის აღდგომის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის აღდგომის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს ყვარლის ჩრდილოეთ ნაწილში, მზექალაშვილების უბანში.

ეკლესია დარბაზულია (10,7x6,8 მეტრი). ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლების წირთხლებში, საკურთხევლის კუთხეებში და ფასადზე, დეკორატიული ელემენტების შესაქმნელად გამოყენებულია გადახურვა; აღმოსავლეთ სარკმელთან განგრეულია აფსიდის კედელი, ალაგ-ალაგ მონგრეულია გრძივი კედლების ზედა ნაწილები. შენობას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე მათგანი შიგნიდან და გარედან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. დასავლეთ შესასვლელის გვერდებზე თითო სათოფურია. აღმოსავლეთით ღრმა, კუთხეებში მომრგვალებული და დარბაზის გრძივი კედლებიდან მხრებით გამოყოფილი, თითქმის ბრტყელი საკურთხეველია, რომელშიც დაბალი, შეისრულთაღიანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელია დასავლეთის კედელში, ხოლო ორ-ორი გრძივ კედლებში, ასევე საკურთხეველში. სარკმლის ორივე მხარეს, სხვადასხვა ზომის ორ-ორი ნიშაა, მათგან მოზრდილები ისრულთაღოვანია, პატარები - სწორკუთხა, ინტერიერი შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, წყობაში, შეღრმავებული ჯვარია გამოსახული, სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე, შესასვლელის ორივე მხარეს, ვერტიკალურად განლაგებული სამ-სამი შეღრმავებული რომბია. სამხრეთ შესასვლელის ზემოთ და დასავლეთ ფრონტონზე მცირე, ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. დასავლეთ შესასვლელის თავზე მცირე, სწორკუთხა ნიშაა. ეკლესიის კედლები დასრულებულია აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]