ყვავის საყდარი (ვაჩნაძიანი)
ვაჩნაძიანის ყვავის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე ვენახებში, ულეჯიანად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გარდამავალ ხანას.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამ ეკლესიანი ბაზილიკაა. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. წყობა ირეგულარულია. გარეთა კედლების წყობაში გაცილებით მოზდილი ქვებია გამოყენებული, რომელთა შორის დარჩენილი არეები ამოვსებულია წვრილი ქვითა და დუღაბით. კედლები შიგნით და გარედან შებათქაშებულია. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: მთავარ ეკლესიის კამარა. კონქი და კედლების ზედა ნაწილები ჩამონგრეულია; მონგრეულია გარეთა კუთხეები. განგრეულია აფსიდის შუა ნაწილი. ინტერიერი დაახლოებით 1,5 მეტრი სიმაღლეზე ქვითა და მიწითაა ამოვსებული. სამხრეთ ეკლესიიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი და კამარის ქუსლი მთავაი ეკლესიის სამხრეთი კედლის მთელ სიგრძეზე. ინტერიეში ჩაყრილია რკინაბეტონის ძეგლები და შიგ ეკალ-ბარდებია ამოსული. სამხრეთ ეკლესიის მსგავსად თითქმის მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ გარშემოსავლელიც და ისიც მიწითა და ქვებითაა ამოვსებული. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი და კამარის ქუსლი. ჩდილოეთ ეკლესიას შემორჩენილი აქვს კედლების დიდი ნაწილი და კამარა, რომელსაც მთელ სიგრძეზე განიერი ბზარი გასდევს და ჩამონგრევის პირასაა. დასავლეთი და აღმოსავლეთ კედლები კი სანახევროდ დგას. მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ ეკლესიაზე ორნახევარჯერ უფრო განიერი და გაცილებით მაღალია. აქვს ნახევარწიული თაღით დახურული ორი შესასვლელი სამხრეთ ეკლესიიდა და დასავლეთ გარშემოსავლელიდან. ერთი თაღოვანი ღიობი ჩრდილოეთ კედლის შუაშია, რომელიც ჩრდილოეთ ეკლესიაში გადის. შუა ეკლესიის დარბაზი კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია. აღმოსავლეთით მას ეკვრის ოდნავ ნალისებრი აფსიდი, რომლის შუაში შემორჩენილია სარკმლის ნახევარწრიული თაღის მცირე ნაწილი. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მოკლე მხრებით მათგან სამხრეთისა მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამხრეთ კედელში ბრტყლად გადახურული ორი მაღალი სარკმელია, რომელთაგან დასავლეთით მდებარეს გადახურვა და წირთხლების დიდი ნაწილი ჩამონგრეულია აღმოსავლეთით მდებარე სარკმლის გარეთა საპირე წყობის დიდი ნაწილიც. გვერდითი ეკლესიები უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. ჩრდილოეთ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში სარკმლის სამხრეთ წირთხლია შემორჩენილი. დანარჩენი კედლები ყრუა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 105-106.