შინაარსზე გადასვლა

ყბაჩამ დაიგვიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ყბაჩამ დაიგვიანა“
ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1925
გვერდი 30

ყბაჩამ დაიგვიანამიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა.

რკინიგზის მუშას — თომას ცოლის გარდაცვალების შემდეგ ერთიადერთი შვილი — ბრმა თინა დარჩება. თინა ლამაზი გოგონაა, დედის წყალობით, საოჯახო საქმეებშიც გაწაფულია, მაგრამ, მოხუც თომას გულს უკლავს ის, რომ სიბრმავისა და სიღარიბის გამო მისი ქალი სიყვარულსა და ოჯახს ვერასოდეს ეღირსება. თინას ბავშვობიდან ემეგობრება მისივე თანასოფლელი ყბაჩა, გოგონაც ენდობა და უახლოვდება მას, თუმცა მათი ურთიერთობა არ ვითარდება: მალე ვაჟი სურამში წავა სამუშაოდ და და თინა ისევ მოხუცი მამის და ძაღლისა და კატის ანაბარად რჩება.

ერთხელ თომას ოჯახს რკინიგზის მუშა — სოლო კაჭარაშვილი შეეფარება. მამა და შვილი სტუმარს გაუმასპინძლდებიან და მოასვენებენ. მეორე დღეს, როცა თომა სამუშაოზეა, სოლო თინას სიბრმავით სარგებლობს, აცდუნებს და ეუფლება მას, თუმცა მერე უყვავებს და ჰპირდება, რომ თვალსაც აუხელს და ცოლადაც შეირთავს. მას შემდეგ სოლო ხშირად ნახულობს თინას, საჩუქრებიც მიაქვს და ცოლ-ქმრობისა და თვალის ახელის პირობასაც მუდმივად უმეორებს. ქალსაც ძალიან შეუყვარდება სოლო და სულმოუთქმელად ელის მის სტუმრობას, მაგრამ, ერთხელაც სოლო აღარ გამოჩნდება. მამა-შვილი შეიტყობს, რომ ის ავად გამხდარა. თინა ხან თომას ეხვეწება თბილისში წაყვანას, ხანაც — ცოტა ხნით დაბრუნებულ ყბაჩას, მაგრამ, ამაოდ. აფორიაქებული თინა გადაწყვეტს, მარტო წავიდეს "ქმრის" საძებნელად თბილისში, სადაც სოლო მსახურობს. გზაში ათასი ფათერაკის შემთხვევის და რამდენჯერმე თაღლითებისა და მოძალადეებისაგან დასხლტომის შემდეგ, თინას შეიფარებს ხნიერი ქალი — მარიამი. მარიამი სოლოს მონახავს და თინას მასთან მიიყვანს საავადმყოფოში. თომასაც შეატყობინებენ ქალიშვილის ამბავს. განკურნებულ სოლოს თინა ექიმთან მიჰყავს, რომელიც ოპერაციით და მკურნალობით თვალს აუხელს ქალს. თინა პირველად ხედავს მამას, მარიამს, სოლოს, ყბაჩას — რომელიც თომას გამოჰყოლია, მაგრამ, აქამდე უცნობ და სანუკვარ სანახაობას ნაღველიც მოაქვს. თინა ნათლად ხედავს, რომ თავად ახალგაზრდა და ლამაზია და თავისივე ტოლი ყბაჩა უფრო შეეფერება, ვიდრე — ხნიერი და ხეიბარი სოლო. თუმცა, ვერც იმას ივიწყებს, რომ ყბაჩამ იგი მიატოვა და არ დაეხმარა, სოლომ კი ქალადაც აქცია და თვალიც აუხილა.

"ყბაჩამ დაიგვიანა", ერთი მხრივ, სოციალური ნაწარმოებია: ნაჩვენებია ურბანიზაციის გავლენა საზოგადოებაზე. ქალაქი ასოცირდება უკეთეს ცხოვრებასთან, განათლებასთან, სიმდიდრესთან, მზარდ შესაძლებლობებთან, კურნებასა და მომავლის რწმენასთანაც კი, მაშინ, როცა სოფლად სიღატაკე, სიბნელე და უიმედობაა. ამ მხრივ, აშკარაა ქალაქელი სოლოს უპირატესობა ყბაჩას მიმართ. ამგვარი რეალისტური შინაარსის მიუხედავად, მოთხრობა ალეგორიულიცაა. თვალით სიბრმავე შესაძლოა, აღვიქვათ, როგორც ცხოვრებაში გამოუცდელობის, გაუცნობიერებელი სიყვარულის, ან ასევე გაუცნობიერებელი სქესობრივი ლტოლვის ალეგორია. ასეთი ადამიანი ძლიერ მოწყვლადია ძალადობის მიმართ, მიუხედავად იმისა, ეს პირდაპირი ქმედება იქნება, თუ — დაპირებით და "ტკბილი სიტყვით" შეფუთული (თინას სიბრმავით სარგებლობს სოლო და იგივეს ცდილობენ ის ადამიანები, რომლებიც მას გზაში ხვდებიან). "თვალის ახელა" შესაძლებელი ხდება მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის შემდეგ, მაგრამ, ეს მხოლოდ უსიამოვნო და მტკივნეული დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ მოდის (თინას გზა სახლიდან თბილისამდე, ოპერაცია). საბოლოოდ, ეს გამოცდილება ადამიანს საშუალებას აძლევს, სრულად ჩასწვდეს სინამდვილეს და გააცნობიეროს ის. იგი ფანტავს ბრმა სიყვარულს, აცხრობს შიშველ ვნებას და შეყვარებულს აჩვენებს სიყვარულის ობიექტის ჭეშმარიტ სახეს, რომელიც, შეიძლება, რადიკალურად განსხვავდებოდეს წინანდელი წარმოდგენისაგან (თინას ელდა ეცემა სოლოს დანახვაზე).

სიყვარულის დაუფასებლობით ადამიანი რისკავს სიყვარულის ობიექტის დაკარგვას, რის გამოც, ეს უკანასკნელი, შეიძლება, უღირსის ხელთ ჩავარდეს (ყბაჩა ჰკარგავს თინას, რომელიც სოლოს ცოლი ხდება). დაბოლოს, ცხოვრებისეული გამოცდილების ქონა, მიზნისაკენ სწრაფვა და რწმენა ის აუცილებელი თვისებებია, რომელიც გამარჯვებამდე მიიყვანს ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ საწყისი მონაცემები, შესაძლოა, არასახარბიელო იყოს (ლამაზი თინა ხეიბარ და ხნიერ სოლოსთან რჩება და არა ახალგაზრდა ყბაჩასთან).

მოთხრობის "სასიყვარულო სამკუთხედის" ალეგორიული მხარე ერთგვარად ეხმიანება მიხეილ ჯავახიშვილის მეორე ნაწარმოებს — რომანს "ჯაყოს ხიზნები".

  • თომა — რკინიგზის მუშა
  • მარიამი — მისი ცოლი
  • თინა — მათი ბრმა ქალიშვილი
  • სოლო კაჭარაშვილი — რკინიგზის მუშა
  • ყბაჩა — ახალგაზრდა გლეხი, თინას ბავშვობის მეგობარი
  • კეკე — ყბაჩას დედა
  • მარიამი — უცნობი ქალი, რომელიც თბილისში ჩასულ თინას შეიფარებს

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]