ყაფლანიშვილთა რეზიდენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყაფლანიშვილთა რეზიდენცია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ დარბაზში ორი ხევით გამხოლოებული გორის ჩრდილოეთ ფერდზე.

ვახუშტის რუკაზე განთავსებულია როგორც თავადის რეზიდენციის ადგილი, რაც იმას ნიშნავს რომ ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ცხოვრობდნენ. რეზიდენცია შედგება ორ ტერასაზე გაშლილი კარის ეკლესიის, სასახლის, კოშკის, მცირე ეკლესიის და მარნისაგან.

კარის ეკლესია მდებარეობს ზედა ტერასაზე, სასახლის სამხრეთით. დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე. სარკმლის თაღში გამოყენებულია აგური. დღეს-დღეობით შემორჩენილია აღმოსავლეთის თაღოვანი სარკმელი, რომლის საპირე ზედაპირის ჩაწევით მიღებულ ჯვრის გამოსახულებას წარმოადგენდა. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს, იატაკიდანვე დაწყებული ფართო თაღოვანი ნიშაა. ჩრდილოეთ კედელში, მხრის მიმდებარედ, მცირე სწორკუთხა ნიშაა დატანებული. ეკლესიას კონქი და კამარა არ შემორჩა. კედლებიც ნაწილობრივაა შემორჩენილი. სასახლე რომელიც ზედა ტერასაზეა განთავსებული კარის ეკლესიის ჩრდილოეთით იდგა, დღეს-დღეობით მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. გეგმის მიხედვით მართკუთხედის ფორმის იყო. დავით ბერძენიშვილს აღნიშნული აქვს, რომ სასახლე ორსართულიანი იყო, როგორც ჩანს XX საუკუნის მეორე ნახევრისთვის ის ჯერ კიდევ ისეთი სახით იდგა, რომ დეტალები განირჩეოდა.

ყაფლანიშვილთა რეზიდენციის კოშკი დგას სასახლისა და კარის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით. ნაგებია ნატეხი ქვით კირით-დუღაბზე. თავდაპირველად კოშკი 3 სართულიანი იყო დღეს-დღეობით კი 2 სართულიღაა შემორჩენილი. პირველი სართული ნახევრად სარდაფია და ყრუ. მეორე სართული, რომელზეცაა მთავარი შესასვლელი, საცხოვრებელია. დასავლეთის კედელში ბუხარია მოწყობილი, რომლის ორივე მხარეს თითო სათოფურია. ასევე თითო სათოფურია შესასვლელის ორივე მხარეს, ხოლო სამ-სამი - ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში. სართულშორისი გადახურვა ხის კოჭოვანი ყოფილა.

მცირე ეკლესია დგას კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისგან 5 მეტრში. ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე. დარბაზულია, შესასვლელი სამხრეთ კედელშია. დარბაზი განათებულია აღმოსავლეთის და დასავლეთის სარკმლებით. ნახევარწრიული აფსიდის კონქი მხრებზე გადაყვანილ სატრიუმფო თაღზეა დაყრდნობილი. თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს მცირე სწორკუთხა ნიშია. ასეთივე ნიშია გაკეთებული სამხრეთ კედელში საკურთხევლის წინ. ნახევარცილინდრული კამარა დარბაზის, რომელიც ჩამონგრეულია, კედლებს ეყრდნობოდა. ეკლესია შიგნიდან ნაწილობრივაა შელესილი.

ნაგებობა, რომელიც მარანი უნდა ყოფილიყო, კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე მეტრში დგას. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთის ნაწილობრივ მიწაში შესმული კედლის ქვედა რიგები დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლების სამხრეთის ნაწილები. ინტერიერი და პერიმეტრი ნაშალი ფენითაა დაფარული. კომპლექსის გარშემო ნასახლარებია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39340