ყარაჩოხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყარაჩოხელი — შავჩოხიანი ხელოსანი ან წვრილი ვაჭარი ძველ თბილისში. გამოირჩეოდა სიდარბაისლით, დარდიმანდობით. მათ ჰქონდათ თავისებური ჩაცმულობა — გულამოღებული აბრეშუმის პერანგი, შავი ატლასის ან სატინის წვრილნაოჭიანი ახალუხი, შავი შალის შარვალი, ქოშები ან წაღები, გრძელკალთებიანი, მოკლენაოჭიანი ორჩაქიანი შავი შალის ჩოხა, შემკული ვერცხლის გობაკიანი ქამრით, ბაღდადი და კრაველის ბუხარული ქუდი. ზოგჯერ ქამარს სოციალური დატვირთვაც ჰქონდა. მარტოხელა ყარაჩოხელის დაკრძალვის ხარჯებს მისი კუთვნილი ქამრის გაყიდვით ანაზღაურებდნენ. ყარაჩოხელი ჩვეულებრივ რომელიმე ხელოსნური ამქრის წევრი იყო და ხელოსნის პროფესიას ორთაჭალის ბაღებსა თუ მტკვარზე მოცურავე ტივებზე ქეიფს უხამებდა. ყარაჩოხელები განთქმულნი იყვნენ კრივში ფალავნობით. ძველი თბილისის ყოფას ყარაჩოხელები XX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩნენ.

სიტყვა ყარაჩოხელი ან ყარაჩოღელი — მათივე ჩაცმულობის თავისებურებიდანაა მიღებული და შავჩოხიანს ნიშნავს. იგი ძველი თბილისის სალაპარაკო ლექსიკაში მეცხრამეტე საუკუნიდან შემოდის ხმარებაში.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უშანგი რუხაძე (28 აპრილი, 2015). საიდან წარმოიშვა და რას ნიშნავს სიტყვა „ყარაჩოღელი“ და რა ტრადიციები ჰქონდათ მათ დაარქივებული 2016-12-10 საიტზე Wayback Machine. — სიტყვა „ყარაჩოხელი“ თბილისური, ქალაქური, ქართული წარმოშობისაა და მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა. სახელწოდება „ყარაჩოღელი“ ან „ყარაჩოხელი“ ჩაცმულობიდანაა მიღებული და „შავჩოხიანს“ ნიშნავს. ძველ თბილისში ყარაჩოხელი დარბაისელი, ჩასპანდი, გულმართალი, პატიოსანი და რაინდი ადამიანის სახელით სარგებლობდა. fact2.ge დაარქივებული 2019-01-02 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 13 დეკემბერი, 2018.