ყარაბაღის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყარაბაღის ბრძოლა — ბრძოლა ქართლ-კახეთის სამეფოსა და ყარაბაღის ლაშქარს შორის 1750 წელს. აზერბაიჯანის სახანოებს შორის ყველაზე მეტად გაძლიერებული ყარაბაღის ხანი ფანა მეზობელ სახანოებს ავიწროვებდა. 1750 წელს ის განჯას შემოადგა. განჯის ხანმა დახმარება სთხოვა ქართლისა და კახეთის მეფეებს. თეიმურაზ II და ერეკლე II ყარაბაღისაკენ თებერვალში გაემართნენ. ლაშქარს რომელშიც იყვნენ იმერეთის, ოსეთის, ერევნის, ყაზახის, შამშადილუსა და ლეკთა რაზმები, განჯასთან განჯის, გულისტანის, ყარაბაღის სომეხთა კათალიკოსის და სხვა მელიქების ლაშქარი შეუერთდა. ფანა-ხანმა პირდაპირ შებრძოლება ვერ გაბედა, ღამით განჯას ალყა მოხსნა და ყარაბაღში გადავიდა. ექვსი დღის შემდეგ ქართველთა ლაშქარი ყარაბაღის სახანოში შეიჭრა. დავით ბატონიშვილის მიხედვით, ბრძოლა მოხდა ყარათეფედ წოდებულ ადგილას. ფანა ალი-ხანი 6 ათასი კაცით მთიან ადგილზე გამაგრდა. ერეკლე II-მ იერიშზე გადასვლა გადაწყვიტა. მთავარი ძალები დაბლობზე დატოვა, თვითონ კი რჩეული ლაშქრით მტრის მოწინავე პოზიციებს შეუტია. მტერი გაიქცა. ქართველთა მთავარი ჯარი თეიმურაზ II-ის მეთაურობით ტყიან ზეგანზე ავიდა და გადამწყვეტი იერიში მიიტანა შემდრკალ მტერზე. გაქცეულთა დევნა მეორე დღესაც გაგრძელდა. ქართველებს მრავალი ტყვე, დიდძალი ქონება და იარაღი დარჩათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]