ყალბი დილემა
ყალბი დილემა, ასევე ცნობილია, როგორც ცრუ დილემა, ყალბი დიქოტომია — ლოგიკური ცდომილება, დაფუძნებული მცდარ წინაპირობაზე, რომელიც ზღუდავს შესაძლო ვარიანტებს. მცდარობის წყარო თავად განსჯის ფორმაში კი არა, არამედ ყალბ წინაპირობაშია. ამ ტიპის წინაპირობა, როგორც წესი, გამთიშველი ფორმისაა — ამტკიცებს რა, რომ რამდენიმე ალტერნატივიდან ერთ-ერთი აუცილებლად ჭეშმარიტია. ყალბი დილემა გამორიცხავს შესაძლო ალტერნატივებს და ადრესატს მხოლოდ ორ უკიდურეს ვარიანტს შორის აიძულებს არჩევნის გაკეთებას მაშინ, როცა სინამდვილეში შეიძლება ბევრი სხვა შესაძლებლობაც არსებობდეს.
ყალბი დილემის დროს ძირთადად ორი წინააღმდეგობრივი მტკიცებულება, რომელთა შორისაც შეიძლება ორივე მცდარი იყოს, წარმოდგენილია, ურთიერთგამომრიცხავი ჭეშმარიტებების სახით, რაც იმას გულსხმობს, რომ მათ შორის ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს ჭეშმარიტი.
ადამიანების მიდრეკილება, ჩამოაყალიბონ ყალბი დილემები, შესაძლოა გამოწვეული იყოს რეალობის გამარტივებისაკენ, მოვლენების „ან-ან“ ტიპის ჩარჩოთი მოწესრიგებისკენ სწრაფვით, რაც გარკვეულ დონეზე, თვით ენის მახასიათებელიცაა. აგრეთვე, ცრუ დილემა შესაძლოა გამოწვეული იყოს ადამიანის მიდრეკილებისგან, გამოკვეთოს მკაფიო განსხვავებები და მაქსიმალურად შეამციროს ბუნდოვანება.
ყალბი დილემა ხშირად გამოიყენება პროპაგანდის ერთ-ერთ მეთოდად, რისი მიზანიც მოსახლეობის პოლარიზება და თანმიმდევრული დისკუსიის შესაძლებლობის ჩახშობაა.[1] ასეთ დროს პროპაგანდისტები საკითხს წარმოადგენენ, როგორც არჩევანს ორ ვარიანტს შორის — მაგალითად, ეკონომიკა/ჯანდაცვა, დემოკრატია/მშვიდობა, ევროინტეგრაცია/სუვერენიტეტი[2] — და ამტკიცებენ, რომ ერთი მეორეს ეწინააღმდეგება.