ყათლანისხევის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ყათლანისხევის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის დასავლეთით, 1,5 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. კვერნაქის ქედის სამხრეთით. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს-ანტიკური ხანით და ადრინდელი ფეოდალური ხანით. ნამოსახლარი, ძირითადად მისი სამხრეთი მხარე, დაზიანებულია ეროზიის შედეგად. შეისწავლა უფლისციხის 1957-1963 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. (უფროსები: თ. ქარუმიძე, დ. ხახუტაიშვილი). ნამოსახლარი შეიცავს რამდენიმე კულტ. ფენას, მ.შ უძველესია ე.წ ყათლანისხევი პირველი, რომელიც დაცულია განაპირა ბორცვებზე და თარიღდება ძვ.წ მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრის დამდეგით. შემდეგი ფენა-ყათლანისხევი მეორე ფარავს პირველს და განეკუთვნება ძვ.წ. XII-IX საუკუნეებს. იგი ნაყოფიერების წარმართულ ღვთაებათა სამლოცველო ყოფილა, რომელიც ძლიერ ხანძარს გაუნადგურებია. გადარჩენილა ოთხი სამლოცველო სენაკისა და ხატის ბეღლის ნაშთები, სალოცავში შემორჩენილია ხარისა და მოზვრის თავის თიხის მოდელები, ქალღმერთის თიხის რელიეფური გამოსახულება, ასტრალური ნიშნები და სხვ. აგრეთვე ხატისათვის შეწირული ნივთები: კვერის კოხები, კაჟის ნამგლის ჩასართები, ხელსაფქვავები, ცხოველთა თიხის ფიგურები და ა.შ. სავარაუდოა, რომ სამლოცველო რომელიღაც მტრული თემის შემოწევის დროს განადგურდა, რის შემდეგაც მის გარშემო დასახლებული თემი აქედან აყრილა. ნამოსახლარის შედარებით ახალი დასახლებები განლაგებულია მდინარე მტკვრის პირას, ყათლანისხევის ორივე მხარეს. თარიღდება ანტიკური ხანითა და ადრინდელი შუა საუკუნეებით. შემორჩენილია როგორც ნამოსახლარები, ისე სამარხები. უძველესია ყათლანისხევის მარცხენა ნაპირის ნამოსახლარი, რომელიც ბამბების ნამოსახლარის სინქრონულია. აქვეა ამავე დროის სამაროვანი, რომელშიც მიცვალებული კევრზეა დასვენებული. გამოვლინდა მოხატული, შეღებილი, გაპრიალებული და სადა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, კერამ. ჭურჭლისა და ქვევრის ნატეხები. მომდევნო ფენას შეადგენს გვიანდელი ანტიკური ხანის ნასახლარი, სადაც აღმოჩნდა სასანური ხანის თიხის ბულა ფალაური წარწერით. ყათლანისხევის მარჯვენა მხარეს გამოვლინდა ახ. წ პირველი-მესამე საუკუნეების ნამოსახლარი და ორუბნიანი სამაროვანი. ხევის პირას რიგითი მედაბურების სამარხებია, მდინარე მტკვრის პირას კი-მდიდარი მედაბურების. ნაპოვნია ამავე ხანის რკინის სახნისი და წერნაქით შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტები. ყათლანისხევის ორივე მხარეს ახ.წ პირველ საუკუნეში უფლისციხის (კლდეში ნაკვეთი ქალაქის) გარეუბნის ერთ-ერთი თემი სახლობდა. ყათლანისხევის თემების მეურნეობებში წამყვანი ყოფილა სოფლის მეურნეობა. ისინი ძვ. წ მეორე ათასწლეულიდანვე იცნობდნენ სოფლის მეურნეობის ისეთ ინტენსიურ დარგს, როგორიცაა მევენახეობა. მეოთხე საუკუნეში ყათლანისხევში დაქვეითების ძლიერი ნიშნები შეინიშნება, ხოლო მეათე საუკუნისათვის მოსახლეობის არავითარი კვალი აღარ ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]