ყაზი-მუჰამადი
| ღაზი მუჰამმადი | |
| კავკასიის იმამი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1828 – 1832 | |
| მემკვიდრე | ჰამზათ-ბეგი |
| დაბადებული | 1792-დან 1795-მდე გიმრი, ყოისუბუს ხეობა, დაღესტანი |
| გარდაცვლილი | 17 ოქტომბერი 1832 გიმრი |
| ეროვნება | ხუნძი |
| დაკრძალულია | გიმრი |
| მამა | მუჰამმადი |
| მეუღლე | შამა (შაბა) (?) ბილი (?) ფატიმა (1819-1832) ჰაფსა (ჰაფიზა) (1831-1832) |
| შვილები | სალიჰა |
| ნათესავები | დები: ამინა და ფატიმა |
| რელიგია | ისლამი |
| ხელმოწერა | |
ღაზი-მუჰამადი (ხუნძ. ГъазимухӀамад არაბ. غازي محمد) ასევე ცნობილი როგორც გიმრელი მუჰამმადის ძე მუჰამმადი (ხუნძ. Генубул МухӀамадил МухӀамад); ღაზი-მუჰამმად ბინ მუჰამმად ბინ ისმა'ილ ალ-ღიმრავი ად-დაღისთანი (არაბ. غازي محمد بن محمد بن إسمعيل الغمراوي الداغستاني); რუსულ წყაროებში ყაზიმოლა (რუს. Кази-Мулла) და იშვიათად - ყაზი-მაგომა (რუს. Кази-Магома); (დ. 1792; 1794 ან 1795, გიმრი, ყოისუბუს ხეობა,დაღესტანი, — გ. 17 ოქტომბერი, 1832, იქვე) — ხუნძი რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწე, ღვთისმეტყველი, იმამ-ხატიბი, შემდგომში დაღესტნისა და ჩეჩნეთის პირველი იმამი, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა ბრძოლის წინამძღოლი კავკასიის ომის დროს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლება და ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღაზი-მუჰამადის წარმოშობის, დაბადების ადგილისა და დროის შესახებ მრავალი ვერსია არსებობს.[1] ამის ძირითადი მიზეზი ორია - დანამდვილებითი ცნობების არარსებობა და სხვადასხვა თემების მცდელობა, თავის თავზე მიიწერონ მისი წარმოშობა. მის წარმოშობას უკავშირებენ გიდათლის ხეობის უზდენობას (კერძოდ სოფელ ურადიდან - ცნობილ სწავლულ იბრაჰიმ-ჰაჯჯის), ხოლო ონსოქოლოელების მტკიცებით, იგი სწორედ ონსოქოლოში დაიბადა, რადგან მამამისი ონსოქოლოდან იყო. იგი მალევე გარდაიცვალა და მუჰამადის დაქვრივებული დედა უკან დაბრუნდა გიმრიში თავის ნათესავებთან, ხოლო ბავშვი თან წაიყვანა. გიმრელი ქრონისტი ჰასანილო უთითებს, რომ მამამისი გიმრელი ისმა'ილის ძე მუჰამმადი ყოფილა. მუჰამმად-ტაჰირ ყარაჰელი უთითებს, რომ ის გიმრელი იყო, თუმცა ასევე დასძენს, რომ მას გიმრიში დიდი სანათესაო არ ჰყავდა.
უცნობია მისი დაბადების ზუსტი თარიღიც. იგი 1790-იანი წლების პირველ ნახევარშია დაბადებული. მთელი რიგი ქრონისტები უთითებენ, რომ იგი შამილზე ხუთი წლით უფროსია, ანუ მისი დაბადების თარიღი 1792 გამოდის. ჰაჯი-მურად დონოღოს ცნობით, მისი დაბადების თარიღია 1794 ან 1795.[2]
მცირე ასაკიდანვე მუჰამმადი გიმრის მაქთაბში იწყებს სწავლას, სადაც მიიღო დაწყებითი განათლება. შემდეგ აგრძელებს სწავლას იმ პერიოდში მხარის ცნობილ სწავლულებთან - ირგანაიში, 'ოროტასა და ხუნძახში, ბოლოს კი შამილთან ერთად - 'არაკუნის ყადი საიდთან. არის ცნობები, რომ იგი თანაუგრძნობდა 1824 წლის აჯანყებას ჩეჩნეთში, თუმცა ეს აჯანყება წარუმატებელი იყო. 1825 წელს მუჰამმადი რელიგიური ცოდნის გასაღრმავებლად მიდის ყაზიყუმუხში, სადაც ხვდება ნაყშბანდი-ხალიდი ტარიყათის მასწავლებელს, ჯამალუდდინს, რომლის საშუალებითაც უკავშირდებიან იარაღელ შეიხ მუჰამმადს, რომელსაც მალევე აპატიმრებენ ანტირუსული ქადაგებებისთვის, თუმცა მისი მოწაფეები, მ.შ. მუჰამმადიც, გზაზე თავს ესხმიან ბადრაგს, რომელსაც ის მიჰყავდა ქურაჰიდან თბილისში და ათავისუფლებენ მას,[3] რის შემდეგაც იარაღელი შეიხი თავს აფარებს დარგუელთა თემს.
ქადაგება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1825 წლიდან მუჰამმადი იწყებს აქტიურ ქადაგებას. თუმცა მთიანი დაღესტნის მოსახლეობა ისლამს აღიარებდა, მაგრამ ყოფიერ დონეზე ეს ნაკლებად იყო შესამჩნევი - ადამიანები ცხოვრობდნენ ძველი 'ადათებით, აყენებდნენ და მოიხმარდნენ მაგარ სასმელებს და სხვ. ქრონისტი იმან-მუჰამმად გიგათლელი აღწერს, როგორ დაუპირისპირდა მუჰამმადი ჯერ თავის მასწავლებელს, ყადი საიდს და ხალხს მოუწოდა, დავები ისლამური სამართლით გადაეწყვიტათ და არა ტრადიციულით. ამის შემდეგ მან დაიარა ყოისუბუს თემის სოფლები და ყველა მეჩეთთან დადგა ძელი, რომელზე გასმითაც დაემუქრა იმათ, ვინც რჯულის მიმართ გულგრილობას გამოიჩენდა. ბოლოს კი მან დაუწყო ხალხს სწავლება, როგორ უნდა შეესრულებინათ ღვთისმსახურება. ამ დროს, ბევრი მოდიოდა მასთან და უერთდებოდა მის ტარიყათს.[4] მათ შორის მას მოსდის წერილი თარღუს შამხლის, მაჰდისგან, რომელიც სთხოვს მას, ჩავიდეს და იქადაგოს ყუმუხებს შორის. თუმცა მუჰამმადმა პირველ წერილზე არ უპასუხა, უფრთხოდა რუსების მართულ მიწაზე ჩასვლას, რადგან თვლიდა, რომ თუ მიწაზე არამუსლიმები ბატონობენ, იქ შესრულებული ისლამური ღვთისმსახურებები ბათილია. მეორე წერილზე კი ასეთი პასუხი გასცა - "ცოდნას ეძებენ და ცოდნა არ ეძებს, მე არ ვეახლები მმართველებს, თუ რამე გსურს თავად მობრძანდი ჩემთან ან ჩემს მეჩეთში." [2]
შეიარაღებული ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1826 წლის ბოლოს მუჰამმადი იწყებს ფიქრს, რომ შეიარაღებული გზით გაუწიოს წინააღმდეგობა რუსულ ექსპანსიას. სავარაუდოა, რომ ამის მიზეზი იყო ის მძიმე მდგომარეობა, რაც მას რუსების მართულ ტერიტორიებზე სუფევდა. თუმცა შეიარაღებული ბრძოლა ეწინააღმდეგებოდა ტარიყათის პრინციპებს, რომელიც თვითგანწმენდისა და სულიერი სრულყოფისკენ იყო მიმართული, ამიტომ ჯამალუდდინი შეეწინააღმდეგა მუჰამმადის ამ მოსაზრებებს. მუჰამმადი ამტკიცებდა, რომ შეუძლებელია სულიერი სრულყოფა ურჯულო დამპყრობელთა მონობაში, ხოლო ჯამალუდდინი მიიჩნევდა, რომ სულიერი სრულყოფა ინდივიდუალურია და საზოგადოებრივ მოწყობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საბოლოოდ მათ დავის გადასაწყვეტად მიმართეს იარაღელ შეიხს, რომლის წინ ცხარე კამათი გაიმართა, სადაც მუჰამმადს დაბეჯითებით და თანმიმდევრულად მოჰყავდა არგუმენტაცია რელიგიური ტექსტებიდან. საბოლოოდ იარაღელმა შეიხმა მას უთხრა - გააკეთე, რასაც საჭიროდ თვლიო.[5] 1828 წლის ბოლოს დაღესტნის სწალულთა კრებაზე მუჰამმადი ღაზავათის იმამად გამოაცხადეს და უბოძეს ზედსახელი - ღაზი.
1829 წელს შამხალმა მაჰდიმ კვლავ მოიწერა, რომ თუ მუჰამმადი მასთან არ მივიდოდა, სამსჯავროს დღეზე მასზე მიათითებდა, როგორც ადამიანზე, რომელმაც არ გაუზიარა რელიგიური ცოდნა. ღაზი-მუჰამმადს სხვა გზა აღარ ჰქონდა და ფეხით წავიდა ფარაულში, სადაც იყო შამხლის რეზიდენცია. შეხვედრისას მან პირდაპირ მოსთხოვა მაჰდის, დაემყარებინა ისლამური წესრიგი. მაჰდი დაჰპირდა, რომ ასეც მოიქცეოდა, თუმცა მალევე პეტერბურგში გაემგზავრა იმპერატორის წინაშე მემკვიდრის, სულაიმანის წარსადგენად, თუმცა ღაზი-მუჰამმადს სთხოვა, მის სამფლობელოში ექადაგა. უკანა გზაზე, 1830 წელს, მაჰდი გარდაიცვალა. საშამხლოში დაიწყო შინაომი ხელისუფლებისთვის სულაიმანსა და მის უმცროს ძმას, აბუ მუსლიმს შორის, რომელშიც ჩაერივნენ მთელი რიგი დაღესტნელი ფეოდალები, მათ შორის ღაზი-მუჰამმადიც, რომელსაც უკვე საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა, თუმცა სულაიმანს რუსებმა დაუჭირეს მხარი და აბუ მუსლიმი დამარცხდა. რუსებთან სამხედრო შეტაკებების შემდეგ ღაზი-მუჰამმადი ხვდება, რომ მათთან ბრძოლას დიდი რესურსები სჭირდება, ამიტომ დახმარების თხოვნით ოსმალეთის სულტან მაჰმუდს მიმართავს, თუმცა უშედეგოდ. [2]
პირველ რიგში, ღაზი-მუჰამმადმა მიზნად დაისახა მთიან დაღესტანზე თავისი გავლენის გავრცობა. აქ მას ძირითადად ხელს უშლიდნენ ადგილობრივი ავტორიტეტები, რომლებიც ამჯობინებდნენ ადათებით მოქმედებას და ასევე შემრიგებლური პოზიცია ჰქონდათ რუსების მიმართ. იგი ქმნის ნაშრომს "დაღესტნელ ტრადიციულ მსაჯულთა რჯულგანდგომის მტკიცებულება" (არაბ. إقامة البرهان على ارتداد عرفاء داغستان), სადაც იგი რელიგიურ ტექსტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ყველა მსაჯული, რომელიც განსჯის არა ისლამური სამართლით, არამედ სხვა წყაროებით, რჯულგანდგომილია. ამის შემდეგ იგი მოქმედებებზეც გადავიდა. ბადელი უთითებს, რომ ღაზი-მუჰამმადი ჩავიდა მიათლიში და დახვრიტა იქაური ყადი.[6] ასევე ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ თავის ყოფილ მასწავლებელს, ყადი საიდს რუსებთან კავშირი ჰქონდა, ღაზი-მუჰამმადმა მისწერა მას წერილი, სადაც მოსთხოვა არაკუნში ისლამური წესრიგი დაემყარებინა, რუსებთან კავშირები კი გაეწყვიტა. ყადი საიდი საზამთროდ ასლან-ხანთან იყო წასული და წერილზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია. 1831 წლის დასაწყისში ღაზი-მუჰამმადმა 400 მეომრით ილაშქრა არაკუნში, დაარბია თავისი ყოფილი მასწავლებლის, ყადი საიდის სახლი, ხოლო არაკუნში შემოიღო ისლამური წესები. შემდეგი ლაშქრობები ანდისა და გუმბეთში უფრო ძალის დემონსტრაცია და მომხრეების გამხნევება იყო. გიგათლში მას მცირე წინააღმდეგობა კი შეხვდა, მაგრამ ანდის თემმა მალევე აღუთქვა მას მორჩილება და მხარდაჭერა. ღაზი-მუჰამმადი სოფელ-სოფელ დადიოდა, ხალხს უქადაგებდა რუსებთან ბრძოლის მნიშვნელობაზე, ამხნევებდა მათ და ჰპირდებოდა მოსკოვიდან მოყვანილი ტყვეების ბორკილების ჟღარუნს მოგასმენინებთო.[7]
ხუნძახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შემდეგი სამიზნე იყო ხუნძახი. ეს აული მაშინდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი იყო. გარდა საკუთრივ 700 კომლიანი ხუნძახისა, იქვე იყო მომდებარე პატარა სოფლები სიუხი, გონოხი, ახალჩი და სხვ, რომლებიც ფაქტიურად ხუნძახის გარეუბნები იყვნენ. გარდა ამისა იქ ისხდნენ ნუცალები, ხუნძთა მთავრები, რაც მის მნიშვნელობას ასევე ზრდიდა. 1831 წელს ხუნძახში შემდეგი მდგომარეობა სუფევდა - ოფიციალურად ნუცალი იყო აბუ-სულტანი (რუსულ წყაროებში მას აბუ-ნუცალ-ხანს უწოდებენ), თუმცა ფაქტიურად ხუნძახსა და მისი გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს განაგებდა ბახუ-ბეგუმი (ომარ-ხანის ქალიშვილი), რომელიც გათხოვილი იყო მეხთულელი ხანების ნათესავზე, ჯენგუთაელ სულტან-აჰმადზე, რომელმაც ომარ-ხანის სიკვდილის შემდეგ დაიკავა ნუცალთა ტახტი (ომარ-ხანს ვაჟი არ დარჩენია), სულტან-აჰმადი თავისი მეხთულელი და თარღუელი ნათესავების მსგავსად რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა 1803 წელს და მეფის სამსახურის გენერალ-ლეიტენანტის ჩინიც უბოძეს ოთხი წლის შემდეგ, თუმცა ერმოლოვის პერიოდში იგი ვერ შეეგუა მის პოლიტიკას და მტრად მოეკიდა რუსებს, მონაწილეობდა რუსების საწინააღმდეგო გამოსვლებში და ხელმძღვანელობდა აჯანყებასაც, ხოლო ბაშლის ბრძოლაში მარცხიც კი მიაყენა რუსებს. სულტან-აჰმადი 1823 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბახუ-ბეგუმი თანმიმდევრულ პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა. სწორედ ამიტომ 1830 წლის დასაწყისშივე, ანდისა და გუმბეთში ტრიუმფალური სვლის შემდეგ, იმამმა წერილი გაგზავნა ხუნძახში, მოუწოდა იქაურ ხელისუფლებს დაემყარებინათ ისლამური წესრიგი და გაეწყვიტათ კავშირი რუსებთან. ბახუ-ბეგუმმა გადამწყვეტი უარი თქვა. იმამი ანდიდან დაიძრა (მისი რაზმი დაახლოებით ათჯერ გაიზარდა და 4 ათასამდე მოლაშქრეს ითვლიდა) და 14 თებერვალს ხუნძახს მოადგა. შეშფოთებული ბახუ შეეცადა პირდაპირი კონფლიქტი აერიდებინა და აბუ-სულტანი ნუქერებთან ერთად პირდაპირ იმამის ბანაკს მოადგა მოსალაპარაკებლად, თუმცა ისინი ვერაფერზე შეთანხმდნენ, გადმოცემის თანახმად, საუბრის ბოლოს იმამს გაუცინია - "ქალებზე გადაგიბარებიათ ქვეყანა და მაგ ქვეყნის ბედსაც ვნახავთო!" და ელჩები უშედეგოდ გამოისტუმრა. ღაზი მუჰამმადმა შეტევა დაიწყო ხუნძახზე პირდაპირ ძირითადი ძალებით, ხოლო ახალშემოერთებული მოლაშქრეები სასაფლაოს მხრიდან, შამილის სარდლობით შემოვლით მანევრს ახორციელებდნენ.
თავდაპირველად იმამის მხედრობის დანახვისას ხუნძახელებს წინააღმდეგობის სურვილი გაუქრათ და ყოყმანი დაიწყეს, თუმცა გადმოცემით, ბახუ-ბეგუმი, რომელიც ხვდებოდა რომ მისი და მისი შვილების სიცოცხლე იდო სასწორზე, თავად გამოვიდა წინ, ერთ-ერთ ნუქერს ხანჯალი გამოსტაცა და თავზემოთ ასწია, შემდეგ კი ხალხს მიმართა - თუ გეშინიათ, მაშინ თქვენი ბოხოხები ქალებს მოგვეცით და თავად მანდილები დაიხურეთო. ხუნძახლებს შერცხვათ და საბრძოლველად გავიდნენ, შემდეგ კი სასაფლაოს მხრივ მოქმედმა, ახალშემოერთებულმა მოლაშქრეებმა უწესრიგოდ დაიწყეს უკანდახევა, ზოგი კი პირდაპირ ხუნძახელთა მხარეს გადავიდა. შამილი რამდენიმე ერთგულ მურიდთან ერთად ხუნძახელებმა მოიმწყვდიეს და მხოლოდ ნურმუჰამმად ყადის ჩარევამ იხსნა უეჭველი სიკვდილისაგან. მხედრობის არევა ღაზი მუჰამმადმა ღვთიურ ნიშნად ჩათვალა, შეტევა გამოიხმო და ჩუმქესქენთის ტყისკენ დაიხია.
ხუნძახთან იმამის მარცხმა ძლიერ გაახარა კავკასიის რუსული სარდლობა, მათ დიდად დააჯილდოვეს ხუნძახის ხელისუფლება და უფრო აქტიურად შეუდგნენ ღაზი მუჰამმადის საწინააღმდეგოდ ადგილობრივი ძალების მობილიზებას. მათ ელჩად გააგზავნეს მაიორი კორგანოვი, რომელმაც იმამს მისწერა მოლაპარაკებებისთვის თბილისში ჩამოსულიყო. ღაზი მუჰამმადმა მოითხოვა მძევლები და ასევე მექაში წასვლის ნებართვა. გახარებული კორგანოვი ჯენგუთაიში გაემგზავრა, თუმცა იქ ჩასვლისას აღმოაჩინა, რომ გაზაფხულის ეს დრო ღაზი მუჰამმადმა გამოიყენა ჩეჩნეთის მხრივ კავშირების გასაღრმავებლად.[2]
გიმრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯენგუთაიდან კორგანოვმა ჯაშუში გამოაგზავნა ღაზი მუჰამმადთან, რომელმაც ის მიიღო, თუმცა რადგანაც იცოდა ვინც იყო, მასზე გონებაარეული ადამიანის შთაბეჭდილება მოახდინა. პარალელურად გრძელდებოდა ძალების მობილიზაცია ჩეჩნეთში და ჩეჩნეთის ანტირუსული მოძრაობის ძირითადმა წინამძღოლებმა აღიარეს იმამის ხელისუფლება.[8] ჩეჩნეთის მხრივ იმამის მოქმედებებით შეშფოთებულმა რუსებმა გადაწყვიტეს უფრო აქტიურად ემოქმედათ. მათ ჯერ მოსყიდული მკვლელები მიუგზავნეს ღაზი-მუჰამმადს, მაგრამ ის ამ თავდასხმას გადაურჩა,[2] ამიტომაც გადაწყდა სამხედრო ჩარევა. 1830 წლის მაისში 6000 კაციანი რუსული კორპუსი შევიდა ყოისუბუში. თავდაპირველად დაღესტანელებს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, გიმრელმა უხუცესებმა თანხმობაც კი განაცხადეს იმპერატორის მორჩილებაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსებმა მოროდიორობა და ძარცვა დაიწყეს, ადგილობრივებში მათ მიმართ მტრობა უფრო გაღვივდა.
მღელვარება ჩეჩნეთსა და ჭარ-ბელაქანში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზაფხულზე აჯანყებულები გააქტიურდნენ. იმამი აწყობს რეიდს ბურნაიაზე, ამ დროს ჩეჩნეთის მხრიდან შეიხი 'აბდულლაჰი ასევე იწყებს რეიდს ვნეზაპნაიაზე, ხოლო ჭარ-ბელაქანში შეიხი შა'ბანი აჯანყებულებთან ერთად იკავებს სოფელ კატეხს. ჭარელებმა თავად ბელაქანზეც მიიტანეს იერიში, თუმცა გამაგრებულ ქალაქს ვერაფერი მოუხერხეს და უკუიქცნენ. შემოდგომისთვის იმამის ძირითადმა ძალებმა მთისკენ დაიწყეს დაბრუნება. რუსებმა კი დამსჯელი ექსპედიციები გამოგზავნეს დაღესტანსა და ჩეჩნეთში. ველიამინოვის რაზმები თვეზე მეტი მოქმედებდნენ ჩეჩნეთში, წვავდნენ სოფლებს, ანადგურებდნენ სურსათსა და ფურაჟს, ხოცავდნენ საქონელს, ხოლო სერგეევის და ანდრონიკოვის რაზმები იგივე ტაქტიკით მოქმედებდნენ ჭარში.
ყუმუხთა აჯანყება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღაზი-მუჰამმადი ხვდება, რომ რუსებთან ბრძოლაში ტრადიციული დაღესტნური ტაქტიკა, ხერხები და მეთოდები უძლურია, ამიტომ ის იწყებს სიმაგრეების მშენებლობას, ჩუმქესქენთის ტყეში, რომელიც საშამხლოს ტერიტორიაზე იყო, იმამის ბრძანებით აღმართეს ხის სიმაგრე (ყუმ.Агъачхъала; აღაჩ-ყალა). თავის ტერიტორიაზე იმამის სიმაგრემ შეაშფოთა შამხალი, მან თავის ნათესავს, მეხთულის ხან აჰმადს მოუხმო და ისინი ერთად დაესხნენ თავს აღაჩ-ყალას, თუმცა უშედეგოდ, ამის შემდეგ საქმეში თავად რუსები ჩაერივნენ. ჯერ ბეკოვიჩ-ჩერკასკის რაზმი გამოიგზავნა აღაჩ-ყალისაკენ, თუმცა ისიც დამარცხდა და უკუიქცა. რუსების დამარცხებამ იმამის ავტორიტეტი გაზარდა და მას ადგილობრივებიდან მრავალი თანამგრძნობი ღიად შეუერთდან, მათ. შორის ყუმუხი თავადები - ირაზი და ულუღბეგი. 19 აპრილს რუსებმა კვლავ სცადეს აღაჩ-ყალის აღება გენერალ კოხანოვის სარდლობით, მაგრამ ამჯერადაც ხელი მოეცარათ. ამის შემდეგ თავად იმამი დაიძრა და დაიკავა მახლობელი ყუმუხური სოფლები, რომლებსაც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. 20 მაისს იმამმა გენერალ ტაუბეს რაზმი დაამარცხა ათლი-ბოიუნთან, რის შემდეგაც მან დაიკავა ფარაული - შამხლის რეზიდენცია. თავად შამხლის სასახლე გაძარცვეს და გადაწვეს. მთიელები დაიძრნენ თარღუსკენ, რომელსაც ასევე არ გაუწევია წინააღმდეგობა, მხოლოდ მის გარეუბანში მყოფი სიმაგრე ბურნაიას რუსული გარნიზონი სხვაგვარად მოიქცა. 26 მაისს მთიელებმა ალყაში მოაქციეს ბურნაია და დაიწყეს იერიში, თუმცა რუსებმა დენთის საწყობი ააფეთქეს. მთიელებმა დანაკარგიც დიდი ნახეს და დაიბნენ კიდევაც, ამიტომ რუსებმა მოახერხეს მათი სიმაგრიდან განდევნა, ასევე უშედეგო აღმოჩნდა შემდგომი იერიშის მცდელობებიც, ხოლო 29 მაისს გენერალმა კოხანოვმა წარმატებით იმოქმედა, ზურგიდან დაესხა მთიელებს თავს და აიძულა მოეხსნათ ალყა. მთიელებმა უკან დაიხიეს, ირაზი-ბეგი მოკლეს. ყუმუხთა აჯანყების ინტენსიურმა ფაზამ მარცხი განიცადა.
ვნეზაპნაიას ალყა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]26 მაისს აშილთელი 'აბდულლაჰი, რომელიც ღაზი-მუჰამმადმა თავის ნაიბად მიავლინა ჩეჩნეთში, ათასკაციანი რაზმით გაემართა სიმაგრე ვნეზაპნაიასაკენ. მათ დაიკავეს სიმაგრესთან მისასვლელი გზები და მალევე მოიპოვეს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობაც. 5 ივნისიდან მათ ოპერატიულ ალყაში მოაქციეს ვნეზაპნაია, ისე რომ რუსები ვეღარ ახერხებდნენ მასთან კავშირს, ხოლო დამხმარე ძალები ჩასაფრებებში ხვდებოდნენ. 17 ივნისს უკვე იმამი, მთავარი ძალებით ჩამოვიდა ვნეზაპნაიასთან. მან მხედრობას გამოუცხადა, რომ აპირებდა გაენადგურებინა რუსული სიმაგრეები და პირველი ვნეზაპნაია იყო. გარნიზონმა რამდენჯერმე სცადა ხელჩართული ბრძოლით გაერღვია ალყა, თუმვა უშედეგოდ. 25 ივნისს მთიელებმა დაიწყეს იერიში, მაგრამ გარნიზონმა მოახერხა იერიშის მოგერიება. 26 ივნისს რუსებმა ორი კოლონა დაძრეს ვნეზაპნაიას დასახმარებლად. მოსახლეობამ ეს იმამს აცნობა და იმამმა მთელი გზის გასწვრივ მოაწყო ჩასაფრებები, თუმცა ძალების რაღაც ნაწილი აგრძელებდა ალყას. როცა რუსების ნაწილებმა ვნეზაპნაიას მოაღწიეს, იმამმა ენდერისკენ, ტყიანი მასივებისკენ დაიხია. რუსები ფეხდაფეხ მიჰყვნენ მათ, მაგრამ ტყეში მთიელებმა ჩასაფრება მოუწყვეს მათ და რუსები უკუაქციეს, რაზმის სარდალი გენერალი ემანუელი კი დაიჭრა. ამჯერად ბეკოვიჩ-ჩერკასკის რაზმი ეცადა მთიელების ტყიდან გამოდევნას, რაც მათ მოახერხეს და აქთაშიც აიღეს, თუმცა აქთაშის აღებისას მათ ძარცვას მიჰყვეს ხელი. იმამმა ეს დრო გამოიყენა, ჯარი გადააჯგუფა და პირდაპირ შემოუტია რუსებს, რომლებიც აქთაშიდან გაიქცნენ.[2]
დარუბანდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივლისის განმავლობაში ლოკალური შეტაკებები გრძელდებოდა. თავად იმამი იარაღელ შეიხთან ერთად სოფელ-სოფელ დადიოდა და ხალხს ღაზავათისკენ მოუწოდებდა, მან შემოიარა საშამხლოს, ყაზი-ყუმუხისა და ქურის სახანოების, თაბასარანის სოფლები, სადაც მრავალი იყო უკმაყოფილო რუსებით. 12 აგვისტოს იმამი ჩადის ბაშლიში, სადაც იწვევს მომხრეებს და აცხადებს, რომ მთიელებმა უნდა დაიბრუნონ დარუბანდი.
19 აგვისტოს მთიელები გამოჩნდნენ დარუბანდთან. რუსები ციტადელში შეიკეტნენ, ხოლო მთიელებმა დაიკავეს გარნიზონის ყაზარმები გარეუბანში. მეორე დღეს იმამმა დარუბანდის კომენდანტს მისწერა წერილი, მოუწოდა მიეღო ისლამი და შეეწყვიტა ომი. კომენდანტმა უარი განაცხადა. მთიელებმა ზღვის მხრიდან მოუარეს ციტადელს, მაგრამ გარნიზონი ქვემეხების ცეცხლით იგერიებდა მათ. 22 აგვისტოს თავად გარნიზონმა სცადა ალყის გარღვევა, მაგრამ ღია ველზე ისინი დამარცხდნენ.ბრძოლები 26 აგვისტომდე გრძელდებოდა, 27 აგვისტოს დილით ღაზი-მუჰამმადს აცნობეს, რომ რუსები გაძლიერებული რაზმით მოდიოდნენ დარუბანდისკენ, მან ალყა მოხსნა და რუქელისკენ დაიხია.
ხაიდაყი და თაბასარანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსები მიჰყვნენ მთიელებს და შეუტიეს ხოფელ ხუჩნას. მძიმე ბრძოლების შედეგად მთიელებმა დატოვეს ხუჩნა. რუსებმა გადაწვეს ისიც და კიდევ 20 სოფელიც. შემდეგი ბრძოლა ტივაქთან გაიმართა, რომელშიც ასევე რუსებმა გაიმარჯვეს. ამის შემდეგ ხაიდაყისა და თაბასარანის დანარჩენმა სოფლებმა რუსებს მორჩილება გამოუცხადეს იმ პირობით, რომ მათთან შარიათულ წესრიგს არ გააუქმებდნენ.
სავლათაუ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსები აგრძელებდნენ ღაზი-მუჰამმადის კვალში დგომას, მათ შეუტიეს ერფელის, რომელიც 23 სექტემბერს აიღეს. ასევე ველიამინოვის რაზმი მოქმედებდა სავლათაუში და მის დასახმარებლად ჩირქეისკენ დაიძრა პანკრატიევი, იმამს ძალები აღარ ჰყოფნიდა და მანევრირებას ცდილობდა, მცირე ძალებით თავს ესხმოდა რუსებს და აიძულებდა წინ და უკან ევლოთ, ოქტომბრის ბოლოს რუსებმა აიღეს ჩირქეი, ხოლო იმამი ჩეჩნეთში გადავიდა.
ყიზლარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩეჩნეთში იმამმა კვლავ დაიარა სოფლები და მოსახლეობას ღაზავათისკენ მოუწოდა. ძალების მობილიზების შემდეგ, ის ეშვება აულ აჩეხისთან, სადაც მასთან საბრძოლველად მოდის ველიამინოვის რაზმი. სანამ ველიამინოვი რაზმებს აწყობდა აჩეხის ასაღებად, იმამმა ელვისებური რეიდით დაარტყა ყიზლარს, სადაც მცირე გარნიზონი იყო დარჩენილი. იმამმა ყიზლარი აიღო, დაარბია და გაძარცვა. ძარცვის შედეგები სხვადასხვანაირად ფასდება, არის ფანტასტიურებიც, მაგ. 7 ათასი მოკლული (რასაც რამდენჯერმე ახსენებს დიუმა) და 4 მლნ ვერცხლის მანეთის ალაფი (ახსენებს ბადელი, თუმცა თავადვე ეჭვი შეაქვს)[6], თუმცა რუსული რელაციების გაცნობისას რეალური შედეგი უნდა იყოს 126 მოკლული, 38 დაჭრილი, 168 ტყვე (მ.შ. ქალები) და 200 ათ. ვერცხლის მანეთი ალაფი.[2] იმამმა აღაჩ-ყალასკენ დაიხია და იქ დაელოდა ტყვეების გამოსასყიდს. ტყვეების გამოსყიდვის შემდეგ, 24 ნოემბერს გენერალი კოხანოვი მიადგა აღაჩ-ყალას სამი ქვემეხით, რომლებმაც დაამუშავეს მთიელთა პოზიცია. დაიწყო იერიში, მაგრამ ამინდი უცებ გაფუჭდა, წამოვიდა თოვლი და ჩამოწვა ნისლი. რუსებმა უკან დახევა დაიწყეს, იმამმა კი კონტრშეტევის გაძლიერება ბრძანა და რუსებმა ვერ მოახერხეს აღაჩ-ყალას აღება.
30 ნოემბერს რუსებს დამხმარე ძალა მოუვიდათ პოლკოვნიკ მიკლაშევსკის სარდლობით. მთიელებმა მოახერხეს გაეძლოთ მზის ჩასვლამდე, მაგრამ დანაკარგები ძალიან მძიმე იყო. გადაწყდა ღამით დაეტოვებინათ სიმაგრე და მთებს შეფარებოდნენ. მეორე დილით რუსებმა აიღეს აღაჩ-ყალა.
საქართველოს სამხედრო გზა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1832 წლის 11 მარტს იმამი დაიძრა ჩეჩნეთისკენ, 13 მარტს იგი უკვე მდინარე მიჩიგთან იმყოფებოდა. აქედან ის აპირებდა თავს დასხმოდა საქართველოს სამხედრო გზას, გადაეჭრა ის და ოსეთის გავლით ყაბარდოში შეჭრილიყო. მან 2 ათასამდე მეომრის მოგროვება შეძლო და დაიძრა ნაზრანისკენ. მან ორჯერ სცადა იერიშით აეღო ნაზრანი, თუმცა უშედეგოდ და უკან დაიხია.
გერმაჩიგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსებმა სადამსჯელო ექსპედიციები გაგზავნეს მთაში. მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსული რაზმები წვავდნენ სოფლებს, ატყვევებდნენ მოსახლეობას, ანადგურებდნენ ყანებს და ნათესებს, ხოცავდნენ საქონელს. ბოლოს მათ მიაღწიეს აულ გერმაჩიგსაც, სადაც იმყოფებოდა ღაზი-მუჰამმადი. მას ჰყავდა 3 ათასამდე ჩეჩენი და 800 დაღესტნელი მეომარი. რუსებს ჰყავდათ 9 ათასი ჯარისკაცი და 28 ქვემეხი, რომლებსაც სარდლობდნენ მთავარმართებელი როზენი და გენერალი ველიამინოვი. 23 აგვისტოს დაიწყო ბრძოლა, რუსებმა კავალერიის მანევრით დაიკავეს სოფლის გარე გამაგრებები და აიძულეს მთიელები ტყისკენ დაეხიათ. მხოლოდ სამი გვერდიგვერდ მდებარე სახლი, სადაც 78 მთიელი მოლაშქრე იყო დარჩენილი, აგრძელებდა წინააღმდეგობას. რუსებმა ტყეში მთიელების დევნას თავი აარიდეს და ეგერების სამმაგი ალყა შემოარტყეს დარჩენილ მთიელებს, მოიტანეს მსუბუქი ქვემეხიც, მაგრამ ერთი მხრიდან ნასროლი ალყის მეორე მხარეს აზიანებდა თავად მოალყეებს. მაშინ პოლკოვნიკმა ვოლხოვსკიმ ბებერ მოზდოკელ კაზაკ-თარჯიმანს უბრძანა, მთიელებისთვის შეეთავაზებინა დანებება და სამაგიეროდ აღუთქვამდა რომ მათ გაცვლიდნენ რუს ტყვეებზე. მთიელებმა უარი თქვეს. მაშინ რუსებმა სახლებს ცეცხლი წაუკიდეს და სახლიდან გადმომხტარ მთიელებს ეგერები ხოცავდნენ. საღამოს, როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, რუსებმა 6 დაჭრილ-დამწვარი, სასწაულით გადარჩენილი დაღესტნელი ამოიყვანეს ნახანძრალიდან, 72 მთიელი კი დაიღუპა, მათ შორის გერმაჩიგის ყადი 'აბდურ-რაჰმანი.[9]
რუსების ლაშქრობა გიმრისკენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩეჩნეთსა და დაბლობ დაღესტანში მიღებული მძიმე გამოცდილების შემდეგ, იმამი მშობლიურ გიმრიში დაბრუნდა და დაიწყო მისი გამაგრება. ააგო ყრილები და ვიწრო გზა გადაახერგინა სამი სათოფურებიანი კედლით, ფერდობზე ააგებინა ქვის ბლოკჰაუზები, რომლებზეც სათოფურებიანი კოშკები დაადგმევინა. მანვე შეძლო ექვსასამდე მებრძოლისთვის თავის მოყრა[10] (თუმცა რუსულ რელაციებში 3 ათ. მებრძოლზეა საუბარი)[11]. გიმრის მოადგა ველიამინოვი ქარანაის გზით ორი ქვეითი პოლკით, ეგერთა ბატალიონით, ქართული მილიციითა და 11 ქვემეხით, ერფელის გზით - ფონ კლუგენაუ ერთი ბატალიონით და სამი ქვემეხით. აჰმად-ხან მეხთულელის მეთაურობით შეიკრიბა დაღესტნის მილიციაც, თუმცა მათ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ, იდგნენ ირჰანისთან და მალევე დაიშალნენ.
17 ოქტომბერს ველიამინოვმა დაიწყო შტურმი - 4 ბატალიონი და ქართული მილიცია გაგზავნა პირველი კედლის შემოსავლელად მთის ფერდობზე, ხოლო პირდაპირ ორი ბატალიონი ქვემეხებით, მაგრამ მთიელებმა შეამჩნიეს შემოვლითი მანევრი, თავს დაესხნენ ფერდობზევე და უკუაგდეს ისინი მძიმე დანაკარგებით. ამის შემდეგ ველიამინოვი თავად წავიდა ფერდობზე და მთელი ძალებით მოახერხა პირველი კედლის ზურგში აღმოჩენილიყო, მთიელებმა, ალყის შიშით, დატოვეს გამაგრება და მეორე კედელს შეაფარეს თავი, თუმცა ველიამინოვმა აქაც მოახერხა შემოევლო მათთვის და ბოლოს, მესამე კედელიც დაიკავა. მთიელები დაიფანტნენ, მხოლოდ ყრილებიდან გრძელდებოდა წინააღმდეგობა, ასევე გააფთრებული იყო მომწყვდეულ მთიელთა წინააღმდეგობა, რომლებიც ტყვედ არ ნებდებოდნენ, ხმლის და ხანჯლის ნატეხებით, ზოგჯერ საერთოდ უიარაღოდ ისინი პირდაპირ ეცემოდნენ რუსებს და ცდილობდნენ დახრჩობას, კბენას და ა.შ., თუმცა მათ იქვე ჰკლავდნენ. ასევე რუსებმა მოახერხეს და შეადგინეს ყალბი წერილი არაბულ ენაზე, თითქოს ღაზი მუჰამმადი სწერდა ჰამზათ-ბეგს, რომ გიმრისკენ არ წამოსულიყო, ამიტომაც ჰამზათ-ბეგის რაზმმა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. მიუხედავად რიცხობრივ-ტექნიკური უპირატესობისა, პირველ დღეს გიმრის აღება ვერ მოხერხდა. ღამით რუსებმა აულში შესვლა ვერ გარისკეს, ამიტომაც მესამე კედელსა და აულს შორის დაბანაკდნენ, თუმცა მეორე დილით აული უბრძოლველად დაიკავეს.[2]
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1832 წლის 18 ოქტომბერს, აულის აღების შემდეგ, რუსებმა გადაწყვიტეს მოესპოთ ბოლო წინააღმდეგობის კერებიც. პირველი კედლის უკან დარჩენილი იყო ორი ბლოკჰაუზი, რომლებსაც კოშკები არტილერიით მოანგრიეს, მაგრამ თავად ბლოკჰაუზებში გამაგრებული მთიელები აგრძელებდნენ წინააღმდეგობას და სროლას. რუსებმა მესანგრეები და გრენადერები მოიყვანეს ბლოკჰაუზების გასანადგურებლად. ერთ-ერთ ბლოკჰაუზში, რამდენიმე მთიელთან ერთად, იმყოფებოდნენ ღაზი მუჰამმადი და შამილი. დატყვევებული შამილი იხსენებდა, რომ როცა გრენადერების ქუდები დაუნახავს, ღაზი მუჰამმადმა თქვა - მათ ყუმბარები აქვთ, ჩამოგვიგდებენ და ისე ამოგვწყვეტენ, ნიშანსაც ვერ დავადებთ, ჯობია გავიდეთ და ბრძოლით გავიკაფოთ გზა! ფაფახი თვალებზე ჩამოიფხატა, ხმალი ამოიღო და კარებიდან გავარდა, თუმცა სახურავზე მდგომმა რუსმა დიდი ქვა ესროლა, რომელიც ზურგზე მოხვდა, წაბარბაცდა და მაშინვე ხიშტებით მოკლეს.შემდეგ შამილი გადახტა კარებიდან და დაჭრა ორი ჯარისკაცი, რომელიც კარებთან იდგა, შემდეგ დაჭრა მესამე, ხოლო მეოთხემ ხიშტი გაუყარა მკერდში, რომელმაც ზურგში გამოატანა, მაგრამ შამილმა (შამილი ცაცია იყო) მარჯვენა თოფზე უტაცა, მარცხენით კი ეს ჯარისკაციც დაჭრა, მერე კი ხიშტი ჭრილობიდან ამოიღო და რამდენჯერმე მოიქნია ხმალი, თუმცა რუსები მიმოიფანტნენ, სროლით კი არ ისროდნენ, რადგან ზოგს გატენილი იარაღი არ ჰქონდა, ზოგი კვირობდა ხიშტგაყრილი კაცის ასეთ ბრძოლას, ბოლოს შამილი წაიქცა და ფერდობზე ჩაგორდა, მაგრამ ყველას მკვდარი ეგონა და არავინ ჩაჰყოლია. დანარჩენი მთიელებიდან არავინ დანებებულა, ყველა ბრძოლაში დახოცეს ერთის გარდა, რომელმაც ისარგებლა იმით, რომ რუსების ყურადღება შამილმა მიიპყრო და ხევში ჩაგორდა უვნებელი. შემდეგში დაჭრილი შამილი მან ამოიყვანა და ბაბუას ჩააბარა.[10] რუსები თავიდან ვერ მიხვდნენ, ვინ იყო მოკლულთა შორის, მხოლოდ მეორე საღამოს გახდა ცნობილი, რომ იმამი მოკლეს.
არის გადმოცემები თითქოს ღაზი მუჰამმადის ცხედარი იპოვეს უცნაურ მდგომარეობაში - მარცხენა ხელით წვერი ჩამოევარცხნა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი ცად აღემართა, თითქოს მჯდომარე ზიქრს აკეთებდა. პრუშანოვსკი და ბოდენშტედტი წერენ, რომ ცხედრის ამ მდგომარეობის გამო, იმამმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დაღესტნელებზე და ანტირუსული ბრძოლა მისი სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა. თუმცა ამის ისტორიული მტკიცებულებები არ არსებობს.
დასაფლავება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არაკუნის ყადი საიდმა, რომელიც იმამის მოწინააღმდეგე იყო, რუსებს ურჩია მისი ცხედარი დაღესტნელებისთვის არ დაეტოვებინათ, რადგან მისი საფლავი მისი მომხრეების შეკრების ადგილად იქცეოდა. რუსებმა დაუჯერეს მას, ამიტომ ცხედარი თარღუში წაიღეს, დაამუშავეს და ბურნაიას ციხესიმაგრეში სარდაფში დაასვენეს, ხოლო სარდაფს გუშაგი მიუჩინეს. მოგვიანებით შამხლის თხოვნით, რომელსაც აწუხებდა მუსლიმის ცხედრის დაუმარხაობა ის მაინც დაასაფლავეს ბურნაიას სიმაგრის ტერიტორიაზე.[2] [12]
1843 წელს, პირადად შამილის დავალებით, ონსოქოლელი ქებედ-ჰაჯიავის მეთაურობით 200 ცხენოსანი ჩავიდა ბურნაიაში, ამოასვენეს ცხედარი და ჩაიტანეს გიმრიში, სადაც ის ხელახლა დაასაფლავეს. მის საფლავზე მოგვიანებით მოეწყო მავზოლეუმი, რომელიც დღემდე არსებობს.
პოლიტიკა და იდეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი უზარმაზარი ავტორიტეტის გამო ღაზი-მუჰამმადი ჩრდილოეთ კავკასიაში და განსაკუთრებით დაღესტანში მთელი რიგი, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური და რელიგიური იდეების მატარებლად ცხადდება ხოლმე დაინტერესებული მხარეების მიერ - ასე მაგალითად სუფიები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ღაზი-მუჰამმადი ნაყშბანდი ტარიყათის წევრი იყო სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო სალაფიები ამტკიცებენ, რომ თუმცა თავიდან ღაზი-მუჰამმადი მართლაც იყო ტარიყათის წევრი, მაგრამ მოგვიანებით დატოვა იგი და უთითებენ მის გვიანდელ ნაშრომებზე, რომლებსაც აშკარად ეტყობა იბნ თაიმიას და დაღესტნელი სწავლულის მუჰამმად ალ-ყუდუყის გავლენები. თავის მხრივ ალ-ყუდუყი მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისშივე დაუპირისპირდა ადათურ სასამართლოს და ითხოვდა ისლამურ სამართალს, მაგრამ როცა ვერას გახდა, თავის ოჯახთან ერთად ოსმალეთში, თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე გადასახლდა და ქალაქ ალეპოში გარდაიცვალა, თანამედროვე სალაფიები ალ-ყუდუყის უწოდებენ დაღესტანში ისლამის განმაახლებელსა და სალაფიზმის ფუძემდებელს.[13] ასევე უთითებენ, რომ ჯერ კიდევ 'არაკუნში ღაზი-მუჰამმადმა და შამილმა გადაწერეს იბნ თაიმიას ნაშრომი "ისლამურ კანონზე დაფუძნებული პოლიტიკა მმართველისა და ქვეშევრდომების სიკეთისათვის" (არაბ. السياسة الشرعية في إصلاح الراعي والرعية)[14]
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილო კავკასიაში, სადაც ისტორიულად თავისუფალი თემები და სამხედრო დემოკრატია იყო, ღაზი-მუჰამმადს ჰქონდა მცდელობა ცენტრალიზებული სახელწიფო აპარატის ჩამოყალიბებისა. მან შემოიღო ნაიბების სისტემა, როდესაც მოშორებით მდებარე დასახლებებს თავისი მოადგილე - ნაიბი მართავდა. მანვე დააწესა ცენტრალური ხაზინა, რომელიც ივსებოდა ნადავლით, ბაჟებითა და გადასახადებით, ხაზინის ხარჯზე იგი ინახავდა ელიტურ გვარდიას - მურთაზაყებს (არაბ. مرتزق; სიტყვასიტყვით - ხელისუფლისგან სარჩოთი უზრუნველყოფილი, თანამედროვე არაბულში დაქირავებულ მებრძოლსაც ნიშნავს), რომელიც რეგულარული არმიის ჩანასახი იყო. ასევე ხაზინის ხარჯზე ეხმარებოდნენ ქვრივებსა და ობლებს, განსაკუთრებით ომში დაღუპულებისა, სოფლის მაქთაბებსა და მადრასებს. ცნობილია რომ როდესაც ღაზი-მუჰამმადის სიკვდილის შემდეგ იმამად ჰამზათ-ბეგი აირჩიეს, ღაზი-მუჰამმადის ოჯახის წევრებმა მას გადასცეს ხაზინის ზანდუკი, სადაც 16 ათასი ვერცხლის მანეთის საფასური ქონება იდო.[15]
სამართალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღაზი-მუჰამმადი დაბეჯითებით ითხოვდა ადათური სამართლის ისლამური სამართლით ჩანაცვლებას, სოფლების მამასახლისებს, ყადიებსა და ადგილობრივ გავლენიან პირებს ფიცს ადებინებდა, რომ მხოლოდ ისლამური სამართლით იხელმძღვანელებდნენ და უარს იტყოდნენ ადათებზე. 30-მდე ადამიანი, რომელმაც უარი თქვა ასეთი ფიცის დადებაზე, სიკვდილით დაისაჯა, როგორც თვალთმაქცი.
მკაცრად იკრძალებოდა მაგარი სასმელები, აზარტული თამაშები, სახალხო ცეკვები, მუსიკალური ინტრუმენტები. ქალებს მოეთხოვებოდათ თავშალი, კაცებს - წვერის მოშვება და ულვაშის შეკრეჭა.[13] ღაზი-მუჰამმადი გააფთრებით ებრძოდა ტრადიციული სისხლის აღების წესს, როდესაც მოკლულის გვარი მკვლელის მაგიერ, მისი გვარის წევრს კლავდა სისხლის ასაღებად, ასევე მან აკრძალა წყენისა თუ ვალის გამოსასყიდად შეურაცხმყოფლის ან მოვალის ნათესავის მძევლად წაყვანა ან ნათესავის ქონების მიტაცება. ბრძოლისას ლაჩრული საქციელის ან ღალატის ჩამდენს ეძლეოდა სპეციალური ნიშნები, რომელსაც სამოსზე აკერებდნენ გამოსაჩენ ადგილას. მკვლელობა სიკვდილით ისჯებოდა, ასევე მკაცრად ისჯებოდა სიძვა-მრუშობა და ქალის მოტაცება, ქურდობისას მოპარული ფასდებოდა და მცირე ქურდობისას დამნაშავეს ჯოხით სცემდნენ, თუ მოპარული ბევრი იყო, მაშინ მარჯვენა ხელის მტევანს მოკვეთდნენ. დამნაშავეს იმავე სოფლის სასამართლო ასამართლებდა, სადაც თავად ცხოვრობდა, თუნდაც დაზარალებული სხვა სოფლიდან ყოფილიყო.[2]
სამხედრო მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც უკვე აღინიშნა, ღაზი-მუჰამმადმა შექმნა რეგულარული არმიის ჩანასახი მურთაზაყების სახით, რომელსაც ჯამაგირს ხაზინიდან აძლევდა. საჭიროების შემთხვევაში ის მობილიზაციას აწყობდა ადგილობირივი მოსახლეობისა, რომელთა რაზმებსაც სათავეში მურთაზაყები უდგებოდნენ. ჩვეულებრივ სალაშქროდ ეძახდნენ ათი მამაკაციდან ერთს (ხანგრძლივი ომის ბოლოს ეს პროპორცია შემცირდა), ძროხის მპატრონებელ ოჯახს მოეთხოვებოდა შეენახა ერთი საუნაგრე ან სამეურნეო ცხენიც. სალაშქროდ წასულებს თან უნდა ჰქონოდათ ერთი კვირის საგზალი - ძირითადად დამარილებული ხორცი, ხმელი ყველი, მოხალული მარცვლეული. ღაზი-მუჰამმადი ხედავდა, რომ ბუნებრივი პირობები აღარ იყო ერთმნიშვნელოვნად მთიელების მხარეს, ამიტომ ცდილობდა მნიშვნელოვან ადგილებში ხელოვნური გამაგრებების შექმნა,. ტრადიციული გამაგრებები - კოშკები და გალავნები - რუსულ არტილერიას ვერ უძლებდა, ამიტომ ჩუმქესქენთში აღაჩ-ყალას მშენებლობისას ღრმა ბლინდაჟები და სანგრები ამოათხრევინა.[16] ასევე რუსების სუსტ წერტილად მიაჩნდა მათი ინერტულობა, მთიელებს ასწავლიდა ხანგრძლივი გადასვლების, ღრმა რეიდებისა და სისწრაფის მნიშვნელობას. ასევე ცნობილია, რომ ღაზი-მუჰამმადი ცრუ ჭორებს ავრცელებდა რუსების დასაბნევად, ხშირად ადამიანებს, ვისზეც ეჭვი ჰქონდა რომ რუსებთან ფარულად თანამშრომლობდნენ, განზრახ უყვებოდა ცრუ გეგმებზე, რათა ისინი რუსების ყურამდე მისულიყო, თავად კი სრულიად სხვა მხრივ მოქმედებდა.
სიმინდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რადგან რუსები იკავებდნენ დაბლობ ადგილებს, სადაც ხორბალი მოჰყავდათ, ღაზი-მუჰამმადმა მოუწოდა მთიელებს დაეთესათ სიმინდი, რომელიც გარემოს მიმართ ნაკლებ მომთხოვნი იყო.
საერთაშორისო პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილია მისი წერილები პორტას მიმართ, სადაც ის ითხოვს ოსმალების დახმარებას რუსების წინააღმდეგ, თუმცა ოსმალეთი მეტად დაძაბუნებული იყო და 1828-1829 წლების ომის შემდეგ რუსეთთან ომის წამოწყება არ შეეძლო.[2]
ცნობილია, რომ ონსოქოლოში იმამად არჩევის შემდეგ მქადაგებლურ-დიპლომატიური მისიები იქნა გაგზავნილი მაღალმთიან ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ოსეთსა და ხევსურეთში (ეს აღმოსავლეთ კავკასიის ის მხარეებია, სადაც ფორმალური რელიგიური ნიშნების მიუხედავად, მაინც ტრადიციული წარმართობა იყო გაბატონებული). ოსებმა და ხევსურებმა უარი თქვეს მიეღოთ ისლამი ან დახმარებოდნენ ღაზი-მუჰამმადს, ხოლო მაღალმთიან ჩეჩნეთსა და ინგუშეთში დათანხმდნენ მის მოწოდებას.[6]
ნაზრანში ლაშქრობამდე მან ელჩობა გააგზავნა აბაძეხებში, რომლებიც გააფთრებით ებრძოდნენ რუსებს, მათგან მხურვალე პასუხი და დახმარების აღთქმაც მიიღო, თუმცა ლაშქრობამ მარცხი განიცადა.[15]
არის ცნობები ღაზი-მუჰამმადის კავშირებზე ირანის შაჰთან და განდევნილ შირვანშაჰ მუსტაფასთან, თუმცა მათგან არანაირი ქმედითი დახმარება მთიელებს არ მიუღიათ.[7]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მცირე და წინააღმდეგობრივი ცნობებია მის ოჯახზეც. მთელი რიგი ცნობები უთითებს, რომ იგი ონსოქოლოში დაიბადა, ჩვილობაშივე დაობლდა და წარმოშობით გიმრელი დედა უკან დაბრუნდა, სადაც მას სანათესაო ეგულებოდა. სხვა ცნობები გვეუბნება, რომ მამამისი არ გარდაცვლილა და მუჰამმადს ცოლად შერთო გალბაცის ძე ალის ქალიშვილი შამა (ან შაბა), 15-16 წლის ასაკში (დაახლ. 1807-დან 1810-მდე), თუმცა თავად მუჰამმადს დაქორწინება არ სურდა და 'არაკუნში სწავლობდა, ხოლო მალევე გაშორდა მას.
ასევე გვამცნობენ, რომ იგი დაქორწინდა ბილიზე, მაგრამ მასაც მალე გაშორებულა.[17]
1819 წელს ის დაქორწინებულა 14 წლის ფატიმაზე, რომელიც, მცირე ასაკის მიუხედავად. საკმაოდ ჭკვიანი ქალი ყოფილა. მათ შეეძინათ ქალიშვილი სალიჰა.
იმამად გამოცხადების შემდეგ ღაზი-მუჰამმადმა ცოლად მოიყვანა ჰაფსა (ჰაფიზა), იარაღელი შეიხის ქალიშვილი. იმამის სიკვდილის შემდეგ ჰაფსა ცოლად გაჰყვა 'აბდულლაჰ ალ-ყადარის, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი ალ-ჰასან ალ-ყადარი, ცნობილი სწავლული.[18]
იმამის ქალიშვილი სალიჰა ცოლად გაჰყვა ონსოქოლოელ ტაჰირს, რომელიც იმამატის ერთგული მებრძოლი ყოფილა. როგორც ცნობები უჩვენებს, ტაჰირი რუსებმა მოკლეს 1840 წელს.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღაზი-მუჰამმადს ეკუთვნის რიგი ნაშრომებისა ისლამური სამართლის შესახებ, მათ შორის ზემოთ ხსენებული "დაღესტნელ ტრადიციულ მსაჯულთა რჯულგანდგომის მტკიცებულება", ასევე ხუნძირ ენაზე მას დაწერილი აქვს ნარკვევი მძიმე ცოდვების შესახებ. ცნობილია მისი პოეზიაც, რომლის შემორჩენილი ეგზემპლარები ძირითადად დაღესტნელებისთვის ღაზავათისკენ მოწოდებებია.[19]
იდეოლოგია და სიმბოლიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღაზი-მუჰამმადი დღემდე გვხვდება როგორც შეურიგებელი ანტირუსული მოძრაობის სიმბოლო როგორც რელიგიური, ასევე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობებისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში.
ფოლკლორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაღესტნელი ხალხების თქმულებებსა და გადმოცემებში იმამი ღაზი-მუჰამმადი წარმოდგენილია ეპიკურ გმირად, ხალხის წინამძღოლად, რომელსაც ჰქონდა სხარტი გონება, მხედართმთავრული ნიჭი, პოლიტიკური გამჭრიახობა და სარწმუნოებისათვის თავგანწირვა, ის ასევე ფლობს დიდ განათლებას, სიმამაცესა და სულგრძელობას.[20]
ისტორიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცარისტულ რუსულ ისტორიოგრაფიაში ღაზი-მუჰამმადი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პერსონაჟი იყო, მას უწოდებდნენ გულქვა ფანატიკოსს, ბოროტგანმზრახველს, თაღლითსა და მსგავს სახელებს.
საბჭოთა პერიოდში მისი აღწერა დროის ვითარებაზეა დამოკიდებული - თუ ჩრდილო კავკასიის მიმართ ცენტრიდან თბილი სიო ქროდა, ის გამოჰყავდათ კლასობრივი ბრძოლის მონაწილედ, მის აჯანყებას კი ანტიფეოდალური ხასიათისად აცხადებდნენ, ზოგჯერ კი, როცა უარყოფითი ტენდენციები იმძლავრებდა ჩრდილო კავკასიის მიმართ, მაშინ ის ცხადდებოდა სულტნის, შაჰისა და ზოგჯერ ინგლისის აგენტად, რელიგიურ ფანატიკოსად, ანტირუსულ მოღვაწედ და ა.შ.
თანამედროვე დაღესტნელმა მკვლევრებმა გამოაქვეყნეს შედარებით ავთენტური ნარკვევები ღაზი-მუჰამმადის მოღვაწეობისა და მისი პერიოდის შესახებ, მაგ. ჰაჯი მურად დონოღოს "მბრწყინავი ღაზავათი",[2] შაფი კაზიევის ილუსტრირებული ენციკლოპედია "იმამი ღაზი მუჰამმადი",[21] ფატიმა თახნაევას მიერ თარგმნილი და კომენტირებული ჰასანილავ გიმრელის ქრონიკა და სხვ.[17]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ш.М. Хапизов. К вопросу о происхождении ученого-богослова и руководителя государства Имамат — Гази-Мухаммада аль-Гимрави Материалы II Международного форума «Богословское наследие мусульман России».
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 Доного Хаджи Мурад. Сверкающий газават. — Махачкала, 2007.
- ↑ Х. Рамазанов. Магомед Ярагский - одержавший победу в битве за умы и сердца людей. Дагестанская правда. — 1996. — 31 октября.
- ↑ Иман Мухаммад Гигатлинский. ХРОНИКА
- ↑ Коротыч А. В., Пелих А. Л. Идеологические взгляды Гази-Мухаммада на социально-политическую ситуацию на Северо-Восточном Кавказе Чебоксары, 2017.
- 1 2 3 John F. Baddeley. The Russian Conquest of the Caucasus Psychology Press, 1999.
- 1 2 Покровский Н.И. Кавказские войны и имамат Шамиля Москва : РОССПЭН, 2009
- ↑ Айдамиров А. А. Хронология истории Чечено-Ингушетии. Грозный: Книга, 1991.
- ↑ Торнау, Фёдор Фёдорович. Воспоминания кавказского офицера. — М.: «АИРО-XXI». 2008 г. — 456 с.- ISBN 978-5-91022-033-5
- 1 2 Чичагова, Мария Николаевна Шамиль на Кавказе и в России. Русская книга, 1990
- ↑ Рапорт генерала Вельяминова барону Розену о взятии Гимры Архив главного управления наместника Кавказского. Тифлис, 1881. С. 565.
- ↑ Шехмагомедов М. Г.. (2014) Биографии имамом в изложении ʻАли ал-Гумуки (Каяева): перевод, комментарии. Современные проблемы науки и образования.
- 1 2 Расулов М. М.. Джихад на Северном Кавказе: сторонники и противники. Кавказ-центр.
- ↑ Мугумаев М.-Р.. (1997) Идея государства горцев. Шамиль: Иллюстрированная энциклопедия. М.: Эхо Кавказа,.
- 1 2 Дадаев Ю.У.. (2006) Государство Шамиля: Социально-экономическое положение, политико-правовая и военно-административная система управления.. Махачкала: Издательство "Ихлас".
- ↑ Кругов А. И., Нечитайлов М. В.. (2016) Вооруженные силы имамата горцев Северного Кавказа.. Фонд «Русские Витязи».
- 1 2 Хасанилав ал-Гимрави АВАРСКАЯ ХРОНИКА ВРЕМЕН КАВКАЗСКОЙ ВОЙНЫ Аварская хроника времен Кавказской войны Перевод и комментарии П. И. Тахнаевой.
- ↑ Назир ад-Дургели. (2012) Услада умов в биографиях дагестанских ученых. Москва.
- ↑ Гази-Мухаммад, Имам Дагестана Клич к Газавату kavkazcenter.com 17.08.2006
- ↑ Халидова М. Р.. (2015) Образ имама Гази-Мухаммеда в аварском фольклоре о Кавказской войне. История, археология и этнография Кавказа..
- ↑ Презентация книги "Имам Гази-Магомед" Новости Дагестан 03.02.2018