ყაზბეგის ეროვნული პარკი
| ყაზბეგის ეროვნული პარკი | |
|---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
| მდებარეობა | საქართველო |
| უახლოესი ქალაქი | სტეფანწმინდა |
| კოორდინატები | 42°30′12″ ჩ. გ. 44°27′14″ ა. გ. / 42.5035028° ჩ. გ. 44.4540417° ა. გ. |
| ფართობი | 78 204 ჰა[1][2] |
| დაარსდა | 1976[3] |
| მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
ყაზბეგის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 1976 წელს.[3] მდებარეობს კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ისტორიულ ხევში. ეროვნული პარკის საერთო ფართობი 78 204 ჰექტარია.[1][2] ყაზბეგის დაცული ტერიტორიები წყვეტილი დადანაწევრებული ტერიტორიებისგან შედგება.[4] პარკში ფუნქციონირებს ვიზიტორთა ცენტრი.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყაზბეგის ეროვნული პარკი (მანამდე ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალი) შეიქმნა 1976 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს დაცული ტერიტორიების კანონით მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი.[1] ამავე კანონის მიხედვით, პარკი მოიცავს:
- ყაზბეგის ეროვნულ პარკს (8686 ჰა);
- სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლს (335,7);
- აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლს (0,04 ჰა);
- თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლს (4,2 ჰა).[1][4]
ბიომრავალფეროვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი (35%) ტყეებითაა დაფარული, სადაც 1347 სახეობის მცენარეა აღწერილი. ამ მცენარეთა მეოთხედზე მეტი (26%) ენდემურია და მხოლოდ ამ რეგიონში გვხვდება. პარკის დარჩენილი ნაწილი კი ალპურ საძოვრებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და ძნელად მისადგომ კლდეებს მოიცავს.[4][6] პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1 400 მეტრზე მდებარეობს.[7]
დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებულია ხე-მცენარეების 105 სახეობა, თუმცა უმეტესად გვხვდება ლიტვინოვის არყი (Betula litvinov), კავკასიური ფიჭვი (Pinus kochiana), ღვიები (Juniperus – 3 სახეობა) და მოცვი (Hippophae rhamnoides).[4]
ყაზბეგის ეროვნული პარკის ფაუნა მოიცავს კავკასიურ ჯიხვს (Capra cylindricornis), არჩვს (Rubicapra rubicapra), მურა დათვს (Ursus arctos) და მგელს (Canis lupus). ფრინველებიდან აქ გვხვდება კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus), ასევე ორბის სახეობების პოპულაციები: ბატკანძერი (Gypaetus barbatus) და თეთრთავიანი ორბი (Gyps fulvus).[4]
რეგიონში გავრცელებულია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სხვადასხვა სახეობა. საქართველოს „წითელი ნუსხის“ მცენარეებიდან აქ მხოლოდ რადეს (შავი) არყი (Betula raddeana) გვხვდება. პარკში ბინადრობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფაუნის სახეობები: აღმოსავლეთ-კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis), არჩვი (Rupicapra rupicapra), მგელი (Canis lupus), მურა დათვი, ფოცხვერი და სხვა. ეროვნულ პარკში ასევე გვხვდება მტაცებელი ფრინველები, რომლებიც წითელ ნუსხაშია შეტანილი: მთის არწივი (Aquila chrysaetos), ორბი (Gyps fulvus) და ბატკანძერი (Gypaetus barbatus).[4][8]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყაზბეგის ეროვნული პარკი - საქართველოს ეროვნული პარკები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 კანონი დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 2025-03-21.
- ↑ 2.0 2.1 ყაზბეგის ეროვნული პარკი 70 000 ჰექტრით გაფართოვდება. ციტირების თარიღი: 2025-03-21.
- ↑ 3.0 3.1 საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 6 თებერვლის №98 დადგენილება „ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის შესახებ“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1976 წ., №2)
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 დარიალის ჰიდროელექტროსადგურის ზემოქმედება ყაზბეგის ეროვნულ პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაზე. EBRD (2013). ციტირების თარიღი: 2025-03-21.
- ↑ ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. REG info. ციტირების თარიღი: 2025-03-21.
- ↑ ყაზბეგის ეროვნული პარკი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ციტირების თარიღი: 2025-03-21.
- ↑ ყაზბეგის ეროვნული პარკი. საქართველოს ეროვნული პარკები. ციტირების თარიღი: 2025-03-21.
- ↑ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 2025-03-21.
| |||||||||||||||||
