ყაზახური თეთრთავა ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ყაზახური თეთრთავა ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლის მეხორცული მიმართულების ჯიში. გამოყვანილია 1930–40-იან წლებში ყაზახეთის სსრ-ის, ორენბურგისა და ვოლგოგრადის ოლქების კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში ადგილობრივი საქონლის შეჯვარებით ჰერიფორდული ჯიშის კუროებთან. დამტკიცებულია 1950 წელს. აქვს მაგარი კონსტიტუცია; მკერდი ღრმა და ფართოა, აქვს კარგად განვითარებული ღაბაბი, ზურგი და წელიც ფართოა. ფერად წითელია; თავი, მკერდი, მუცლისა და ფეხების ქვედა მხარე და კუდის ფუნჯი თეთრი; მინდაოსა და გავაზე გვხვდება თეთრი ნიშნები. ფურის ცოცხალი მასაა 520–560 კგ, კუროსი — 900–1100 კგ, სიმაღლე მინდაოში 122–128 სმ და 135–140 სმ შესაბამისად. გამოირჩევა მალმწიფადობით. დაბადების დროს ხბოს ცოცხალი მასა 28–32 კგ-ს შეადგენს, დედისგან მოშორების დროს — 210–230 კგ. 16–18 თვის კუროების ნაკლავის გამოსავალი 62–65%-ია. საყოლად მოუხერხებელია დიდი რქების გამო; რუსეთში ხალასჯიშიანი მოშენების მეთოდით და ხაზოვანი სელექციის გამოყენებით მიიღეს ყაზახური თეთრთავა ჯიშის ურქო ტიპი (სახელმწიფო რეესტრში შევიდა 2002 წელს). მოშენებულია ყაზახეთსა და რუსეთში (უმთავრესად ვოლგოგრადის, ორენბურგის ოლქებსა და ალთაის მხარეში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]