ყაზახეთის წვრილგორაკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზახეთის წვრილგორაკები
ყაზახეთის წვრილგორაკები
ყაზახეთის წვრილგორაკები
კოორდინატები: 49° ჩ. გ. 73° ა. გ. / 49° ჩ. გ. 73° ა. გ. / 49; 73
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
უმაღლესი წერტილი აქსორანი
სიმაღლე 1565 
სიგრძე 1200 კმ
სიგანე 900 კმ
ყაზახეთის წვრილგორაკები — ყაზახეთი
ყაზახეთის წვრილგორაკები

ყაზახეთის წვრილგორაკები, სარიარკა (ყაზახ. Сарыарқа) — ტერიტორია ყაზახეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოადგენს მაღლობ ვაკეს, რომელზედაც აღმართულია ცალკეული დაბალმთიანი მასივები და ქედები. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ თითქმის 1200 კმ-ზე, სიგანე დასავლეთ ნაწილში დაახლოებით 900 კმ, აღმოსავლეთ ნაწილში — 400 კმ. ყაზახეთის წვრილგორაკების დასავლეთი ნაწილის საშუალო აბსოლუტური სიმაღლეა 300-500 მ. აქ არის ორი დაბალმთიანი მასივი: ულუთაუ (1133 მ) და ქოქჩეთაუს მაღლობი (მთა სინიუხა, 947 მ). ყაზახეთის წვრილგორაკების აღმოსავლეთი ნაწილის საშუალო სიმაღლეა 500-1000 მ. რელიეფი უფრო დანაწევრებულია. ამ ნაწილის ცენტრში არის ყარყარალის მთები, სადაც აღმართულია ყაზახეთის წვრილგორაკების უმაღლესი მასივი აქსორანი (1565 მ). აღმოსავლეთი ნაწილის აღმოსავლეთით გადაჭიმულია ჩინგისთაუს ქედი (1077 მ). დაბალმთიანი მასივები, რომელთა სიმაღლეა 500-600 მ, შემოსაზღვრულია წვრილგორაკებით — დედაქანებით აგებული ბორცვებითა და უვალებით, რომელთა სიმაღლე 10-იდან 100 მ-მდეა.

ყაზახეთის წვრილგორაკები აგებულია პალეოზოური ასაკის ძლიერ დისლოცირებული მეტამორფული ფიქლებით, კვარციტებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. ტერიტორიის 60% უკავია ინტრუზიულ და ეფუზიურ ქანებს. კალედონური და ჰერცინული ოროგენეზისის შედეგად წარმოქმნილი მაღალმთიანი მხარე, ეგზოგენური ძალების ზემოქმედებით დაიშალა და დადაბლდა; ძველი პენეპლენის დანეწევრების შედეგად წარმოიქმნა წვრილგორაკები. ჰავა კონტინენტურია. ნალექები 200-370 მმ წელიწადში. ზაფხულობით ხშირია გვალვა. დიდი მდინარეებია: იშიმი, ნურა, სარისუ. ტბებიდან აღსანიშნავია თენგიზი. ყაზახეთის წვრილგორაკების ჩრდილოეთ ნაწილში განვითარებულია ნაირბალახოვანი სტეპის ზონა, შუა ნაწილი უკავია მშრალ სტეპს, სამხრეთი ნაწილი — ნახევარუდაბნოს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]