ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი
| ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი | |
|---|---|
| Қазақстан Республикасы Президентінің жанындағы Қазақстан стратегиялық зерттеулер институты | |
| დაფუძნდა | 16 ივნისი, 1993 |
| ტიპი | სამთავრობო ორგანიზაცია |
| მდებარეობა | ასტანა |
| ქვეყანა | ყაზახეთი |
| https://kisi.kz | |
ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (ყაზახ. Қазақстан Республикасы Президентінің жанындағы Қазақстан стратегиялық зерттеулер институты") — ყაზახეთის სახელმწიფო დაწესებულება, რომლის მიზანია კვლევითი და ანალიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს ყაზახეთის პრეზიდენტსა და მის მთავრობას. ორგანიზაცია ახორციელებს კვლევებს, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო და შიდა საქმეებს, ასევე ყაზახეთის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. მიზანია, სახელმწიფო უზრუნველყოს პროგნოზირებადი მონაცემებით, რათა კვლევამ და ანალიზმა დადებითი გავლენა მოახდინოს ქვეყნის მართვაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაწესებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წინამორბედ ორგანიზაციას წარმოადგენდა სტრატეგიული კვლევების ცენტრი, რომელიც დაარსდა 1992 წელს. ცენტრი რეორგანიზებულ იქნა და გახდა სრულფასოვანი კვლევითი ინსტიტუტი მისი პირველი დირექტორის, დიპლომატის უმირსერიკ კასენოვის მიერ. სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დაფუძნების იდეას მხარი დაუჭირა ყაზახეთის ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ასანბაევმა. [1]
ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი ოფიციალურად დაარსდა 1993 წლის 16 ივნისს პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებულებით. მისი მისია იყო ყაზახეთის შემდგომი განვითარებისთვის გარე და შიდა ხასიათის სტრატეგიული საკითხების პროგნოზირებადი კვლევა და ანალიზი.[2][3]
ფუნქციონირების პირველ წლებში ინსტიტუტი აწყდებოდა რიგ სირთულეებს, ძირითადად მატერიალური რესურსებისა და საერთაშორისო და შიდა პოლიტიკურ საკითხებში კვალიფიციური ექსპერტების ნაკლებობის გამო.[1] ინსტიტუტმა დაიწყო ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ყაზახეთის სახელმწიფო მსოფლიო ენების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების, აღმოსავლეთმცოდნეებისა და ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების დასაქმება.
თავდაპირველად, საგარეო პოლიტიკის ანალიზის თვალსაზრისით, ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი ფოკუსირებული იყო ეროვნული ინტერესისა და ყაზახეთის უსაფრთხოების საკითხებზე. შიდა საკითხები, რომლებიც სულ უფრო აქტუალური ხდებოდა, თანდათან ინსტიტუტის ექსპერტების მეტ ყურადღებას იქცევდა. 1990-იან წლებში ინსტიტუტმა ადმინისტრაციას შესთავაზა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ხასიათის ყოვლისმომცველი რეფორმების ფონზე ჩაეტარებინათ ანალიზი. ინსტიტუტის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანა იყო, ისეთი საუკეთესო გზების პოვნა, რომლებიც საშუალებას მისცემდა ახალი კურსით მიმავალ ქვეყანას, დაეგეგმა თავისი გარე და შიდა პოლიტიკა.
თავდაპირველად ინსტიტუტი ძირითადად ეხებოდა ყაზახეთის ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული არსენალისა და START I-ში მისი მონაწილეობის საკითხებს. ექსპერტებმა მალე გააფართოვეს თავიანთი კვლევის არეალი და მოიცვეს გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები. მალე დირექტორმა კასენოვმა და ინსტიტუტის სხვა ექსპერტებმა დაამყარეს კონტაქტები და თანამშრომლობა მთელ რიგ გამორჩეულ ანალიტიკურ ცენტრებთან საზღვარგარეთ. უმირსერიკ კასენოვმა და მისმა კოლეგებმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწიეს, რათა გამოეყენებინათ თავიანთი პოტენციალი და გავლენა, რომ ბირთვული იარაღის საკითხი დადებითად გადაწყვეტილიყო ყაზახეთისთვის. შედეგად, 1994-1995 წლებში ყაზახეთმა მიიღო უსაფრთხოების გარანტიები მსოფლიოს ბირთვული ძალებისგან საბჭოთა ბირთვული არსენალის უარყოფის შეთანხმების სანაცვლოდ.[1]
როგორც კი ინსტიტუტმა გამოცდილება და რეპუტაცია მოიპოვა ყაზახეთში, მთელმა რიგმა მსოფლიო პოლიტიკის გამორჩეულმა ფიგურებმა გამართეს ვიზიტები, კერძოდ, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ 1993 წელს და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმზ ბეიკერმა 1996 წელს.
უმირსერიკ კასენოვმა მოახერხა პროფესიონალთა გუნდის შეკრება, რომლებსაც ჰქონდათ ექსპერტული გამოცდილება ბირთვულ ფიზიკაში, ეკონომიკაში, სინოლოგიაში, ისლამურ კვლევებსა და სხვა სფეროებში. ე. არინოვმა, მ. სპანოვმა, რ. ჟოლამანოვმა, კ. ხაფიზოვამ, დ. ელეუკენოვმა, კ. სიროეჟკინმა, ა. სულტანგალიევამ და ბევრმა სხვამ დიდი წვლილი შეიტანეს ინსტიტუტის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაში მისი ხელმძღვანელობის დროს. მოგვიანებით კ. აბუსეიტოვი და სხვა ექსპერტები დაასაქმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. თავის მხრივ, რამდენიმე ახალგაზრდა კარიერული დიპლომატი შეუერთდა აღნიშნულ ექსპერტთა ჯგუფს და შემოიტანა თავისი პრაქტიკული გამოცდილება, რამაც მოკლე დროში იმოქმედა დადებითად ინსტიტუტის საერთო მუშაობაზე. მას შემდეგ, ორივე სტრუქტურა განაგრძობს თანამშრომლობას.
უმირსერიკ კასენოვმა პირველივე წლებიდან დიდი წვლილი შეიტანა ინსტიტუტის წარმატებაში. თუმცა, ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უთანხმოების გამო, ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პირველი დირექტორი საბოლოოდ გადადგა თავისი თანამდებობიდან 1997 წელს.[1]
1990-იანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990-იანი წლების ბოლოს ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს ჰქონდა საკმაოდ რთული პერიოდი; წლის განმავლობაში ჰყავდა სამი დირექტორი. ლევ ტარაკოვმა მოახერხა ინსტიტუტის სრული დაშლის თავიდან აცილება და დაარწმუნა ზოგიერთი ექსპერტი დაბრუნებულიყო. დირექტორმა ტარაკოვმა ჩამოაყალიბა ინსტიტუტის ამჟამინდელი სტრუქტურის საფუძვლები. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მან შემოიტანა ახალი კვლევის მეთოდები, გააძლიერა კავშირები საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ანალიტიკურ პერსონალთან და წამოიწყო ჟურნალი „Kazakhstan-Spectrum“.
ალმა სულთანგალიევა ლევ ტარაკოვის შემდეგ გახდა ინსტიტუტის დირექტორი. როგორც აკადემიკოსმა აღმოსავლეთმცოდნემ, ახალმა დირექტორმა ანალიზურ საქმიანობას უფრო აკადემიური ხასიათი მისცა, მეტი ყურადღება დაეთმო ისლამის საკითხებს. ანალიტიკური ფოკუსის ეს ცვლილება დროული აღმოჩნდა, რადგან ისლამური ფაქტორი მსოფლიო პოლიტიკაში და განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში უფრო მნიშვნელოვანი გახდა. 1998 წელს ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა ერმუხამეთ ერთისბაევი. დირექტორ ერთისბაევს ჰქონდა როგორც პოლიტიკური, ისე აკადემიური გამოცდილება. მან შეძლო აქტიური დიალოგის დამყარება ოპოზიციასთან.
მიმდინარე მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წელს ინსტიტუტში დაინიშნა ახალი ხელმძღვანელობა ახალგაზრდა აკადემიკოს მაულენ აშიმბაევის მეთაურობით, რომელიც ადრე ზედამხედველობდა საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ანალიტიკურ სამუშაოს. ინსტიტუტი იმ დროს ანგარიშვალდებული იყო მარატ ტაჟინისა და პრეზიდენტთან არსებული პოლიტიკური ანალიზის ცენტრის წინაშე. გამწვავებული საერთაშორისო მდგომარეობის, ცენტრალურ აზიაში უსაფრთხოების მზარდი საფრთხეების (ძირითადად ავღანეთიდან გამომდინარე), 9/11-ისა და შემდგომი აშშ-ს მიერ მართული ანტიტერორისტული ოპერაციების, ასევე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში, ინსტიტუტმა გააძლიერა ურთიერთანამშრომლობა უშიშროების საბჭოსთან და სხვა უსაფრთხოებისა და ანალიტიკურ სტრუქტურებთან. ინსტიტუტში ჩატარებული ანალიზი ასახავდა ამ მოვლენებს.[1] აშიმბაევის დროს ინსტიტუტმა გააძლიერა მუშაობა ყველა მიმართულებით: გარე და შიდა უსაფრთხოება, ყაზახეთის სტრატეგია ახალ საერთაშორისო გარემოში, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და კასპიის საკითხები. მაულენ აშიმბაევმა დაამყარა მყარი კომუნიკაცია საპრეზიდენტო ადმინისტრაციასთან; ინსტიტუტის მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალები პირდაპირ გადაეცემოდა მიმღებებს. პუბლიკაციების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა; ინსტიტუტმა დაიწყო ოთხი ჟურნალის გამოცემა; ორი რუსულ ენაზე, ერთი ყაზახურ ენაზე და ერთი ინგლისურ ენაზე. დირექტორმა აშიმბაევმა ინსტიტუტში ყაზახური ენა სრულფასოვან სამუშაო ენად აქცია. გაორმაგდა ანალიტიკური მასალებისა და პუბლიკაციების რაოდენობა ყაზახურ ენაზე.
2005 წელს ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა ბულატ სულთანოვი, რომელმაც თავისი ვრცელი დიპლომატიური გამოცდილება მიმართა ინსტიტუტის უცხოურ კვლევით და ანალიტიკურ დაწესებულებებთან უფრო ფართო თანამშრომლობისკენ. დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები რიგ ევროპულ, უპირველეს ყოვლისა გერმანულ სტრუქტურებთან, კერძოდ, გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭოსთან (DGAP), გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების ინსტიტუტთან (SWP), ფრიდრიხ ებერტის ფონდთან (FES), ჯორჯ მარშალის ევროპის უსაფრთხოების კვლევების ცენტრთან. ინსტიტუტის თანამშრომლობა გაფართოვდა და მოიცვა აზიური პარტნიორები ჩინეთში (შანხაის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტი), ინდოეთში (ჯავაჰარლალ ნერუს უნივერსიტეტი), ასევე რუსეთში (რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია).
2014 წლის 11 აპრილს ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი გადავიდა ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებულებით.[4]
2014 წლის 16 ოქტომბერს ერლან კარინი დაინიშნა ინსტიტუტის დირექტორად ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებით.[5] იმავე დღეს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ინსტიტუტი დაგეგმავს თავის საქმიანობას პრეზიდენტის, ყაზახეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მისი შესაბამისი მოადგილის მიმდინარე და სამომავლო ამოცანებიდან გამომდინარე და იმუშავებს ყაზახეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის საერთო ხელმძღვანელობითა და ყაზახეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის შესაბამისი მოადგილის ოპერატიული მართვის ქვეშ.[6]
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი ახორციელებს საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების, სოციალური და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საკითხების კვლევასა და ანალიზს შემდეგი დეპარტამენტების ფარგლებში:
- საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიზის დეპარტამენტი;
- სოციალური და პოლიტიკური ანალიზის დეპარტამენტი;
- ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი;
- ინფორმაციისა და გამომცემლობის დეპარტამენტი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 Мурат Лаумулин. 10 лет спустя Russian. Континент. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2013-01-27.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. ციტირების თარიღი: 2013-01-27.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Александра Алехова. (2008-06-17) Russian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-27. ციტირების თარიღი: 2013-01-27.
- ↑ Указ Президента Республики Казахстан от 11 апреля 2014 года № 793 "О передислокации Казахстанского института стратегических исследований при Президенте Республики Казахстан в г. Астану". ციტირების თარიღი: 2014-04-27.
- ↑ Ерлан Карин возглавил Казахстанский институт стратегических исследований (16 October 2014). ციტირების თარიღი: 2014-10-27.
- ↑ Указ Президента Республики Казахстан от 16 октября 2014 года "О внесении изменений в Указ Президента Республики Казахстан от 13 августа 1997 года № 3614 «Об утверждении Положения о Казахстанском институте стратегических исследований при Президенте Республики Казахстан". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-18. ციტირების თარიღი: 2014-10-24.