ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია თბილისში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესია, მისიონერების ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მეორე ეკლესია — თბილისში, კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების მიერ აშენებული მეორე სამლოცველო სახლი-ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლოკნებით დასახლებულ უბანში — კუკიაზე, ყოფილი ანდრიას ქუჩისა და მოლოკნების ჩიხის გადაკვეთაზე 1892 წლის 17 ოქტომბერს დიდი პომპეზურობით ჩაუყარეს საძირკველი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მისიონერების მეორე ეკლესიას. იგი თავდაპირველად განთავსებული იყო ბარაკული ტიპის შენობაში, „ტაძარს ხალხი მიეძალა, თავიდან ცოტა…წირვაზე მეტად ხალხი მისიონერულ საუბრებს ესწრებოდა. ესენი გარეუბნის მცხოვრებნი იყვნენ, მეტ წილად მოლოკნები…“. -წერს ს. გოროდცევი - “აქ პირდაპირ მიწაზე აგურის იატაკი დააგეს, შემოსასვლელში პატარა ზარი დაკიდეს და შენობა საჭირო ინვენტარით მოამარაგეს”.

სულ მალე ეკლესია მლოცველებს ვეღარ იტევდა და ამიტომ კარგ ამინდში წირვა ღია ცის ქვეშ ანდრიას მოედანზე მიმდინარეობდა. უამინდობისაგან დასაცავად პირდაპირ მოედანზე ხის ბოძები ჩაარჭეს და გადახურეს, მაგრამ გაზრდილ მრევლს ვერც ეს დროებითი გადახურვა აკმაყოფილებდა. ამიტომ ახალი დიდი ქვის ეკლესიის აშენება გადაწყდა.

1893 წლის 30 მაისსს. გოროდცევის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ახალ ქვის ეკლესიას, რომლის პროექტიც შეადგინა ეკლესიის მამასახლისმა, ინჟინერმა ბუტკევიჩმა. მათ მშენებლობა დაიწყეს, მაგრამ თანხის სიმცირის გამოეკლესიის დამთავრება იმავე წელს ვერ მოხერხდა. შესძლეს მხოლოდ კედლების ამოყვანა და დაშლილი ბარაკიდან შემორჩენილი ფიცრებით სახურავის მოწყობა: „ბარაკის ტიპის ტაძარში ბოლო ღვთისმსახურება შესრულდა და ტაძარი დაშალეს. წმინდა ტრაპეზს მესერი შემოავლეს, შიგნით კი ჯვარი აღმართეს. ტაძრის გაუქმებამ გული დასწყვიტა ხალხს, რომელიც ათი თვის მანძილზე შეეჩვია ამ ეკლესიას. თუმცა, ახლა დროებითის ნაცვლად ახალი მუდმივი ეკლესიის აგება გადაწყვიტეს კუკიის უბანში და ფულიც საკმაოდ შეგროვდა ქვის მუდმივი ტაძრის ასაგებად, “– აღნიშნულია ამ ეკლესიისადმი მიძღვნილს პეციალურ ბროშურაში.

ხის გადახურვა ცუდი დამცველი აღმოჩნდა. წვიმის წყალი დაუსრულებლად ჩამოდიოდა ეკლესიაში: „დიდშაბათს ისევ ძლიერ წვიმდა და ლიტურგიის დროს ეკლესიაში იმდენი წყალი დადგა, რომ მღვდელს პროცესიის დროს ანაფორის ბოლოები დაუსველდა, დიდი რაოდენობით ხალხი კი წირვის ბოლომდე… ეკლესიაში იმყოფებოდა (ზოგიერთი ქოლგის ქვეშ) “, – ვკთხულობთ ბროშურაში. ეკლესიის დამთავრებისათვის საჭიროთანხის ნაწილი კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოებამ გამოყო, ნაწილი წმინდა იოან კრონშტადტელმა გამოაგზავნა. ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა 1894 წლის სექტემბერში დასრულდა.

როგორც 1897 წლის „საქართველოს საექსარხოსოს სასულიერო მოამბეში“ ვკითხულობთ, ეკლესია „შიგნიდან ჯვრის ფორმისა იყო, ლამაზად გამოყვანილი გუმბათით. დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ მხრიდან მოწყობილი იყო ქორო. ეკლესიაში ერთდროულად ეტეოდა 800 მლოცველ ზემეტი. მის შიგნით დაიდგა მოვერცხლილ-მოჩარჩოებული ლამაზი კანკელი. ეკლესიაში დაბრძანებული იყო ოქროთი და ვერცხლით მოვარაყებულ მუხის ჩარჩოში მოთავსებული ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და სხვა შემოწირული ძვირფასი ხატები.

საქართველოს ეგზარქოსის ვლადიმერის ინიციატივით საეპარქიო ქალთა სასწავლებლის სააქტო დარბაზში 1897 წლის 19 ოქტომბერს საზეიმოდ დაფუძნდა მისიონერული სასულიერო-საგანმანათლებლო საძმო, რომელმაც გადაწყვიტა ბინა დაედო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში. ეკლესიის შენობა საკმარისი არიყო საძმოს საქმიანობის განსახორციელებლად. ამისათვის გადაწყდა დამატებით სახლის აშენება, რისთვისაც საძმომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ჯამბაკურ-ორბელიანისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი. ამ ნაკვეთზე ინჟინერ კ. ბუტკევიჩის პროექტით აშენდა შენობა, რომელშიც საძმო იწყებს თავის საქმიანობას. 1899 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ფლავიანემ აკურთხა ახლადაგებული შენობა, რომელშიც განთავსებული იყო ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი. საძმოს დიდ დარბაზში ერთდროულად 800 ადამიანი ეტეოდა. ბიბლიოთეკა უფასო იყო ყველასათვის.

1910 წელს გადაწყდა ეკლესიის შენობის გადაკეთება დაპროექტის შედგენა არქიტექტორ ი. დაცმანს დაევალა. მისი პროექტით აშენებული დამხმარე ნაგებობები დღესაც შემორჩენილია გ. ჩუბინაშვილის ქუჩაზე. 1900 წელს თბილისის მისიონერთა საძმომ გახსნა სამი სამრევლო სკოლა, რომელშიც 300-მდე ადამიანი სწავლობდა. მალე სკოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მისიონერების მეორე ეკლესიაში შეწყდა ღვთისმსახურება. თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულია 1924 წლით დათარიღებული № 40 სკოლის გამგის განცხადება. იგი მიმართავს თბილისის სახალხოგანათლების განყოფილებას: „ამ დღეებში უნდა ჩავიბარო სკოლის საჭიროებისათვის მისიონერთა ეკლესიის შენობა. მოხსენებულ ეკლესიაში იმყოფება ზოგიერთი ისეთი ნივთი, რომელიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს სკოლისათვის, მაგ. ელსანათის საანგარიშო, ელ-სანათურები, კიბეები, კამოდი, შკაფი, მაგიდა, სკამები და სხ. ვინაიდან სკოლა ძლიერ ღარიბია ინვენტარით, რაც სახ. გან. განყ. მოეხსენება, ამიტომ გთხოვთ აღძრათ შუამდგომლობა…რათა გადმოეცეს სკოლას გამოსადეგარი ნივთები. “ამწერილის საფუძველზე ქალაქის სახალხო განათლების განყოფილების გადაწყვეტილებით სკოლას გადაეცა„…მისიონერთა ეკლესიიდან შუამდგომლობაში აღნიშნული ნივთები, რაც მათ ძლიერ ესაჭიროება. “(ფ. 15. ან 1. საქ 32. )

თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულ 1935 წელით დათარიღებულ (ფ 1. ან 4 ს. 200) დოკუმენტში „სია ქალაქ ტფილისის ტერიტორიაზე მყოფ სამლოცველოების “მისიონერების ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ, რომ „მიულიტინის და ანდრეევის ქუჩების კუთხეში “არსებული ეკლესია უმოქმედოა და მასში განთავსებულია ტოპოგრაფიული ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელი. ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მისიონერების მეორე ეკლესია საბჭოთა პერიოდში, 1957 წელს დაანგრიეს და მის ადგილას საშუალო სკოლის სპორტული მოედანი ფუნქციონირებდა.

დღეისათვის დანგრეული ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიის ადგილას 2008 წელს აშენებული ახალი ტაძარია, რომელიც ისევ ყაზანის ღვთისმშობლის სახელობაზე ეკურთხა. ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს დ. კლდიაშვილისქუჩისN10-ში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 477-479