შინაარსზე გადასვლა

ყაბარდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყაბარდია)
ყაბარდოს სამთავრო
Къэбэрдей Хэгъэгу

1453 — 1825
დროშა გერბი
დედაქალაქი ნალჩიკი
ენა ყაბარდოული
რელიგია ხაბზეიზმი
მართლმადიდებლობა
სუნიზმი
წინამორბედები:
კასოგიელები
მემკვიდრეები:
ჩერქეზეთი
რუსეთის იმპერია

ყაბარდო (ყაბ. Къэбэрдей), აგრეთვე ცნობილია, როგორც ყაბარდოს სამთავრო (ყაბ. Къэбэрдей Хэгъэгу) — ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ისტორიული მხარე, რომელიც მოიცავს თანამედროვე ყაბარდო-ბალყარეთის დიდ ნაწილს. ყაბარდოში მოქმედებდა სხვა ჩრდილოკავკასიელებზე უკეთესი „ფედერალური“ პოლიტიკური სტრუქტურა. იგი, როგორც პოლიტიკური ერთეული XV საუკუნეში შეიქმნა და არსებობდა XIX საუკუნემდე, სანამ რუსეთის იმპერიას დაექვემდებარებოდა.

ისტორიულად ყაბარდო ორ ნაწილად იყოფოდა: დიდ ყაბარდოდ და მცირე ყაბარდოდ. დიდი ყაბარდო ცენტრალური კავკასიონის ჩრდილო კალთებზე მდინარე მალკასა და თერგს შორის მდებარეობდა, ხოლო მცირე ყაბარდო — თერგზე.

ყაბარდოელები ახლომდებარე ჩერქეზების მონათესავეები არიან და ითვლება, რომ ისინი სწორედ მათი ერთ-ერთი ტომიდან წარმოიშვნენ. ლეგენდის მიხედვით, ყაბარდო ჩერქეზთა მეფე ინალ დიდმა დააარსა. მიუხედავად ამ ლეგენდის პოპულარობისა, მისი დამამტკიცებელი ოფიციალური დოკუმენტები და წყაროები არ არსებობს. თუმცაღა, 1475 წლის თურქულ წყაროებში უკვე იხსენიება ყაბარდო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ლეგენდა სიმართლეს მოკლებული არ უნდა იყოს, რამეთუ მის მიხედვით ეს მხარე 1453 წელს უნდა დაარსებულიყო. უკვე XVI საუკუნეში ოქროს ურდოს დაშლის შედეგად ჩამოყალიბებული ყირიმის სახანოსა და ნოღაის ურდოს თათრები სტაბილურად არბევდნენ ჩრდილოკავკასიელებს. რიჩმონდმა შემოგვინახა საკუთრივ ყაბარდიის დარბევის თარიღები, რომელიც ასე გამოიყურება: 1521, 1518, 1510, 1519, 1539, 1547, 1551, 1566, 1567, 1578 (ამ წლებში მათ ყაბარდო მხოლოდ გაზაფხულზე დაარბიეს), 1670-იანები, 1708, 1720, 1735, 1740, 1760, 1761 და 1777[1].

იმის გამო, რომ ყირიმელი თათრები რუსულ დასახლებებსაც არბევდნენ, ყაბარდო და რუსეთი, როგორც საერთო პრობლემის მქონე ქვეყნები, ნელ-ნელა დაახლოვდნენ. 1552 წელს ყაბარდიის საელჩო უკვე მოსკოვში გაიხსნა. 1556 წელს ყაბარდოელებმა და კაზაკებმა მთავარ თემრიუკის მეთაურობით ერთობლივად აიღეს ტამანის ნახევარკუნძულზე მდებარე ციხესიმაგრე. 1556 წელს, ასტრახანის აღებისას, რუსებს ასევე მოკავშირეებად ჰყავდა ყაბარდოელები. 1561 წელს, ყაბარდოელებთან კავშირის გასამყარებლად ცარმა ივანე IV მრისხანემ ცოლად შეირთო თემრიუკის ასული მარია. 1569 წელს, ასტრახანზე წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ ოსმალეთში მიმავალი თურქები გზად ყაბარდოელებმა ამოხოცეს. 1570 წელს თემრიუკი ყირიმელებთან ბრძოლაში მოკლეს. ამის შემდეგ, თემრიკისა და მისი ქალიშვილის გარდაცვალებითა და ლივონიის ომში განცდილი დანაკარგების გამო, რუსეთი ყაბარდოელებსაც და კავკასიასაც 200 წლით ჩამოშორდა.

ამის შემდეგ ყაბარდო ორ დიდ ფრაქციად გაიყო: რუსეთისა და ოსმალეთის მომხრეებად. რუსეთის მომხრეებმა ყაბარდოში კაზაკური წარმოშობის რუსების ჩამოსახლება დაიწყეს. ამას მოჰყვა 1739 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ყაბარდოს ბუფერულ სახელმწიფოდ გამოცხადება[2].

1763 წლის 28 ივლისს, რუსული ჯარების რაზმი, რომელიც შედგებოდა 287 რეგულარული ჯარისა და კაზაკისგან, პოდპოლკოვნიკი გაკის მეთაურობით, ყაბარდოში — მოზდოკის ტრაქტში ჩავიდა ახალი ციხესიმაგრის ასაშენებლად. დიდი ყაბარდოს ელჩმა, რომელიც იმპერატრიცა ეკატერინე II-მ 1764 წელს მიიღო, მოითხოვა ციხესიმაგრის მშენებლობის შეჩერება, მაგრამ უარი მიიღო. ცარისტულმა მთავრობამ, თურქეთთან ადრიანოპოლის ზავის დებულებების მოყვანით, ჩერქეზულ მიწებზე თავისი უფლებები დაადასტურა.

1774 წელს გაფორმებული ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით ყაბარდო რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო, ოღონდ ყირიმის სახანოსთან კონსულტაციისა და თანხმობის შემდეგ.

ვიკიციტატა
„ორივე ყაბარდო, ანუ დიდიც და პატარაც, თათრებთან მეზობლობის გამო, დიდი კავშირში იმყოფებიან ყირიმელ ხანებთან, რის გამოც მათი (ყაბარდოს) რუსეთის საიმპერატორო კარისთვის კუთვნილება დამოკიდებული იქნება ყირიმის ხანისა და თათართა უხუცესთა საბჭოს კეთილ ნებაზე.“
(Обе Кабарды, то есть Большая и Малая, по соседству с Татарами, большую связь имеют с Ханами Крымскими; для чего принодлежность их Императорскому Российскому Двору должна представлена быть на волю Хана Крымского, с советом его и с старшинами татарскими.[3])

1778 წელს ყაბარდოელი მთავრების უკმაყოფილება ყაბარდოში რუსული ყოფნის წინააღმდეგ პირველ მასშტაბურ აჯანყებაში გადაიზარდა. იმავე წელს აჯანყება გენერალმა ი.ვ. იაკობიმ ჩაახშო, რომელმაც ყაბარდოს უზარმაზარი კომპენსაცია დააკისრა, რითაც ყაბარდოელი ხალხი გაღატაკდა.

1783 წლის 8 აპრილს მოხდა რუსეთის იმპერიის მიერ უშუალოდ ყირიმის სახანოს ანექსია და შესაბამისად 1774 წლის ზავის პირობების დაცვა ნებართვის მისაღებად აღარ იყო საჭირო (იმავე წლის 4 აგვისტოს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი). 1784 წელს დასრულდა ყაბარდოს დაქვემდებარებულ ოსეთში — ვლადიკავკაზის ციხის აგება.

XIX საუკუნის დასაწყისშივე ჩრდილოკავკასიელებს თავს შავი ჭირი დაატყდათ, რომელიც 30-იან წლებამდე გაგრძელდა. დადგენილია, რომ ამ ეპიდემიამ ყაბარდიის მოსახლეობის 90% შეიწირა. 1790 წელს 200,000 ყაბარდოელი გარდაიცვალა ამ სენით, 1830 წელს კი 30,000. 1804 წელს მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში საყოველთაო აჯანყება გამძვინვარდა. გაწვრთნილი არტილერიის დამსახურებით რუსებმა სამჯერ დაამარცხეს ამბოხებულები. დაახლოებით 1810 წელს, რუსებმა 200-მდე ყაბარდოული სოფელი გაანადგურეს. 1822 წლიდან კი დაიწყეს ახალი ციხესიმაგრეების შენება. 1820-იან წლებში იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გენერალ ერმოლოვს ჩააბარა კავკასიური კამპანიის ხელმძღვანელობა, რომლის დროსაც საბოლოოდ განადგურდა ყაბარდო, როგორც დამოუკიდებელი ერთეული და მიუერთდა რუსეთის იმპერიას.

  • ქანთარია მ., ყაბარდოს სამეურნეო ყოფის ისტორიიდან, თბ., 1982.
  • Селиванов А. Ф. Кабарда // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • К. Кабардинцы // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Штернберг Л. Я. Черкесы // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Черкасские // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Думанов Х. М. Территория и расселение кабардинцев и балкарцев в XVIII — начале XX веков
  • David Rumsey Historical Map Collection. Historic Maps of Caucasus (англ.)
  • ВОСТОЧНАЯ ЛИТЕРАТУРА: средневековые исторические источники Востока и Запада. КАВКАЗ
  • Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа. Выпуск 12. 1891г.
  • Бурнашев С., Описание горских народов, 1794
  1. Richmond @kindle1342 'In 1777 Greater Kabardia was invaded by both Russians and Crimeans.' The last Crimean raid on Russia seems to have been in 1769. It became a Russian vassal in 1774. Was this the last Crimean raid before it was annexed in 1783? Richmond does not pursue the matter.
  2. Richmond has Treaty of Belgrade here. Other sources have Treaty of Nish. The diplomatic status of the north Caucasus was always vague.
  3. Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XIX, указ 14.164, арт. 21, ст. 964