ღუზის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღუზის მოედანი ღამით

ღუზის მოედანი (რუს. Якорная площадь) 1993 წლამდე რევოლუციის მსხვერპლთა მოედანი (რუს. площадь Жертв Революции) — ცენტრალური მოედანი ქალაქ კრონშტადტში. მდებარეობს ქალქის ისტორიულ ცენტრში საბჭოთა ქუჩასა და შემოვლით არხს შორის. მოედანს დასავლეთიდან ესაზღვრება კრონშტადტის საადმირალოს კედელი, აღმოსავლეთიდან - კრონშტადტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი. ღუზის მოედანს საბჭოთა ქუჩის მხრიდან უკავშირდება საბჭოთა ხიდი, ხოლო მანეჟის შესახვევის მხრიდან მაკაროვსკის ხიდი და ზედა დოკის ხიდი.

ღუზის მოედანზე შემონახულია უნიკალური თუჯის ქვაფენილი, რომელიც თითქმის ერთადერთია რუსეთში. თუჯის ქვაფენილიანი ღუზის მოედანი გადაჭიმულია 200 მეტრზე (15 ათასი თუჯის კენჭი). 2012-2013 წლებში მიმდინარეობდა რესტავრაცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლება, რომ ღუზის მოედანი აღნიშნულ ადგილზე დაარსდა 1754-1898 წლებში და სახელიც ეწოდა აქ არსებული ღუზების საწყობის შედეგად. 1861 წელს მისი ტერიტორია დანარჩენი საადმირალოს ადგილისაგან გამოიყო გრძელი ქვის კედლით - ამ ქმედებით ჩამოყალიბდა ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი. მოედანს ოფიციალურად როდის ეწოდა ღუზის მოედანი არაა ცნობილი. ისტორიულ ესსეში, რომელიც მიჩმანმა დოროგოვმა გამოსცა 1908 წელს, ეს სახელი ფიგურირებს, მაგრამ 1912 წლის დოკუმენტებში, ადმირალ მაკაროვის ძეგლის დადგმისას მას ეწოდება „გასაყარი მოედანი“. 1918 წელს კი უკვე ოფიციალურად ეწოდა რევოლუციის მსხვერპლთა მოედანი (1993 წლამდე ზოგჯერ ოფიციალურადაც კი გამოიყენებოდა ტერმინი - რევოლუციის მოედანი), თუმცა მოსახლეობა მას მაინც ღუზის მოედანს უწოდებდა, ისევე როგორც ლენინგრადელები 25 ოქტომბრის პროსპექტს უწოდებდნენ ნევის პროსპექტს და ა. შ.

თებერვლის რევოლუციის პერიოდში ღუზის მოედანზე დახოცეს რამდენიმე ათეული ოფიცერი, მათ შორის სამხედრო გუბერნატორი და კრონშტადტის ნავსადგურის მთავარი ხელმძღვანელი ვიცე-ადმირალი რობერტ ვირენი. 1917 წლის მარტში მოედანზე ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს 1906 წლის კრონშტადტის აჯანყების დროს დაღუპულები. აქვე დაკრძალეს 1917, 1919 და 1921 წლებში დაკრძალულები, სულ 600 ადამიანი, თუმცა ძეგლზე მითითებულია მხოლოდ 40 გვარი. სულ ბოლოს 1980-იან წლებში აქ დაკრძალეს ბალტიის ფლოტის მთავარი კომისარი ივან ფლეროვსკი (1888-1959 წწ.). 1974 წლის 3 ნოემბერს ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე გაიხსნა რევოლუციის მსხვერპლთა ძეგლი, ხოლო 1980 წლის 6 ნოემბერს მუდმივი ცეცხლი აანთეს.

ღუზის მოედანი ყოველთვის იყო მოსახლეობის და ქალაქის სტუმრების დასვენების, სამხედრო აღლუმებისა და მიტინგების ადგილი. სწორედ აქ გაიმართა 15-ათასიანი მიტინგი, რასაც შემდეგ მოჰყვა 1921 წლის კრონშტადტის აჯანყება, როდესაც ქალაქის გარნიზონი და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გამოვიდა მოწოდებით „საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბოლშევიკების გარეშე!“ აღნიშნულ მიტინგზე გამოვიდა სრულიად რუსეთის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ კალინინი, თუმცა მისი გამოსვლა ჩაიშალა და იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მიტინგი და შემდეგ კრონშტადტიც.

დიდი სამამულო ომის პერიოდში მოედანზე განთავსებული იყო საარტილერიო ნაწილები. სამამულო ომის ამბებზე მოგვითხრობს ხაზის გემი „ოქტომბრის რევოლუცია“ და დიდების კედელი (გაიხსნა 2009 წელს).

ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუდმივი ცეცხლი და საზღვაო ტაძარიღუზის მოედანზე

კრონშტადტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძრის მშენებლობის საკითხი დგას ჯერ კიდევ 1830-იანი წლებიდან, თუმცა მისი მშენებლობის შესახებ თანხმობა მხოლოდ 1897 წლისთვის მიიღეს.

ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს ღუზის მოედანზე, სადაც ადრე იდო ძველი ღუზა. აქ შესაძლებელი გახდა ტაძრის გარშემო პარკის შექმნა და ადგილის გამოყოფა ლიტანიობისთვის. მშენებლობის პირობა იყო ის, რომ ტაძარი უნდა ყოფილიყო იმ სიმაღლე, რომ მეზღვაურებს პირველი სწორედ მისი ჯვარი დაენახათ.

1901 წელს მიიღეს არქიტექტორ ვასილი კოსიაკოვის პროექტი, რომელიც დაამტკიცეს 1901 წლის 3 ივნისს. ტაძრის დაპროექტებაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ინჟინრები ვლადიმირ შავერნოვსკი და ალექსანდრე ვიქსელი.

1902 წლის 14 სექტემბერს დაწყო ტაძრის მშენებლობა, რომლის დროსაც ლოცვა აღავლინა იოანე კრონშტადტელმა და მონაწილეობდა ვიცე-ადმირალი სტეფან მაკაროვი.

1903 წლის 21 მაისს შედგა ტაძრის საზეიმო მშენებლობის აწყება, რომელშიც მონაწილეობდა იმპერატოი ნიკოლოზ II, დედოფლები ალექსანდრა თედორეს ასული და მარია თედორეს ასული, დიდი თავადი მიხეილი, ალექსი და ვლადიმირ ალექსანდრეს ძეები. ლოცვის დასრულების შემდეგ მოხდა ტყვიამფრქვევების 31-ჯერ გასროლა.

1907 წლისათვის ტაძარი თითქმის მზად იყო, დაიწყო შიდა სამუშაოები. ტაძრის მშენებლობის ღირებულებამ შეადგინა 1 876 000 რუბლი. ტაძრის კურთხევა შედგა 1913 წლის 23 ივნისს. ტაძარი აკურთხა სამხედრო საზღვაო სასულიერო პირმა გიორგი შაველსკიმ, დიაკვან ალექსი სტავროვსკის დახმარებით. ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა 1927 წლამდე.

1929 წლის 1 ივნისს ლენინგრადის ოლქის აღმასკომის პრეზიდიუმმა მიიღი გადაწყვეტილება ტაძრის დახურვის შესახებ. 1929 წლის 14 ოქტომბერს ტაძარი საბოლოოდ დაიხურა. ტაძრის სიმდიდრე გადაეცა სახელმწიფო ფონდს.

1930 წლის 14 თებერვალს ღუზის მოედანზე გაიმართა ანტირელიგიური მიტინგი. ტაძარს საზემოდ მოხსნეს ზარები და ჯვრები.

დახურვის შემდეგ მასში განათავსეს მაქსიმ გორკის სახელობის კინოთეატრი. დიდი სამამულო ომის დროს მის გუმბათზე სათვალთვალო კოშკი გახსნეს. საარტილერიო დაბომბვის დროს ტაძარს რამდენიმე ბომბი დაეცა. 1956 წელს ტაძარში 1 250 კაციანი საკონცერტო დარბაზი გამართეს. 1974 წელს ტაძარში ცენტრალური სამხედრო-საზღვაო მუზეუმის ფილიალი გაიხსნა.

2002 წელს ტაძრის გუმბათზე აღმართეს ჯვარი და გაგრძელდა მისი რესტავრაცია. ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 19 ნოემბერს რელიგიური ფასეულობებიც დაუბრუნდა ეკლესიას[1].

2012 წლის 19 აპრილს პატრიარქმა კირილმა აკურთხა ტაძარი. ცერემონიალში მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი[2].

ადმირალ მაკაროვის ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წელს კრებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ვიცე-ადმირალ ს. მაკაროვის ხსოვნას, დაარსდა კომიტეტი, რომელსაც უნდა შეეგროვებინა ფინანსები ძეგლის ასაშენებლად[3]. მოიწონეს მოქანდაკე ლეონიდ შერვუდის პროექტი, ხოლო ძეგლის დამონტაჟების ადგილად შეარჩიეს კრონშტადტის ღუზის მოედანი საზღვაო ტაძრის წინ მდებარე ტერიტორია.

ს. მაკაროვის ქანდაკება ჩამოასხეს ბრინჯაოსაგან სანქტ-პეტერბურგში კარლ რობეკის ქარხანაში. აქვე დაამზადეს ძეგლის ბარელიეფები.

გრანიტის კლდე, რომელზეც აღმართეს ვიცე-ადმირალის სკულპტურული პორტრეტი, განკუთვნილი იყო პავლე I-ის ძეგლისათვის, მაგრამ ბარჯა, რომელსაც კლდე მიჰქონდა ვიბორგიდან სანქტ-პეტერბურგში, ჩაიძირა ვიბორგის ყურეში. ასსამოცწლიანი კლდე, რომელიც ასი წელი ზღვის ფსკერზე იყო, 1911 წელს წყლიდან ამოიღეს ნიკოლოზ II-ის ბრძანებით. 1913 წელს იგი დადგეს კრონშტადის პეტრეს პარკში.

კვარცხლბეკის დასამონტაჟებლად მოამზადეს ბაზა, მოპირკეთებული მარმარილოთი.

ღუზების ჯაჭვი და ღუზები, რომელიც ძეგლს ღობის ნაცვლად ჰქონდა შემოვლებული, მიიტანეს კრონშტადტის სამხედრო ნავსადგურიდან[4].

1913 წლის 24 ივლისს (ახ. სტილით 6 აგვისტო) ძეგლი გახსნეს ნიკოლოზ II-ის მონაწილეობით.

სხვა ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძმათა სასაფლაო ეძღვნება 1905-1906, 1917-1921 და 1919 წლებში დაღუპულთა ხსოვნას.
  • ორქვემეხიანი საარტილერიო 76 მმ-იანი 81-К ხაზის გემი „ოქტომბრის რევოლუცია“. მისი მეთაური იყო ივან ტომბასოვი, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად, 1943 წლის 16 აპრილს, გემი გადაარჩია აფეთქებას.
  • „ოქტომბრის რევოლუციის“ ორი ღუზა, ჯამში 2,6 ტონა.
  • დიდების კედელი - გაიხსნა 2000 წლის 9 მაისს დიდი სამამულო ომის დროს კრონშტადტისა და ლენინგრადის დამცველთა პატივისცემის ნიშნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 141. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Госдума приняла закон о передаче религиозного имущества.
  2. Медведев присутствует на освящении Морского собора в Кронштадте // РИА Новости. — 19 апреля 2012
  3. Энциклопедия Санкт-Петербурга. Памятник С.О. Макарову. წაკითხვის თარიღი: 25 мая 2008.
  4. Токарева Л.И. Памятник адмиралу Степану Макарову // Кронштадтский вестник. — 2005.