ღრომის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღრომის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრომის მიდამოებში, მთაზე. განვითარებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, სქელ დუღაბზე.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია შებრტყელებული საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდში შემორჩენილია მოხატულობა.

ჩრდილოეთი კედელი პილასტრების საშუალებით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებზე გადაყვანილია კედლის თაღები. შემორჩენილია კამარის საბრჯენი თაღის ქვედა ნაწილი, რომელიც კრონშტეინებს ეყრდნობა. კედლების ძლიერი დაზიანების გამო სარკმლები არ იკითხება.

ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები ჰქონდა. სამხრეთი მინაშენი სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია შებრტყელებული აბსიდით. მინაშენის აბსიდი, ეკლესიის აბსიდის ანალოგიურია. ცენტრში იკითხება სარკმლის კვალი. მინაშენის დასავლეთი კედელი უფრო გრძელია ეკლესიის აღმოსავლეთ კედელთან შედარებით. იგი ეკლესიას უკავშირდება ფართო, თაღოვანი გასასვლელით.

ჩრდილოეთი მინაშენის მხოლოდ საძირკვლის მცირე ფრაგმენტები ჩანს.

ეკლესიას ეტყობა მრავალი გადაკეთების კვალი. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 204-205