ღრომის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღრომის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრომში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია სოფლიდან აღმოსავლეთით 3 კმ-ში, მთაზე მდებარეობს. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია ფიქალი.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო ღრმა ნიშია. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შე-მორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტები. აბსიდის იატაკის დონე ერთი საფეხურით მაღალია დარბაზისაზე.

ეკლესიის კამარა კოლოფაა. კამარის საბრჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედელში მოთავსებულია ნიშა. ნიშის მარცხენა, ქვედა კუთხეში მცირე სარკმელია; სარკმელია დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც.

სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. შესასვლელის თავზე ლუნეტია. ეკლესიის ფასადები სადაა, ყოველგვარი დეკორის გარეშე.

კამარა და კონქი დაზიანებულია. კედლები მრავალ ადგილას დაბზარულია. მიწის დონე ძლიერ არის აწეული. სახურავი ჩამოცვენილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 205-206