ღოლამ რეზა ნიკპეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღოლამ რეზა ნიკპეი
ღოლამ რეზა ნიკპეი
სპარს. غلامرضا نیک‌پی
თეირანის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი 1969 – 23 აგვისტო 1978
წინამორბედიჯავად შაჰრესტანი
მემკვიდრეჯავად შაჰრესტანი

სენატორი ისპაჰანიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 აგვისტო 1977 – 11 თებერვალი 1979

დაბადებული1 აპრილი 1927
ისპაჰანი, ირანი
გარდაცვლილი11 აპრილი 1979 (52 წლის)
თეირანი, ირანი
პოლიტიკური პარტიაირანე ნოვინი
რასთარხიზი
მამააზიზოლა ნიკპეი
განათლებათეირანის უნივერსიტეტი
ლონდონის ეკონომიკური სკოლა
სამეცნიერო ხარისხიეკონომიკის დოქტორი
პროფესიაიურისტი, ეკონომისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიაისლამი, შიიზმი
ჯილდოებიორდენი სამხედრო დამსახურებისთვის
გვირგვინის ორდენი (ირანი)

ღოლამ რეზა ნიკპეი (სპარს. غلامرضا نیک‌پی‎; დ. 1 აპრილი, 1927, ისპაჰანი — გ. 11 აპრილი, 1979, თეირანი) — ირანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის დროს, თეირანის მერი 1969-1978 წლებში. ირანის დედაქალაქში არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. მანამდე მსახურობდა ჰასან ალი მანსურის და ამირ აბას ჰოვეიდას მთავრობებში. ისლამური რევოლუციის მოწინააღმდეგე, სიკვდილით დასაჯეს ისლამური რევოლუციური სასამართლოს განაჩენით. [1][2]

მთავრობის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღოლამ რეზა ნიკპეის მამა მოჰამედ  რეზა ფეჰლევის მმართველობის დროს ქერმანშაჰის ოსტანის გამგებელი იყო. დედის ბაბუა ნასერ ალ-დინ შაჰის ერთ-ერთი ვაჟი გახლდათ. ღოლამ რეზა ნიკპეი სწავლობდა სამართალს თეირანის უნივერსიტეტში, შემდეგ — ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

ირანში დაბრუნებულმა ღოლამ რეზა ნიპეიმ იყიდა მიწის ნაკვეთი აგრარული რეფორმის ფარგლებში. მუშაობდა ნავთობის ეროვნულ კომპანიაში. იყო შაქრის ქარხნის დირექტორი. ეკავა ვიცე-პრემიერის პოსტი ჰასან ალი მანსურის კაბინეტში. მანსურის მკვლელობის შემდეგ  დარჩა ამირ აბას ჰოვეიდას მთავრობაში, სადაც ხელმძღვანელობდა საბინაო მშენებლობის სამინისტროს. 1969 წელს მთავრობის დატოვების შემდეგ (შინაგან საქმეთა მინისტრ ათაოლა ხოსრავანთან კონფლიქტის გამო), ღოლამ რეზა ნიკპეი დაინიშნა თეირანის ადმინისტრაციის უფროსად.

ღოლამ რეზა ნიკპეი შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევისა და თეთრი რევოლუციის რეფორმების აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. იყო  მმართველი პარტია ირანე ნოვინის  წევრი, ხოლო 1975 წლიდან — რასთახიზის.

თეირანის მერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მერმა, ღოლამ რეზა ნიკპეიმ თეირანში მასშტაბური ურბანული გარდაქმნები განახორციელა. მის მთავარ მიღწევებად ითვლება საგზაო ტრანსპორტის ქსელის გაფართოება და ოპტიმიზაცია, მუნიციპალური და კერძო ავტოპარკების მნიშვნელოვანი ზრდა, მუნიციპალური თანამშრომლებისთვის საცხოვრებლის მასიური მშენებლობა, ქალაქის ბიუჯეტის სახსრების გამოყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოხუცთა სახლების დასახმარებლად.  კაშხლის მშენებლობა, სასაკლაოს და მაცივრის ქარხნის რეკონსტრუქცია, ნიავარანის სასახლისა და შაჰიადის მოედანთან საჯარო პარკების მოწყობა. მეორე მხრივ, თეირანის ადმინისტრაციაში ყვაოდა კორუფცია, სავაქის დოკუმენტაციაში დაფიქსირდა ქონების მიტაცების ფაქტები.

საგზაო პოსტი სეულში "თეირანის გზა" (ჰანგული) (테헤란로) (სპარს.) (خیابان تهران).

1977 წლის ივნისში  ნიკპეი ეწვია სეულს. ირანისა და სამხრეთ კორეის დედაქალაქები დაძმობილებული ქალაქები გახდნენ, გაცვალეს ქუჩების სახელები. თეირანსა და სეულს შორის კავშირები ამჟამადაც შენარჩუნებულია.[3][4]

პოლიტიკურად, ღოლამ რეზა ნიკპეი ძირითადად პრემიერ მინისტრ ჰოვეიდაზე იყო ორიენტირებული. მას  მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ბრიტანეთის ელჩთან — ენტონი პარსონსთან.[5]

გადადგომა და დაპატიმრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს, ისლამური რევოლუციის დროს, ნიკპეის მერის ადმინისტრაციიდან თეირანის მმართველობა დიდწილად გადავიდა სამხედრო მეთაურის, გენერალ ოვეისის კაბინეტში. თუმცა, ნიკპეის, როგორც საზოგადოებრივი პიროვნების პოპულარობა გადაიზარდა რევოლუციური ბრბოების მხრიდან ძალადობრივ სიძულვილში. მას დაეკისრა პასუხისმგებლობის წილი ისლამისტების დემონსტრაციების დარბევისას მომხდარ სისხლისღვრაზე.

1978 წლის აგვისტოს ბოლოს შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევმა ღოლამ რეზა ნიკპეი გადააყენა თეირანის მერის თანამდებობიდან. თანამდებობაზე დაბრუნდა მისი წინამორბედი ჯავად შაჰრესტანი (ის გახლდათ შაჰის იმ მცირე ჩინოვნიკთაგანი, ვინც თანამდებობები შეინარჩუნა ხომეინის რეჟიმის დროს). ნიკპეი  გახდა სენატორი ისპაჰანის ოსტანიდან.

1978 წლის ნოემბრის დასაწყისში შაჰმა ბრძანა მაღალი თანამდებობის პირთა ჯგუფის დაპატიმრება, საპროტესტო მუხტის ჩაცხრობის იმედით (ამას განსაკუთრებით დაჟინებით მოითხოვდნენ გენერალი ოვეისი და ირანის ელჩი შეერთებულ შტატებში, არდეშირ ზაჰედი). დაკავებულებს შორის იყვნენ ყოფილი პრემიერი ჰოვეიდა, სავაქის ყოფილი დირექტორები ნასირი და ფაქრავანი, თეირანის ყოფილი მერი ნიკპეი. ნიკპეი თეირანის კასრის ციხეში იმყოფებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მისი ცოლ-შვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

განაჩენი და აღსრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წლის 11 თებერვალს ქვეყანაში ისლამურმა რევოლუციამ გაიმარჯვა. ხელისუფლებაში მოვიდნენ ისლამური ფუნდამენტალისტები, აიათოლა ხომეინის მეთაურობით. თავდაპირველად ციხეები გაიხსნა, პატიმრები გაათავისუფლეს. ღოლამ რეზა ნიკპეიმ გაქცევა სცადა, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ მალევე დააკავა და გადასცა ისლამურ რევოლუციურ სასამართლოს, სადექ ხალხალის თავმჯდომარეობით.

ღოლამ რეზა ნიკპეის ბრალი ედებოდა „დედამიწაზე კორუფციის გავრცელებაში“, „უზურპატორებთან და ამერიკულ იმპერიალიზმთან თანამშრომლობაში“, „ღალატში“, მაგრამ ამ სტანდარტულ იდეოლოგიურ ბრალდებებს დაემატა უფრო კონკრეტული: კორუფცია და არასწორი მართვა, რამაც ზიანი მიაყენა თეირანს.[6]

სასამართლო პროცესზე ნიკპეიმ უარყო კავშირი სავაქთან და ისაუბრა უთანხმოებაზე რასთახიზის პარტიის პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში. მან კატეგორიულად უარყო კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები. თეირანის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით ნიკპეი არსებით დებატებში შევიდა ხალხალთან. უპირველეს ყოვლისა, იგი ამტკიცებდა მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკის ოპტიმალურობას, ყურადღებას ამახვილებდა ავტოსადგომების რაოდენობის ზრდაზე, საცობებთან წარმატებულ ბრძოლასა და მუნიციპალური ავტობუსების პარკის მოდერნიზაციაზე (სასამართლომ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ამ საკითხებზე). ურბანული პოლიტიკის წარუმატებლობები აიხსნებოდა სახსრების ობიექტური ნაკლებობითა და მთავრობის არაკომპეტენტურობით, რომლის წევრები, თავად ნიკპეისგან განსხვავებით, „ეკონომისტები არ იყვნენ“.

ნიკპეის თავდაცვითი არგუმენტები ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა. თუმცა „ჯალათმა მოსამართლე“ ხალხალმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ღოლამ რეზა ნიკპეი დახვრიტეს გამოჩენილ სამხედრო ლიდერებთან და პოლიტიკოსებთან ერთად (1979 წლის 11 აპრილს ნიკპეისთან ერთად დახვრიტეს სავაქის ყოფილი დირექტორები ჰასან ფაქრავანი და ნასერ მოყადამი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აბას-ალი ხალათბარი. შაჰის გვარდიის ყოფილი მეთაური ალი ნეშატი).[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Gholamreza Nikpey: One Person's Story".
  2. Boroumand Foundation file on Mr. Nikpay
  3. Seoul Metropolitan Government
  4. Tehran mayor to attend ‘Champion Mayors’ meeting in Seoul. ციტირების თარიღი: 28 იანვარი 2020. დაარქივებულია 28 იანვარი 2020 .
  5. 5.0 5.1 غلام‌رضا نیک‌پی؛ شهردار تهران که اعدام شد დაარქივებული 2020-01-28 საიტზე Wayback Machine. . (სპარს.) ციტირების თარიღი: 28 იანვარი 2020. დაარქივებულია 28 იანვარი 2020 .
  6. «جمهوری اسلامی ایران: از بازرگان تا روحانی». (სპარს.)