ღლიანას მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი)
ღლიანას მღვიმე
კოორდინატები: 42°22′20″ ჩ. გ. 42°35′50″ ა. გ. / 42.372306° ჩ. გ. 42.597361° ა. გ. / 42.372306; 42.597361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 125 მ
სიგრძე 1220 მ
ღლიანას მღვიმე — საქართველო
ღლიანას მღვიმე
ღლიანას მღვიმე — იმერეთის მხარე
ღლიანას მღვიმე

ღლიანას მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, სოფლებს ქვილიშორსა და ყუმისთავს შორის საზღვარზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს წყალტუბოს მასივზე, ყუმის ვოკლუზური წყაროების მახლობლად, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 125 მ სიმაღლეზე.[1] ღლიანას მღვიმის ჯამური სიგრძეა 1220 მ, საშუალო სიგანე 6 მ, ფართობი 7350 მ², მოცულობა 22000 მ³. გენერალური მიმართულება აღმოსავლურია. შესასვლელის სიმაღლე 3–4 მ, სიგანე 7 მ.[2]

მღვიმეს გააჩნია ორი განშტოება: ერთი შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში ციცაბო საფეხურით ზედაპირზე გამოდის, მეორე — 200 მ-იანი ვიწრო დერეფნით წყალტუბოს მღვიმეს უერთდება. მღვიმის წინა ნაწილი ვრცელი დერეფნის სახით 60 მ-მდე ვრცელდება, შემდეგ აჩენს კარგად გამოხატულ სიფონს, რომლის სიღრმე 2,5 მ-ია, ხოლო სიგრძე 50 მ. აქედან იწყება მღვიმის სიფონური მონაკვეთები, რომლებიც საერთო ჯამში 5 სიფონს და 2 კმ მეტი სიგრძის წყლიან დერეფნებს შეიცავენ.[3]

გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მცირე ზომის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, კალციტის მოფარდაგებანი; პირველ სიფონამდე, შედარებით მშრალ დერეფანში — კირქვის ლოდნარის დიდძალი დანაგროვები და წყლის მექანიკური (ქვიშა, ღორღი, თიხა) წარმონაქმნები. ნგრევის ადგილობრივი მასალა, ლამის სქელი ნაფენები. ჰაერის ტემპერატურა მღვიმის წლიან დერეფნებში 12,0–14,0°C ფარგლებში იცვლება.[4]

მღვიმის განივი კვეთის პროფილი მოწმობს, რომ ღლიანას მღვიმე სტრუქტურულად იყო განპირობებული და შემდგომ დამუშავებული წყლის ნაკადების მიერ, ამასვე მოწმობს შესასვლელთან უშუალოდ ჭერზე გახსნილი ტექტონიკური ნაპრალიც. წყლიანი მონაკვეთებისა და ძირითადი დერეფნის მიმართულება ჩრდილო-აღმოსავლურია.[3]

წყლიანი მონავეთების რვიანი მოყვანილობის განიკვეთში კარგად იკითხება სიმეტრიული, ანუ წყალდიდობითი ტერასები, რომლებიც გვირაბის სავალის წყალგამტარიანობის ცვლილებებს ასახავენ. ღლიანას სახელწოდებით მღვიმიდან გამოედინება ცვალებადი დებიტის მქონე წყლის მუდმივი ნაკადი, რომელიც მდინარე ყუმს სათავის მახლობლად შეერთვის.[3]

ღლიანას მიწისქვეშა დინების დებიტი წყალმცირობისას 50–55 ლ/წმ-ია და მჭიდრო კავშირშია ზედაპირულ ძაბრებთან. მღვიმის ჯერ კიდევ გავლილ მონაკვეთში სხვადასხვა სიგრძისა და სიღრმის ოთხი სიფონური ტბაა, წყლის ტემპერატურა 12°C (ზამთარი) — 14°C-ია (ზაფხული). გამდინარე წყალში, მესამე სიფონთან შემჩნეულია თევზებისა და ბაყაყების გუნდები.[4]

მღვიმის მშრალ დერეფნებში ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია ბინადრობს. ღლიანას მღვიმე ბუნების ძეგლია. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; წყალტუბოყუმისთავი — ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი — 6 კმ, ხანგრძლივობა 10 წთ.[5]

ღლიანას მღვიმე ზოგჯერ ყუმისთავის მღვიმის სახელწოდებითაც მოიხსენიება.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 109–110
  2. 2.0 2.1 ომარ ლანჩავა, კუკური წიქარიშვილი. წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმური სისტემა, თბ., 2016, გვ. 52–53
  3. 3.0 3.1 3.2 ავტორთა კოლექტივი. წყალტუბოს მღვიმური სისტემა, თბ., 2009, გვ. 29–30
  4. 4.0 4.1 ზ. ტატაშიძე, კ. წიქარიშვილი, ჯ. ჯიშკარიანი. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009
  5. დაცული ტერიტორიების სააგენტო | ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი