ღირსი მაკრინე
ღირსი მაკრინე | |
---|---|
დაიბადა |
324, 327[1] ან 330 კაისერი |
გარდაიცვალა |
379 ამასია |
ხსენების დღე | 19 ივლისი |
მოღვაწეობა | მონაზონი და ფილოსოფოსი |
ენა | ძველი ბერძნული ენა |
ღირსი მაკრინე (დ. 324 ან 330, კაისერი, კაპადოკია, რომის იმპერია — გ. 380, ამასია, პონტოს სამეფო, რომის იმპერია) — IV საუკუნის ქრისტიანი წმინდანი. ხსენების დღეა 1 აგვისტო (ძველი სტილით 19 ივლისი).
ცხოვრება და მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმიდა მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის და, დაიბადა კაპადოკიაში IV საუკუნის დასაწყისში. მისმა დედამ, წმინდა ემილიამ ძილში იხილა უფლის ანგელოზი, რომელმაც ჯერ კიდევ საშოში მყოფ ჩვილს პირველმოწამე თეკლას სახელი უწოდა. ემილიამ აღასრულა უფლის ნება - პირმშო ასულს, მართლაც, თეკლა დაარქვა, მაგრამ ნათესავები და ახლობლები მას მაკრინეს ეძახდნენ, იმპერატორ გალერიუსის (305–311) დროს ქრისტეს აღსარებისთვის დევნილი ბებიას პატივსაცემად.
ღვთისმოშიშ მშობელს წმიდანი, იმდროინდელი ტრადიციის თანახმად, ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და პოეზიაში კი არ განუსწავლია, არამედ სოლომონის სიბრძნიდან, დავითის ფსალმუნებიდან და საღვთო წერილის სხვა წიგნებიდან ამოკრებილ ადგილებს ასწავლიდა, რომლებშიც მოცემული იყო ლოცვა-ვედრება, ქება უფლისა და ზნეობრივი სწავლებანი. ყოველ ჟამს მაკრინე შესაბამის ლოცვებს აღავლენდა გალობით, ლოცვის გარეშე არანაირ საქმეს არ იწყებდა და არ ამთავრებდა, დილა-საღამოს საეკლესიო მსახურებას ესწრებოდა, კითხულობდა საღვთო წიგნებს; თორმეტი წლის იყო წმიდანი, როდესაც ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე საქმრო გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნეტარმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაემარხა ქალწულება, თუმც მრავალი დიდებული ჭაბუკი სთხოვდა ხელს.
მამის სიკვდილის შემდეგ მაკრინე ერთგულად ამოუდგა დედას მხარში: ნუგეშს სცემდა დაქვრივებულს, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას, უკანასკნელი მხევალივით აღასრულებდა ყოველგვარ საქმეს, ზრუნავდა და-ძმების აღზრდა-განათლებასა და ზნეობრივ სრულყოფაზე. ათენში სასწავლებლად გაგზავნილი ბასილი შინ რამდენადმე გაამაყებული დაბრუნდა, რამაც შეაშფოთა მაკრინე და გულმოდგინედ დამოძღვრა იგი; შეაგონებდა, ყოველგვარი ნიჭი და უნარი მხოლოდ უფლის სადიდებლად გვეძლევაო. დის რჩევა-დარიგებებმა ძლიერ იმოქმედა ბასილიზე, არანაკლები გავლენა იქონია წმიდანმა გრიგოლზე, რომელიც შემდეგ ნოსის ეპისკოპოსი გახდა, ასევე - ნავკრატიუსზე, რომელმაც მოსაგრე ცხოვრება იტვირთა, უდაბნოში განმარტოვდა და ადრე მიიცვალა; და ნაბოლარა პეტრეზე (შემდგომ - სებასტიელ მღვდელმთავარზე).
როცა მაკრინეს დები გათხოვდნენ, ძმები კი სამოღვაწეო სარბიელზე გამოვიდნენ, წმიდა ქალწულმა დედა ამსოფლიდან განდგომაზე დაითანხმა. ემილიამ მონა-მხევლები გაათავისუფლა, მცირეოდენი ქონება დაიტოვა და ასულთან ერთად პონტოში, მდინარე ირისეს ნაპირას, ბასილი დიდის სამოღვაწეო ადგილის სიახლოვეს მდებარე საოჯახო მამულს მიაშურა. დედა-შვილს თან გაჰყვა ზოგი მხევალთაგანი, რომელთაც მათი დატოვება არ ისურვეს, და რამდენიმე კეთილმსახური ქალი. აქ ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ.
მაკრინე მკაცრი და მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ, სხეულს განსვენების ნებას არ აძლევდა. ერთხელ წმიდანს მკერდზე დიდი ხორცმეტი გაუჩნდა, იგი თანდათან იზრდებოდა, შესაძლო იყო, გულსაც შეხებოდა, საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა; მაგრამ წმიდანმა მკურნალის წინაშე სხეულის სიშიშვლის გამოჩენას ტანჯვა არჩია. წმიდა ქალწული მხოლოდ უფლისგან ითხოვდა შეწევნას: ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივ განიკურნა.
წმიდა მაკრინეს ლოცვებით მრავალი სხვა სასწაულიც აღესრულებოდა: შიმშილობის დროს ხორბალი მრავლდებოდა, ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან მსწრაფლ იკურნებოდნენ. წმინდანს ჰქონდა დაფარულის განჭვრეტისა და წინასწარხედვის ნიჭიც.
წმიდა ემილია ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. ცხრა წლის შემდეგ კი სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა ნეტარი მაკრინეც. სიკვდილის წინ იგი ძმამ - გრიგოლ ნოსელმა მოინახულა. დაუძლურებული ღირსი დედა იატაკზე იწვა და ძველი კონკები ეფარა.
ჩუმი და მშვიდი იყო მაკრინეს მიცვალება. საოცარი თავმდაბლობით აღსავსემ, უფალს შესთხოვა: „მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა, ვითარცა შენი მსასოებელი ავაზაკი მოიხსენე, შემინდე შეცოდებანი ჩემნი, საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი“, პირჯვარი გადაისახა და სული უფალს შეჰვედრა (380 წ.). უსაზღვრო იყო დების მწუხარება - ყველას დედასავით უყვარდა ნეტარი. როდესაც წმიდა გრიგოლმა იკითხა, ჰქონდა თუ არა მიცვალებულს ახალი ტანსაცმელი, მოწესეებმა უპასუხეს, სიკვდილის დღისთვის მას არაფერი შემოუნახავსო: „ყველაფერს გლახაკებს აძლევდა. აი, ძველი ჯვალო; აი, საკერებლებიანი ანაფორა და გაცრეცილი მანტია - სხვა არაფერი ჰქონია, მაგრამ ფრიადი განძი დაიუნჯა ცათა შინა“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Dictionary of Women Worldwide: 25,000 Women Through the Ages / A. Commire, D. Klezmer — Detroit: Gale, Yorkin Publications, 2006. — 2572 p. — ISBN 978-0-7876-7585-1