ლავრენტი ჩერნიგოველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი)
Jump to navigation Jump to search
ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი

ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი (ერისკაცობაში ლუკა პროსკურა, Лука Евсеевич Проскура; დ. 1868, ჩერნიგოვის გუბერნია, რუსეთი — გ. 1950, ჩერნიგოვო, უკრაინა) — მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი. კანონიზირებულია 9 აგვისტოს (ძველი კალენდრით 22 აგვისტოს), 1993 წ.

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი ლავრენტი დაიბადა სოფელ კარილსკოეში, მართლმადიდებლური ტრადიციის ღარიბ ოჯახში. ლუკა ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო და 13 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა, შემდეგ კი მასწავლებლის თანაშემწედ მუშაობდა და თან გალობდა საეკლესიო გუნდში. 17 წლის ლუკა ათონის წმინდა მთაზე გაემგზვრა, სადაც ბერად დარჩენას აპირებდა, მაგრამ ერთ-ერთმა ათონელმა ხუცესმა მას სამშობლოში დაბრუნება ურჩია. ლუკა თავის მშობლიურ მხარეში დაბრუნდა და 1905 წლამდე მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა. ჩერნიგოველი ეპისკოპოსის ანტონის კურთხევით ლუკა ჩერნიგოვოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ადგილობრივი საეკლესიო გუნდი ჩააბარეს.

საეკლესიო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წ. ლუკა ბერად აღიკვეცა და ეწოდა ლავრენტი. 1923 წ. ლავრენტი საიდუმლოდ, სქემაში აღიკვეცა. 1928 წ. კი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი. ღირსი ლავრენტის ავტორიტეტი თანდათან იზრდებოდა. მოსიყვარულე, გამჭრიახი გონების და სასწაულთმოქმედი გულთამხილავი ბერი არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ კომუნისტური რეჟიმისგან დაჩაგრულ უბრალო ადამიანებსაც ძლიერ იზიდავდა. ღირსი ლავრენტი მართლმადიდებლობის მკაცრი აღმსარებელი იყო და მასთან რჩევებისთვის მრავალი ადამიანი მიდიოდა, მათ შორის ინტელიგენციიდანაც. როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ჩერნიგოვოს მონასტერი დახურა, ღირსი ლავრენტი პატარა მიყრუებულ ქოხში გადასახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში ვეღარ აღასრულებდა წირვას, ბერი მაინც გულმხურვალედ განაგრძობდა ღვთისმსახურებას. როდესაც ეკითხებოდნენ „ნუთუ, კიდევ გამოვიყენებთ ნოტებს?” ღირსი მამა დამაჯერებლად პასუხობდა „რა თქმა უნდა! კიდევაც წავიკითხავთ და კიდევაც ვიგალობებთ“. იმ დროისთვის წარმოუდგენელი წინასწარმეტყველება ოციოდე წელიწადში ახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩერნიგოვოს მონასტერი კვლავ გაიხსნა. ღირსი ლავრენტის მოწოდებას გამოეხმაურნენ მორჩილები და ადგილობრივი მცხოვრებლები და დიდი შრომის შედეგად გაპარტახებული მონასტრი კვლავ აღადგინეს.

ცხოვრების ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი მამის დიდი სიყვარული და მისი სულიერი ძალა უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე. ღირსი ლავრენტი დიდი ფსიქოლოგიც იყო; მას შეეძლო ადამიანის სულიერი სამყაროს ამოცნობა თვით უმცირედ დეტალებამდე. ღირს ლავრენტის, გადმოცემის თანახმად სასწაულთმოქმედების ნიჭიც გააჩნდა. მან, აგრეთვე, მრავალი ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას. ღირსი მამის ნიჭით განცვიფრებულ ხალხს აინტერესებდა, თუ როგორ შეეძლო ბერს სცოდნოდა თითოეული მომსვლელის გასაჭირი და ყოველთვის მართებული რჩევა მიეცა. ერთ-ერთმა მომლოცველმა გაბედა და ჰკითხა ღირს ლავრენტის ამ საიდუმლოს შესახებ. ბერმა უპასუხა ”აზრს წარმართავს ღმერთი და პასუხიც დაუყოვნებლივია”.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქიარქიმანდრიტი ლავრენტი გარდაიცვალა 1950 წ. 19/6 იანვარს. ღირს მამასთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მოდიოდა. ღირსი ლავრენტი დიდი რიდით ჩაასვენეს სასახლეში, რომელიც 20 დღე თავახდილი იდგა წმ. სამების ტაძარში. ბერი სასახლეში უხრწნელი იწვა. მღვდელმსახურები ყოველდღიურად ატარებდნენ პანაშვიდს. მომდევნო 20 დღე სასახლე თავდახურული ესვენა. გარდაცვალებიდან მე-40-ე დღეს, 1950 წ. 20 თებერვალს სქემარქიმანდრიტი ლავრენტი დაკრძალეს წმ. სამების ტაძარში. ჩერნიგოვის მონასტრის მორიგ დახურვამდე, 1950 წლიდან 1962 წლამდე, ღირს ლავრენტის რეგულარულად უხდიდნენ პანაშვიდს. 26 წ. შემდეგ ჩერნიგოვის წმ. სამების ტაძარი კვლავ გაიხსნა. 1988 წლიდან მორწმუნეებს კვლავ მიეცათ საშუალება მოილოცონ წმინდანის საფლავი.

კანონიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქემარქიმანდრიტი ლავრენტი რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად აღიარა ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველის სახელით. კანონიზირებულია 9/22 აგვისტოს, 1993 წ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]