ღვინის აღმართი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვინის აღმართი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი მეტეხი, ავლაბარი
წინა სახელები სირაჯხანის აღმართი

ღვინის აღმართი — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ისნის რაიონში (მეტეხი, ავლაბარი) ევროპის მოედნიდან, ავლაბრის მოედნამდე. აღმართი მიემართება „საჩინოს“ სასახლის ციხის ძირზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. იგი ძველი თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ქუჩაა. აქ განლაგებული იყო ღვინითა და არყით მოვაჭრეთა რიგები. ადრე დიდი სირაჯხანა და სირაჯხანის აღმართი ერქვა (სპარს. „სირაჯ“, „სირაჩ“ მეღვინეს ნიშნავს, „ხანა“ — სახლს). ამ აღმართზე ასევე იყო ძველი თბილისის ღვინის მთავარი ბაზარი, რომელიც კახეთიდან ტიკებით ჩამოტანილი ღვინით მარაგდებოდა.

ქუჩას ღვინის აღმართი ეწოდა XIX საუკუნეში და ეს სახელი დღემდე შემორჩა. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. განაშენიანება ძირითადად XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო. XX საუკუნის 80-იან წლებში, უბნის რეკონსტრუქციის (ხელმძღვანელი გიორგი ბათიაშვილი) დროს ქუჩის ერთ-ერთ სარდაფში აღადგინეს ღვინის მცირე დუქანი (არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე).

აღმართის დასაწყისში იყო დავით სარაჯიშვილის ღვინისა და სპირტის მიწისქვეშა სარდაფები. შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]