ქუთაისის სპორტის ისტორიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქუთაისის სპორტის ისტორიის მუზეუმი — 1970 წელს ქუთაისში დაარსებული, ისტორიული ტიპის, სპორტის მუზეუმი.[1]

მუზეუმის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი პირველი სპორტის მუზეუმი იყო საკავშირო მასშტაბით. შემდეგში იგივე ტიპის მუზეუმები შეიქმნა ტალინსა და კიევში. მისი დამაარსებელია ზურაბ ჯავახაძე — ქუთაისის საპატიო მოქალაქე, კავკასიის ხალხთა მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენისა და საქართველოს ოლიმპიური მედლის კავალერი, რომელიც 2003 წელს ოქსფორდის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ მეოცე საუკუნის 2000 გამოჩენილი ადამიანის სიაში იქნა შეყვანილი და მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმის შექმნისთვის ოქროს მედლით არის დაჯილდოებული.

მუზეუმში დაცულია 1600-ზე მეტი უნიკალური ექსპონატი: ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპის, ყოფილი სსრკ, საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებული სხვადასხვა ჯილდოები – ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, თასები, ვიმპელები, სუვენირები, სპორტული ინვენტარი, ცნობილ სპორტსმენთა ფოტოები და დოკუმენტური მასალა, სპორტულ თემაზე გამოცემული წიგნები, ჟურნალები. თავდაპირველად ექსპონატების უმრავლესობა ზურაბ ჯავახაძის პირადი საკუთრება იყო. მას მოვლილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, საიდანაც ჩამოჰქონდა სპორტთან დაკავშირებული ნივთები. მისი კოლექცია თანდათან იზრდებოდა და გადაწყვიტა, რომ ეს უნიკალური ნივთები ხალხის საკუთრება გამხდარიყო. საქალაქო კომიტეტის ხელშეწყობით მოხერხდა მუზეუმისთვის შენობის გამოძებნა, მისი რეკონსტრუირების შემდეგ, 1983 წელს კი დღეს არსებულ შენობაში მოხდა კოლექციის გადატანა. შენობის საერთო ფართობიდან (275,2 კვ.მ) 233,4 კვ.მ. უჭირავს მუდმივ ექსპოზიციას.[2]

მუზეუმს აქვს უნიკალური ფოტოარქივი. მათ შორის არის XIX საუკუნის ფოტოებიც, რომლებიც ასახავს ქართული სპორტის ისტორიას. აქ ასევე შეიძლება 1919-20 წწ. გამოცემულ ჟურნალ „შევარდენის“ და სხვა მრავალი იშვიათი გამოცემის ნახვა. სპეციალური სტენდი აქვს დათმობილი მაია ჩიბურდანიძეს, სადაც მის პრიზებთან ერთად დაფნის გვირგვინებიც არის მოთავსებული. მუზეუმში ინახება ოთარ ქორქიას და შალიკო ჩიხლაძის მოპოვებული ჯილდოები; პირველი ქართველი ველომბრბოლელის ომარ ფხაკაძის ველოსიპედი; მიხეილ ხერგიანის ნაქონი თოკის ნახევარი (მეორე ნახევარი მესტიაში, მ.ხერგიანის სახლ-მუზეუმში ინახება), ქეთევან ლოსაბერიძის მედლები; ლაშა შავდათუაშვილის მაისური, რომელიც ლონდონის ოლიმპიურ თამაშზე ეცვა ოლიმპიურ ჩემპიონს; XX საუკუნის 60-იანი წლების საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელის, ჯორჯ ბესტის მაისური, რომელიც საქართველოში რევაზ ძოძუაშვილმა ჩამოიტანა.

1970–2007 წლებში მუზეუმს დამაარსებელი თავად ხელმძღვანელობდა. საკუთარი ძალებით და თავდაუზოგავი შრომით შექმნა ის სივრცე, სადაც ახლა სპორტის ისტორიის ამსახველი უამრავი ექსპონატია განთავსებული. მისთვის ეს საქმე არა მარტო პროფესია, არამედ ცხოვრების წესი იყო, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე მისდევდა.

2021 წლის ივნისში მუზეუმის დამაარსებლის დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისივე დაარსებულ სპორტის მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ზურაბ ჯავახაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა და მის მიერ სიცოცხლის მანძილზე გამოცემული 75-მდე მონოგრაფიული ნაშრომი, სადაც დეტალურად არის ასახული ქართული სპორტის ისტორია.

ქუთაისის სპორტის მუზეუმი ზურაბ ჯავახაძის სახელს ატარებს და მის მიერ დაწყებული საქმე აქ კვლავ გრძელდება. ის საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცეა სპორტში. შენობაში განთავსებულია სამი საექსპოზიციო დარბაზი და ორი არქივი. მის ფონდებში დაცულია 8000-ზე მეტი ფოტო, 1000-ზე მეტი დიპლომი და სიგელი, 800-მდე სპორტული პროგრამა და 1000-ზე მეტი წიგნი. ხშირად იმართება ღონისძიებები. 2007 წლიდან დღემდე მუზეუმის ხელმძღვანელია თინათინ ანთაძე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.kic.ge/kultura.html
  2. https://georgianmuseums.ge/museum/kutaisi-sport-museum/