ქსნის პირველი ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქსნის პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში, ნასტაკისის ველის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, ქსნის რკინიგზის სადგურის ჩრდილოეთით მდებარე გორაზე. თარიღდება ძვ. წ. IV ახალი წელთაღრიცხვით III საუკუნით.

1952 წელს ნამოსახლრი დაზვერა და ზედაპირული მასალა შეკრიბა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი), 60-იანი წლების დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქსნის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ი. გაგოშიძე). 1971 წელს ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის სადაზვერვო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. ბოხოჩაძე) საკონტროლო თხრილი გაავლო გორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. კულტურული ფენები შემონახულია მეტნაკლებად კარგად გორის თხემის ნაწილი გადარეცხილია. მოპოვებული მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში.

გორა წაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. თხემზე საკმაო რაოდენობით ყრია კრამიტისა და ჭურჭლის ნატეხები. სადაზვერვო თხრილის გავლების შემდეგ გორის თხემის სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა ალიზის აგურით ნაგები კედლის ნანგრევებში არეული კრამიტის ნატეხები. კრამიტი ორნაირია ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებრი, დამზადებულია სუფთა, გაცრილი ან განლექილი თიხისაგან და გამომწვარია. ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტი დამზადებულია ყალიბში; აკეცილი გვერდების სიმაღლე 5-იდან 7 სანტიმეტრამდე. გარედან წითლადაა შეფერილი, შიგნით მოვარდისფრო მოყვითალოა. მუხლი მოკლეა და ზევით კარგად გამოყვანილი მუხლს ზემოთ აკეცილი გვერდი მომრგვალებულია. ღარისებრი კრამიტი ხელითაა გაკეთებული. ზემოდან მიძერწილი აქვს ცალკე დამზადებული ქიმისმაგვარი გამონაშვერი. ამავე გორაზე შემორჩენილი უფრო გვიანდელი ხანის მასალაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]