შინაარსზე გადასვლა

ქსენია რომანოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქსენია რომანოვა
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1919(1919-03-10)[1]
დაბადების ადგილი პარიზი
გარდაცვალების თარიღი 22 ოქტომბერი, 2000(2000-10-22) (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი Rouffignac
მოქალაქეობა  საფრანგეთი
მეუღლე Calhoun Ancrum, Jr. და Geoffrey Tooth

ქსენია ანდრეის ასული რომანოვა (რუს. Ксения Андреевна Романова, დ. 10 მარტი, 1919, პარიზი — გ. 22 ოქტომბერი, 2000, რუფინიაკი) — თავად ანდრეი ალექსანდროვიჩის და თავადის ქალი ელიზავეტა ფაბრიცის ასულის (დაბადებით სასო-რუფოს გვარიდან) უფროსი ასული იყო. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილთაშვილი და იმპერატორ ალექსანდრე III-ის შვილიშვილი. დიდი თავადის, ალექსანდრე მიხაილოვიჩის და დიდი თავადის ქალის, ქსენია ალექსანდრეს ასულის შვილიშვილი.

თავადის ქალი ქსენია ანდრეის ასული რომანოვა დაიბადა 1919 წლის 10 მარტს პარიზში. ის თავად ანდრეი ალექსანდროვიჩისა და თავადის ქალისა ელიზავეტა ფაბრიცის ასულის, დაბადებით სასო-რუფოს ჰერცოგინიის, სან-ანტიმოს თავადის (1886-1940), პირველი შვილი იყო. მისი მშობლები დაქორწინდნენ 1918 წლის ივნისში ყირიმში, აი-ტოდორის სახლის ეკლესიაში. 1918 წლის დეკემბერში თავადმა ანდრეი ალექსანდროვიჩმა მამასთან და ორსულ მეუღლესთან ერთად დატოვა რუსეთი ბრიტანული გემით. ქსენიას ჰყავდა ორი უმცროსი ძმა: მიხაილ ანდრეევიჩი (1920-2008) და ანდრეი ანდრეევიჩი (1923-2021), ასევე ნახევარდას და — ოლგა ანდრეის ასული (დ. 1950).

ქსენია რომანოვა კერძო საოჯახო განათლებას იღებდა და ბავშვობის ნაწილი გაატარა თავისი ბებიის, დიდი თავადის ქალის ქსენია ალექსანდრეს ასულის სახლში უინძორში. 1936 წელს, მეფე ჯორჯ V-ის გარდაცვალების შემდეგ, მან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადაინაცვლა ქსენია ალექსანდრეს ასულის ახალ სახლში ჰემპტონ კორტში, რომელიც დიდ თავადის ქალს მეფე ედუარდ VIII-მ დაუთმო.

ქსენია რომანოვა თავის ძმებთან ერთად ტრადიციულ საოჯახო განათლებას იღებდა, რომელიც რომანოვთა სახლისთვის იყო დამახასიათებელი. ანდრეი ალექსანდროვიჩის ოჯახში ყველა მხოლოდ რუსულად საუბრობდა. 1938 წელს ქსენია ანდრეევნა ლონდონის ბალეტის სკოლაში ჩაირიცხა, თუმცა სწავლა ვერ დაასრულა, რადგან მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ომის დროს ის საავადმყოფოში მედდად მუშაობდა, შემდეგ კი — მოხალისედ რუსულ საქველმოქმედო საზოგადოებაში, რომელიც გაჭირვებულებს ეხმარებოდა. 1940 წელს ქსენია ანდრეევნას დედა ჰემპტონ კორტში კიბოთი გარდაიცვალა. 1942 წელს თავადმა ანდრეი ალექსანდროვიჩმა იქორწინა ინგლისელ ნადინ სილვია ადე მაკდუგალზე (1908-2000).

1945 წელს ქსენია რომანოვა პირველ მეუღლესთან ერთად გერმანიაში გადავიდა, სადაც მისი ქმარი გენერალ ომარ ბრედლის თანაშემწედ მსახურობდა. მოგვიანებით ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ. 1970 წელს ქსენია რომანოვა მეორე მეუღლესთან ერთად საფრანგეთში, რუფინიაკში გადავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. 1979 წელს ის გახდა რომანოვთა საგვარეულოს გაერთიანების წევრი — ორგანიზაციის, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მისი მამა იყო. 1998 წელს ქსენია ანდრეის ასული სხვა რომანოვებთან ერთად მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს ტაძარში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის, მისი ოჯახის წევრებისა და მსახურთა ნეშტების გადამარხვის ცერემონიაში.

1945 წლის 17 ივნისს ლონდონში ქსენია რომანოვა დაქორწინდა ამერიკელ მფრინავ კალჰუნ ანკრუმზე (1915-1990), რომლის მამა აშშ-ის საზღვაო ქვეითების პოლკოვნიკი იყო. წყვილი 1954 წელს გაიყარა.

1958 წლის 7 აპრილს თეირანში მან მეორე ქორწინება გააფორმა ჯეფერი ტუფთან (1908-1998), რომელიც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფის წევრი იყო.[2] ჯეფერი ტუფის პირველი მეუღლე, თავადის ქალი ოლგა გოლიცინა, 1955 წელს გარდაიცვალა. ჯეფერი ტუფი 1998 წელს რუფინიაკში გარდაიცვალა. ქსენია რომანოვას სამწუხაროდ არც ერთ ქორწინებაში შვილი არ ჰყოლია.

თავადის ქალი ქსენია რომანოვა გარდაიცვალა 2000 წლის 22 ოქტომბერს რუფინიაკში. იგი დაკრძალულია თავისი მეუღლის გვერდით.

ქსენია ანდრეის ასულ რომანოვას წოდებული ჰქონდა იმპერატორული სისხლის პრინცესის წოდება,[3], მაგრამ ეს არ იყო აღიარებული რომანოვების ოჯახის „კირილოვიჩის“ შტოში.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lundy D. R. The Peerage
  2. „Obituary: Princess Xenia of Russia“. Telegraph.co.uk. 2000-11-13. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-25. ციტირების თარიღი: 2010-02-20.
  3. Almanach de Gotha, 186th, 2003. — გვ. 314, ISBN 0953214249.
  4. Dynastic Succession. imperialhouse.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-20. ციტირების თარიღი: 2009-07-26.