ქრისტეფორე ჩხეტიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქრისტოფორე ჩხეტიანი)
ქ. ჩხეტიანი და მისი მეუღლე — ევგენია პლეშჩეევა

ქრისტეფორე პავლეს ძე ჩხეტიანი (დ. 11 მარტი, 1873, ცაგერი, — გ. 1933) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის გლეხის ოჯახში. დაამთავრა ამიერკავკასიის სასწავლო სემინარია, შემდეგ — ოდესის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (მე-2 თანრიგით). 1894 წლიდან ირიცხებოდა სამხედრო სამსახურში. 1899 წელს მიიღო პოდპორუჩიკის, 1903 წელს — პორუჩიკის, 1907 წელს — შტაბს-კაპიტნის, 1913 წელს — კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905) და I მსოფლიო ომში (1914-1918). მსახურობდა ვლადიკავკაზის 152-ე ქვეით პოლკში, შემდეგ — კავკასიის მე-3 სასაზღვრო ქვეით პოლკში. 1915 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს ჯარში. 1918 წლის დეკემბრის სომხეთ-საქართველოს ომში სახალხო გვარდიის რაზმის უფროსი შულავერის ფრონტზე. იმავე წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. 1919-1921 წლებში გენერალ გ. კვინიტაძის მიწვევით მუშაობდა თბილისის სამხედრო სკოლაში (კლასების ინსპექტორი). 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთთან ომის დროს მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში. 26 თებერვალს, თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, დაინიშნა არმიის ზურგის უფროსად და გორის მაზრის გენერალ-გუბერნატორად. 1921 მარტიდან ემიგრაციაში იყო. მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა. გარდაიცვალა და დაკრძალულია ბათუმში. დაკრძალვის ადგილი უცნობია.

დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II (1915), წმ. ანას III (1915), წმ. გიორგის IV (1917, ქანიქისის მთასთან 1916 წლის 9 აგვისტოს ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის) ხარისხის ორდენები, გიორგის იარაღით (ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“, 1916, 1914 წლის 8 ნოემბერს სოფ. მოსტკისა და სუხოჩასის რაიონებში ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 507.;
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 102, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • (რუსული) Гогитидзе, Мамука (2007), Военная элита Кавказа: Генералы и адмириалы из Грузии, т. 1. Научно-исследовательский центр истории грузинско-кавказских отношении.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]