ქრისტე პანტოკრატორის ეკლესია (ნესებირი)

ქრისტე პანტოკრატორის ეკლესია ((ბულგ. църква „Христос Пантократор" ან църква „Христос Вседържател", გამოითქმის tsarkva „Hristos Pantokrator" ან tsarkva „Hristos Vsedarzhatel", ყოვლისშემძლე ქრისტეს ეკლესია) — შუა საუკუნეების აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ეკლესია აღმოსავლეთ ბულგარეთის ქალაქ ნესებირში (შუასაუკუნეების მესემბრია), ბურგასის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროზე. ძველი ნესებირის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილი. ქრისტე პანტოკრატორის ეკლესია აშენდა XIII-XIV საუკუნეებში და ყველაზე მეტად ცნობილია მისი მდიდრული გარე მორთულობის გამო. ეკლესია, დღეს ხელოვნების გალერეა, შემორჩენილია ძირითადად ხელუხლებელი სახით.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქრისტე პანტოკრატორის ეკლესია ჩვეულებრივ თარიღდება გვიანი XIII ან ადრეული XIV საუკუნით.[2][3] პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერი რობერტ გ. ოუსტერჰაუტი მის მშენებლობას XIV საუკუნის შუა პერიოდს მიაკუთვნებს.[4] Rough Guides-ის ავტორი ჯონათან ბაუსფილდი მის მშენებლობას ბულგარეთის მეფე ივან ალექსანდრეს მმართველობას (1331-1371 წწ.) მიაწერს,[5] თუმცა ამ პერიოდში ნესებირის კონტროლი მრავალჯერ შეიცვალა მეორე ბულგარულ იმპერიასა და ბიზანტიას შორის.[6] ეკლესია ეძღვნება ქრისტე პანტოკრატორს, რაც ბერძნულად ყოვლისშემძლეს, ყოვლისმპყრობელს ნიშნავს. [3][7] ეკლესია მდებარეობს მესემბრიის ქუჩაზე,[5] ნესებირის ძველი ქალაქის შესასვლელთან ახლოს.[1] დღეს შენობაში განთავსებულია სამხატვრო გალერეა, სადაც ბულგარელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება.[5] როგორც ნესებირის ძველი ქალაქის ნაწილი, ქრისტე პანტოკრატორის ეკლესია შედის ნესებირის ძველი ქალაქის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლში[8] და ბულგარეთის 100 ტურისტულ ღირსშესანიშნაობაში.[8] 1927 წლიდან მას სახელმწიფო ზედამხედველობს, როგორც „ეროვნული სიძველეს“, და 1964 წელს შეტანილ იქნა ბულგარეთის ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა სიაში.[9]
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეკლესია დაგეგმარებულია გვიანი ბიზანტიური ჯვარ-გუმბათოვანი სტილით.[7][10] იგი აშენებულია ქვისა და აგურის წყობით, მშენებლობის ტექნიკით, რომელიც ცნობილია როგორც opus mixtum,[11], ზომით 16×6.90 მ (52.5× 22.6 ფუტი),[2][12] აგურის ფერი ეკლესიას მოწითალო იერს აძლევს.[5]
ეკლესიას აქვს ნართექსი და ცელა (ან „ნაოსი“) არსებითად მართკუთხა გაგრძელებული გეგმით.[7] ნართექსი პატარაა, მაგრამ მის ქვეშ შუასაუკუნეების აკლდამაა. ეკლესიაში ოთხი შესასვლელია: ორი ცელაში სამხრეთიდან და დასავლეთიდან, და კიდევ ორი — ნართექსში, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეკლესიის აფსიდას აქვს სამი პატარა ნაწილი, რომლებიც ერთმანეთს გადაფარავს და ქმნის ერთ, უფრო დიდ მთლიანობას. ეკლესიის პროთესისი და დიაკონიკონი მდებარეობს აფსიდასთან.[2][3] გუმბათი, რვაკუთხა ფორმის, ცელას ცენტრის თავზე დგას. მისი დამჭერი ოთხი სვეტი აღარ არსებობს. სამრეკლო აშენებულია ნართექსის თავზე, როგორც ეს მიღებული იყო თანამედროვე ბიზანტიურ საეკლესიო არქიტექტურაში, და გამოდის მართკუთხა მთავარი სტრუქტურიდან.[11][13] სამრეკლო თავდაპირველად მართკუთხა იყო, თუმცა ახლა ის ნაწილობრივ დანგრეულია. მასთან მიდგომა შესაძლებელი იყო სამხრეთიდან ქვის კიბით.[2][3]
დეკორაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქრისტე პანტოკრატორის ეკლესიის ყველაზე ცნობილი თავისებურებაა მისი გარე კედლების მდიდარი და ფერადოვანი მორთულობა.[5] ეკლესიის განსაკუთრებულად მორთული ნაწილია აღმოსავლეთი მხარე აფსიდით. მთლიანობაში ეკლესიის ყველა მხარე სხვადასხვა ორნამენტითაა მორთული. აგურისა და ქვის სამი ან ოთხი რიგი ერთმანეთს ენაცვლება და მეტად თვალისმომჭრელია. სწორედ ესაა მისი ძირითადი მორთულობა.[12] ყრუ თაღების რიგები, ოთხფოთლიანი ყვავილოვანი მოტივები, სამკუთხა ორნამენტები, წრიული ფირუზისფერი კერამიკა და აგურის სვასტიკის ფრიზები გასდევს აღმოსავლეთ კედელს.[2] ოუსტერჰაუტი ეკლესიის ზედა არკადების გარეგნობას აკვედუკს ამსგავსებს;[4][11] ამ კონფიგურაციის ადრეული მაგალითი შეიძლება ვიხილოთ კაპადოკიის ჩანლი კილისეს ეკლესიაში, აქსარაის ახლოს, თურქეთში.[14] დეკორაციაში სვასტიკებიც ჩანს, რაც მორთულობაში ითვლება უჩვეულოდ და ტურისტებისთვის საინტერესოა.[1][5] ეს აიხსნება შუასაუკუნეებში სვასტიკის, როგორც მზის სიმბოლოს, გამოყენებით.[3] ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების მორთულობა მოიცავს აგურის ყრუ თაღებს ქვედა ნაწილში და თითო დიდ თაღს თითოეულ კედელში, რომელიც გუმბათს ესაზღვრება, სვეტებიანი ფანჯრით შუაში.[3] ფანჯრებია ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადების ქვედა თაღების ზემოთ. გუმბათი, რომელიც ასევე ავლენს ორნამენტული დეტალებისა და კერამიკის დიდ რაოდენობას, შეიცავს რვა ფანჯარას, თითოს თითოეულ მხარეზე. შუასაუკუნეების ფრესკები ეკლესიის შიდა კედლებზე მხოლოდ ფრაგმენტულად არის შემონახული.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Kay, Annie (2008). Bulgaria: The Bradt Travel Guide. Bradt Travel Guides, გვ. 265. ISBN 978-1-84162-155-5.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Николова, Бистра (2002). Православните църкви през Българското средновековие IX–XIV в. (Bulgarian). София: Академично издателство "Марин Дринов", გვ. 147–148. ISBN 954-430-762-1.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 The Christ Pantocrator Church. Museum Ancient Nessebar. ციტირების თარიღი: 25 November 2010
- ↑ 4.0 4.1 Ousterhout, Robert G. (2008). Master builders of Byzantium. UPenn Museum of Archaeology, გვ. 207. ISBN 978-1-934536-03-2.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Bousfield, Jonathan; Richardson, Dan (2002) Rough guide to Bulgaria, 4th, Rough Guides, გვ. 398–399. ISBN 978-1-85828-882-6.
- ↑ Kazhdan, Alexander (1991). „Mesembria“, Oxford Dictionary of Byzantium. Oxford University Press, გვ. 1347–1348. ISBN 978-0-19-504652-6.
- ↑ 7.0 7.1 7.2 (2002) „"ПАНТОКРАТОР" ("Вседържител")“, Българска енциклопедия А–Я (Bulgarian). БАН, Труд, Сирма. ISBN 954-8104-08-3.
- ↑ 6. Архитектурно-исторически резерват — археологически музей Bulgarian. Български туристически съюз. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 25 November 2010
- ↑ Списък на паметниците на културата с категория "Национално значение" на територията на Област Бургас /по населени места/ Bulgarian. Министерство на културата на Република България. ციტირების თარიღი: 1 November 2010
- ↑ Fletcher, Banister; Cruickshank, Dan (1996) Sir Banister Fletcher's a history of architecture, 20th, Architectural Press, გვ. 322. ISBN 978-0-7506-2267-7.
- ↑ 11.0 11.1 11.2 Mesembria (Middle Ages), Μonuments. Encyclopaedia of the Hellenic World (2008). ციტირების თარიღი: 25 November 2010
- ↑ 12.0 12.1 Partov, Doncho N.; Christo T. Christov; Vesselin K. Kantchev; Dobromir E. Dinev; Aleksander K. Taushanov; Edelvais E. Popova; Deian P. Mitev. State of Art of Historic Structures in Bulgaria. ARCCHIP Advanced Research Centre for Cultural Heritage Interdisciplinary Projects. ციტირების თარიღი: 25 November 2010
- ↑ Ousterhout, Robert G. (1987). The architecture of the Kariye Camii in Istanbul. Dumbarton Oaks, გვ. 109. ISBN 978-0-88402-165-0.
- ↑ Ousterhout, Robert G. (2006). A Byzantine settlement in Cappadocia. Dumbarton Oaks, გვ. 71. ISBN 978-0-88402-310-4.