შინაარსზე გადასვლა

ქრისტეფორე რაჭველიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტეფორე რაჭველიშვილი
დაბ. თარიღი 1891
დაბ. ადგილი სხვავა
გარდ. თარიღი 17 იანვარი, 1938(1938-01-17)
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა პოლიტიკოსი
ალმა-მატერი ოდესის უნივერსიტეტი

ქრისტეფორე რაჭველიშვილი (დ. 1894 — გ. 1 იანვარი, 1937) — ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე. დახვრიტეს საბჭოთა რეპრესიების დროს.

დაიბადა სოფ. სხვავაში (ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). 1913 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ სტუდენტთა მანიფესტაციაში მონაწილეობისათვის გარიცხეს და დააპატიმრეს, შემდეგ კი გაგზავნეს თავისუფალ გადასახლებაში. 1917 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაბრუნდა სამშობლოში. 1917–1919 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი; საქართველოს სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი; საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 1918 წლის 26 მაისის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. მონაწილეობდა აფხაზეთში ეროვნული საბჭოს მიერ გაგზავნილ სპეციალურ დელეგაციაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ (1921 წ.) იყო ბოლშევიკური რეჟიმის ოპოზიციაში, მემარჯვენე ფედერალისტთა იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი. 1923 ნოემბ.-1924 ივნ. დაპატიმრებული იყო. შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა და ეწეოდა სამეცნიერო-პუბლიცისტურ მოღვაწეობას. დახვრიტეს 1937 წ.

ქრისტეფორე რაჭველიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელგამში, ჟურნალ „ლიტერატურული მემკვიდრეობის“ რედაქციაში, „ქართული სიტყვიერების საუნჯის“ კოლეგიის წევრად, ენობრივი ნორმების დამდგენ სახელმწიფო კომისიაში. „რაჭველის“ ფსევდონიმით სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებში: „ცნობის ფურცელი“ და „სახალხო საქმე“.

ქრისტეფორე რაჭველიშვილი ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა: „საქართველოს ფეოდალიზმის ისტორია“ (თბ., 1927), „ქართული სტამბის წიგნი“ (თბ., 1934), „ილია ჭავჭავაძე“ (თბ., 1937) და სხვ.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 313.
  • ქრისტეფორე რაჭველიშვილის ბიოგრაფიისათვის // „ამირანი“ XIX / ლ. ზ. ურუშაძე. - თბ., 2008. - გვ. 107-111.
  • ქრისტეფორე რაჭველიშვილი ოჯახში და საზოგადოებაში // „ქარვის კრიალოსანი“: მოგონებანი ქრისტეფორე რაჭველიშვილსა და მისი მეგობრების შესახებ / ბ. რაჭველიშვილი. - თბ., 2010. - გვ.6-18.
  • აუდიენცია ლავრენტი ბერიასთან // „ქარვის კრიალოსანი“: მოგონებანი ქრისტეფორე რაჭველიშვილსა და მისი მეგობრების შესახებ / ბ. რაჭველიშვილი. - თბ., 2010. - გვ.24-42.
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—1921)