ქოჩალოს ბაზილიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქოჩალოს ბაზილიკა
ქოჩალოს ბაზილიკა — საქართველო
ქოჩალოს ბაზილიკა
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკა
თარიღდება VI-VII საუკუნეები

ქოჩალოს ბაზილიკა — არქიტექტურული ძეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ქალაქ ლაგოდეხის ჩრდილოეთით, მდინარე ნინოსხევის მარცხენა ნაპირზე, მთის ფერდზე. განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს.

ეკლესია ორნავიანი, უგუმბათო ნაგებობაა. აგებულია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ცენტრალური ნავი აღმოსავლეთით ნახევარწიული ჩაწერილი აფსიდითაა დასრულებული, რომლის ღერძზე ერთი მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველი ნავისგან ორმაგი მხრებითაა გამოყოფილი, რომლის შიდა შვერილზე კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო მართკუთხა ნიშაა გაკეთებული. ტრაპეზი არ შემორჩა. ნავი დასრულებული იყო საბჯენის გარეშე გამართული ნახევარწრიული კამარით. გადახურვა ორფერდა ჰქონდა. გადახურული იყო კრამიტით. ნავის სამხრეთი კედელი ამჟამად ყრუა. ნავი ნახევარწრიული კამარითაა დასრულებული. ცალფერდა სახურავი კრამიტის იყო. ტაძარს სამხრეთიდან ქონია მინაშენი, რომლის მხოლოდ სამხრეთი კედლის აღმოსავლეთი ნაწილი იკითხება ამჟამად. დანარჩენი დანგრეული და მცენარეული საფარითაა დაფარული[1].

1614-1617 წლებში კახეთში სპარსეთის შაჰის, აბას I-ის ლაშქრობების შემდეგ ლაგოდეხი გაუდაბურდა, რამაც ისტორიული მეხსიერების გაქრობაც განაპირობა. სავარაუდოდ, ქოჩალოს ეკლესია ამ პერიოდიდანაა განადგურებული და უმოქმედო[2].

ქოჩალოს ბაზილიკას, 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

2019 წლის ივნისში ქოჩალოს ბაზილიკის გაწმენდითი სამუშაოების დროს უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა გამოვლინდა. ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისათვის მიწების შეწირვის შესახებ მოგვითხრობს. წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია მოხსენებული. დღემდე მხოლოდ ნარატიული წყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი განსაზღვრავს[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიღმელაშვილი ქ., ყვავაძე დ., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, თბ., 2021, გვ. 35-37 ISBN 978-9941-8-3699-2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16319

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]