როდიონ ქორქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქორქია, როდიონ)
როდიონ ქორქია
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1894(1894-01-01)
დაბადების ადგილი ჭალადიდი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი, 1984(1984-01-10) (90 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

როდიონ კალენიკეს ძე ქორქია (დ. 1 იანვარი, 1894, ჭალადიდი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 10 იანვარი, 1984, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ფოთის სამოქალაქო სასწავლებელი, ხოლო, 1914 წელს გიმნაზია, სადაც ყმაწვილი ნიკო ნიკოლაძემ მიაბარა. რ. ქორქიას ადრევე ერგო ბედნიერება შეხვედროდა მეორე დიდ ქართველს: ჯერ კიდევ 13 წლისამ ფოთში აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამოზე დიდ მგოსანს უძღვნა საკუთარი ლექსი, რისთვისაც საქართველოს პოეტთა უგვირგვინო მეფემ მადლობა გადაუხადა ყრმას და დაულოცა სამწერლობო გზა.

1914 წელს რ. ქორქია შევიდა ხარკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ მალე მობილიზაციით ჯარში გაიწვიეს, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო და სამოქალაქო ომებში. 1920 წელს დაბრუნდა სამშობლოში, ფოთში, შემდეგ თბილისში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: იყო გაზეთ „კოლექტივიზაციისათვის“ განყოფილების გამგე, შემდეგ ჟურნალ „პიონერის“ პასუხისმგებელი მდივანი. 1949-1954 წლებში საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავჯდომარის მოადგილე.

მწერალმა პირველი მოთხრობა „ნიღაბქვეშ“ ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ 1927 წელს დაბეჭდა. აქედან მოყოლებული, მკითხველი ხვდება მწერლის ნაწარმოებს, პერიოდიკაში თუ ცალკე წიგნების სახით, მისი პიესები იდგმებოდა ჩვენი თეატრების სცენებზე.

რ. ქორქია სამოც წელზე მეტხანს იღწვოდა და საკუთარი კვალი დატოვა ჩვენს მწერლობაში. აღსანიშნავია მისი დიდი დამსახურება ქართულ საბავშვო ლიტერატურაში. მწერლის ნაწარმოებებზე იზრდებოდა მკითხველთა თაობები. განსაკუთრებული სიყვარულით მიიღო საზოგადოებამ მისი ქმნილებანი: „მარილის აკვანში“, „ოქსანა“, „მიშა პოპოვი“, „თეთრი ხატა“, „ყელსახვევი“ და სხვა. მწერლის ბევრი ნაწარმოები თარგმნილია რუსულ და სსრ ხალხთა ენებზე. თავადაც თარგმნიდა რუს მწერლებს, მაგალითად ნიკოლოზ ოსტროვსკის, ალექსეი ტოლსტოის, არკადი გაიდარს და სხვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საინტერესო მონოგრაფიები აკაკი ფაღავასა და ალექსანდრე წუწუნავაზე.

როდიონ ქორქიას პირველს მიენიჭა შიო მღვიმელის პრემიის ლაურეატობა. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 550-551.
  • ბაბუნაშვილი, ზ. ნოზაძე, თ. „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 346, თბ., 1994
  • ჭიჭინაძე, ლ. „შუქი სხივოსანთა“, თბილისი, 1985
  • ჯიბუტი, ვ. „ქართველი საბავშვო მწერლები“, თბილისი, 1954

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]