ქოროღოს ცეცხლისჯვრის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქოროღოს ცეცხლისჯვრის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოროღოს სამხრეთ-დასავლეთით 3-4 კილომეტრზე, მაღალ მთაზე, კომპლექსში შედის მიჯრით განლაგებული ეკლესია, ზურგიანი კოშკი და საცხოვრებელი ნაგებობა. ეკლესია დარბაზულია, განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სამხრეთიდან სწორკუთხა მინაშენი ეკვრის. ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვითა და მოყვითალო ფერის კირხსნარით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი და განიბი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელი, რომლის გარეთა ღიობი ზემოთკენ მკვეთრად ვიწროვდება და დასრულებულია ერთ ქვაში გამოკვეთილი, თითქმის წრის ფორმის თაღით. მეორე, შიგნით სწორკუთა და გარედან თაღოვანი სარკმელი დასავლთ კედელშია. ორივე სარკმლის რაფა საფეხურებიანია. გრძივ კედლებზე ორ-ორი დეკორატიული თაღია. კამარა ეყრდნობოდა შია და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს. ინტერიერი შელესილია.

კედლებზე შემორჩენილია XVI-XVII მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიის ფასადები სადაა, აღმოსავლეთის სარკმლის თავზე გამოყვანილია ნახევარწრიული სადა წარბი. მინაშენი ეკლესიის თანდართულია და ეკლესიაზე ოდნავ უფრო გრძელია. შესასვლელი მას სამხრეთ-დასავლეთიდან, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ ჰქონდა. მოგვიანებით მინაშენის დასავლეთ ნაწილში ტიხარი ჩააშენეს და ვიწრო ტალანი მოაწყვეს. მინაშენში შესასვლელი ტალანიდანაა. აღმოსავლეთით შიგნით სწორკუთხა და გარედან თაღოვანი სარკმელია. სარკმლის სამხრეთით ერთი სწორკუთხა ნიშია. მსგავსი, მიჯრით განლაგებული ოთხი ნიშია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმელს რელიეფური წარბი ამკობს. შესასვლელის არქიტრავის ქვაზე ბოლოებაზნექილი სადა ლილვით ცრუ ტიმპანია მოსაზღვრული, რომელზეც ბოლოებგაშლილი ჯვარია ჩაკვეთილი. შემორჩენილია ეკლესიის და მინაშენის თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები. იგი ნახევარწრიული თაღების მწკრივითაა მორთული. ზურგიანი კოშკი ეკლესიის მინაშენს დასავლეთიდან ეკვრის.

აგებულია X-XI საუკუნეში. ექვსსართულიანია და ზემოთ თანდათან ვიწროვდება. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: მონგრეულია VI სართულის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩამოშლილია სართულშუა გადახურვები. კოშკის ქვედა ნაწილი ყრუა. შესასვლელი ტრაპეციის ფორმისაა, გაჭრილია აღმოსავლეთ სწორ კედელში. მიწიდან 3 მეტრ სიმაღლეზე. ამავე მხარეს II, III, IV და V სართულებზე თითო ვიწრო სარკმელია. V სართულს ერთი სარკმელი სამხრეთითაც აქვს. ბოლო VI სართული აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით ხისმოაჯირიანი ფართო თაღებით იყო გახსნილი. კოშკის სართულშუა გადახურვისათვის გამოყენებული იყო ქვის ფილები. სართულები ერთმანეთს ოთხკუთხა საძრომებით უკავშირდებოდა. საცხოვრებელი ნეგებობა კოშკსა და მინაშენზე სამხრეთიდანაა მიდგმული. ორსართულიანია, გეგმით ტრაპეციული, განეკუთვნება გვიანდელ სუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია. შემორჩენილია I და II სართულის კედლების მცირე ნაწილი. სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია. შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდესთანაა. კარი არქიტრავითაა გადახურული. მასზე ცრუ ტიმპანია ამოკვეთილი. დასავლე კედელი ყრუა. სამხრეთ კედლეში ორი სწორკუთხა სარკმელია, აღმოსავლეთში - ერთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]