ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესია
Qorogho church and Tower.jpg
ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესია (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°27′45″ ჩ. გ. 44°31′22″ ა. გ. / 42.46250° ჩ. გ. 44.52278° ა. გ. / 42.46250; 44.52278
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა წილკნისა და დუშეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული ეკლესია
თარიღდება X-XI საუკუნეები
დეტალები
მასალა ნატეხი ქვა; ფიქალი

ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში, ხადას ხეობაში, სოფელ ქოროღოს სამხრეთით, მაღალი მთის კალთაზე, კლდოვანი ქარაფის პირას. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ეკლესია, ზურგიანი კოშკი, მცირე სამლოცველო და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობა.

ეკლესიის სამალავებში აღმოჩენილია XI საუკუნის სპილოსძვლის ღვთისმშობლის ხატი, ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით და ჭედური ფირფიტები, რომლებიც ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წელს სპეციალური სამეცნიერო–სარესტავრაციო სასწავლო სახელოსნომ კომპლექსზე ჩაატარა სარემონტო–სარესტავრაციო სამუშაოები (ხელმძღვანელი ლ. ხიმშიაშვილი).

ეკლესიას 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

არქიტექტურული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (10,8X7,6 მ), აგებულია - X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ამ ტიპის ნაგებობებს შორის გამოირჩევა შიდა სივრცის სრულიად განსხვავებული, თავისებური გადაწყვეტით. ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. კონსტრუქციული ნაწილები (კამარები, კონქი, თაღები, ბურჯები), კარ-სარკმლის მოპირკეთება და ლავგარდანი თლილი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. საკურთხევლის მხრების ხაზზე ორი კვადრატული ბურჯი დგას, რომლებსაც აღმოსავლეთის მიმართულებით გადაყვანილი ორსაფეხურიანი თაღები ეყრდნობა. ამ კონსტრუქციით საკურთხეველი სამ ნაწილადაა გაყოფილი. საკურთხევლის შუა ნაწილი გვერდითებზე ორჯერ უფრო მაღალია და წესიერი ფორმის კონქი ხურავს. კონქის ნახევარწრიული საფუძველი კუთხეებში გარდიგარდმო გადებული თითო მოზრდილი ქვითაა შექმნილი, რომლებზეც ტრომპისმაგვარი ელემენტია ამოკვეთილი. კონქისა და საკურთხევლის გვერდითი ნაწილების კამარების თავზე სამალავებია. დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილი დასავლეთ ნაწილთან შედარებით საგრძნობლად მაღალია და ერთიანი კამარითაა გადახურული. დარბაზის შუაში ორსაფეხურიან ბაზისზე დაყრდნობილი კვადრატული ბურჯია. ბურჯიდან დასავლეთით გადაყვანილია თაღი, რომელიც დარბაზის დასავლეთ ნახევარს ორ ტოლ ნაწილად ყოფს. თითოეულ მათგანს ცილინდრული კამარა ხურავს. კამარების ზემოთ აქაც სამალავია.

ინტერიერი განათებულია შვიდი თაღოვანი სარკმლით, მათგან სამი აღმოსავლეთითაა, თითო-თითო – სამხრეთით და ჩრდილოეთით, ხოლო ორი დასავლეთით. სარკმლებს საფეხურებიანი რაფები აქვს. დარბაზის კედლებზე ორსაფეხურიანი თაღებია, რომლებიც სამი ლილვისაგან შედგენილ მარტივ იმპოსტებზეა დაყრდნობილი. სამხრეთ კედელში, შესასვლელის არქიტრავის თავზე, ღრმა თაღოვანი ნიშია. ერთი ნიში საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის ქვემოთაა. ეკლესიის სამივე ბურჯი მასიური კაპიტელითაა დაგვირგვინებული, რომელთა პროფილს შეადგენს თარო, წრეთარგი და ლილვი. მათგან სამხრეთ–აღმოსავლეთით და დასავლეთით მდგარ ბურჯებს წიბოები ჩამოკვეთილი აქვს. ჩრდილო–აღმოსავლეთ წიბოები კი გრეხილი ლილვითაა შემკული. ეკლესიის ფასადები დასრულებულია მაღალი ლავგარდნით, რომელიც შედგენილია თაროსა და ლილვს შორის მოქცეული სიბრტყით.

აღმოსავლეთ ფასადზე მხოლოდ ცენტრალური და სამხრეთით მდებარე სარკმელია მორთული. ცენტრალური სარკმლის რელიეფურ წარბზე ჯვარია დადგმული, სამხრეთით მდებარე სარკმლის ზემოთ ჩაკვეთილია ნახევარწრიული თაღი, რომელსაც ბოლოებში ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს.

სამხრეთის ფასადზე, კარის არქიტრავზე მარტივპროფილიანი თაღით შემოსაზღვრულ არეში, რელიეფური ჯვარია. კარის მარჯვნივ მდებარე სარკმელი, ეკლესიის სხვა სარკმელთაგან განსხვავებით, ერთ მთლიან ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის თავზე სანახევროდ შემორჩენილი რელიეფური ჯვარია. ჩრდილოეთის ფასადზე სარკმელი დაგვირგვინებულია რელიეფური თაღით.

ფასადზე ლავგარდნის შუა ნაწილი გაფორმებულია თაღებით, რომლებშიც შიგადაშიგ ჯვრებია გამოსახული. ფასადის კიდეებზე, ისევე როგორც დასავლეთის ფასადის ჩრდილოეთ კიდეზე, ეკლესიის შეკეთებისა და გამაგრების დროს მიშენებულია კონტრფორსები.

გაფორმებით გამოირჩევა დასავლეთის ფასადი. ლავგარდნის შემადგენელი თორმეტი ფილა მართულია ეკლესიის მშენებლობის ამსახველი რელიეფური სცენებით, რომლებიც შესრულებულია თაროსა და ლილვს შორის მოქცეულ ფართო არეზე.

ლავგარდნის კეხის ქვაზე ღვთისმშობლის ფიგურაა. მის მარჯვივ და მარცხნივ ცალკეული სცენებია: ხარებშებმული მარხილით ტვირთის გადაზიდვა, დუღაბის შემზადება და მისი გადატანა, ქვის თლა, ლოდების ზურგით გადატანა, ქალების მიერ მშენებლებისათვის საგზლის მიტანა და ბოლოს მოსასხამიანი ქტიტორის გამოსახულება ეკლესიის მოდელით ხელში, რომელსაც იგი ღვთისმშობელს მიუძღვნის. ამავე ფასადზე, ჩრდილოეთით მდებარე სარკმლის თავზე, ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ერთი წარწერაა ლავგარდნის ჩრდილოეთ ფერდის კიდურა ქვის თაროზეც. პალეოგრაფიული ნიშნებით ორივე წარწერა XII საუკუნით თარიღდება და ეკლესიის აგების შემდგომაა შესრულებული.

ზურგიანი კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქოროღოს ზურგიანი კოშკი

ზურგიანი კოშკი (5,3X8,3 მ) დგას ეკლესიის სამხრეთით, 1 მეტრზე. კომპლექსის ნაგებობათაგან ყველაზე ადრეულია. განეკუთვნება X საუკუნეს. ნაშენია მოზრდილი ნაშენი ქვით. დაზიანებულია, შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის კედლების ნაწილი. კოშკს მთელ სიმაღლეზე ზურგის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილი აქვს. კოშკი პირით აღმოსავლეთისკენ, ხეობისკენაა მიმართული, ხოლო ზურგით ჩართულია ზღუდის კედელში, რომელიც სამხრეთით ფერდობზე ეშვება და უკავშირდება საერთო დანიშნულების ნაგებობას. კოშკში შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, მიწინად 5 მეტრისსიმაღლეზე. კარის არქიტრავზე ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა (დაზიანებულია). შესასვლელის ზემოთ, მეორე სართულზე, მცირე ზომის სარკმელია. კოშკის ქვის ფილების სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია. ლოშკსა და ეკლესიას შორის ვიწრო გასასვლელია, რომელიც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კედლებითაა შემოზღუდული. ამ კედლებში ჩასმულია კაპიტელი, ბურჯი და ბაზისი, კაპიტელზე ერთმანეთის მიჯრით სამი ქტიტორის რელიეფური გამოსახულებაა, რომელთაგან ერთს ხელში უჭირავს ეკლესიის გეგმის გამოსახულებიანი სწორკუთხა ფილა. ბურჯი (სიმაღლე 1,2 მეტრი) ოთხ წახნაგაა. მის ოთხივე კუთხეს თითო ლილვი აუყვება. ერთი ლილვი გრეხილია. ბურჯის ერთ–ერთ წახნაგზე გამოსახულია გრძელსამოსიანი ფიგურა მაღალი სწორზედაპირიანი ქუდით.

სამლოცველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხესთან, 1 მეტრზე, ნატეხი ქვითა და ფიქლით ნაგები, პატარა (4,8X2,2მ) სამლოცველო დგას, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებს განეუთვნება. სამლოცველო უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთ კედელში ერთადერთი სწორკუთა სარკმელია. შიდა სივრცეს გრძივ კედლებზე გამოყოფილი მარტივი პილასტრები და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად ყოფს. დასავლეთ კედელში ერთი მცირე ზომის ნიშია. სამლოცველო გადახურულია კამარებით, რომელსაც განივკვეთში სამცენტრიანი თაღის ფორმა აქვს.

საერო ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურგიანი კოშკის სამხრეთით, ფერდობზე, შემორჩენილია გეგმით ტრაპეციული (12,1X7,8 მ) საერო ნაგებობების კედლების ნაწილები და გვიანდელი შუა საუკუნეების ერთი პატარა სამლოცველოს და აკლდამის ნაშთი. ეკლესიის სამალავებში აღმოჩენილია XI საუკუნის სპილოსძვლის ღვთისმშობლის ხატი, ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით და ჭედური ფირფიტები, რომლებიც ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის წარწერა, შესრულებულია დასავლეთის ფასადზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 328-331, თბ., 2008 წელი.
  • გვასალია ჯ., არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, V, თბ., 1975
  • ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XIII საუკუნის ბოლომდე, თბ., 2002

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]