ქორისებრი არწივი
| ქორისებრი არწივი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Aquila fasciata (Vieillot, 1822) | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22696076 | |||||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||||
|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
ქორისებრი არწივი (ლათ. Aquila fasciata) — დიდი ზომის მტაცებელი ფრინველი. მისი ფართოდ დამკვიდრებული სახელწოდებაა ბონელის არწივი, ეს უკავშირდება იტალიელ ორნითოლოგსა და კოლექციონერ ფრანკო ანდრეა ბონელის, რომელმაც სახეობის ტიპური ეგზემპლარი, სავარაუდოდ, სარდინიაში ჩატარებული ექსპედიციის დროს შეაგროვა. ყველა არწივის მსგავსად, ქორისებრი არწივი მიეკუთვნება ქორისებრთა ოჯახს. მისი ბუმბულით დაფარული ფეხები მიუთითებს არწივისებრთა ქვეოჯახზე.
სახეობა მრავლდება სამხრეთ ევროპაში, საჰარის უდაბნოს მთიან პერიფერიაზე, აფრიკაში, ასევე ინდოეთის სუბკონტინენტიდან ინდონეზიამდე. ევრაზიაში მისი გავრცელების უკიდურესი დასავლეთი ნაწილია პორტუგალია, ხოლო აღმოსავლეთით იგი აღწევს სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთსა და ტაილანდამდე. იგი, როგორც წესი, ადგილობრივი მობუდარი სახეობაა.[1] ქორისებრი არწივი საქართველოში გავრცელებული ფრინველის სახეობაა.[1]
ქორისებრი არწივი ხშირად გვხვდება გორაკოვან ან მთიან ადგილებში, კლდოვანი კედლებითა და კლდეებით, ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მ-მდე. მისი ჰაბიტატები შეიძლება მოიცავდეს როგორც ღია, ისე ტყიან ტერიტორიებს და გვხვდება მშრალიდან ნახევრად ნოტიო კლიმატამდე. იგი ნაწილობრივ ოპორტუნისტ მტაცებლად მიიჩნევა, თუმცა სპეციალიზებულია ევროპულ კურდღელზე, ქათმისნაირებზე და მტრედებზე. ძირითადი მსხვერპლის რაოდენობის შემცირების ან ადგილობრივი სიმცირის შემთხვევაში იგი სხვადასხვა სახეობის ფრინველებზე გადადის.
დიდი გავრცელების მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში სახეობა Least Concern-ის (LC) კატეგორიაშია, ქორისებრი არწივის რაოდენობა მისი არეალის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის თითქმის მთელ ევროპულ გავრცელების არეალში, მკვეთრად შემცირდა და ზოგიერთ ადგილას შესაძლოა ადგილობრივი გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. შემცირების ძირითადი მიზეზებია ჰაბიტატების ფართომასშტაბიანი განადგურება, ელექტროგადამცემი ბოძებზე ელექტროშოკით დაღუპვა და დევნა.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვარის სახელწოდება Aquila ლათინურად „არწივს“ ნიშნავს და შესაძლოა მომდინარეობდეს სიტყვიდან aquilus — „მუქი ფერის“. სახეობის სახელწოდება fasciata მომდინარეობს გვიანლათინური სიტყვიდან fascia, რაც ნიშნავს „ზოლს“ ან „ზოლოვან ნიშანს“.
ინგლისურ ენაში დამკვიდრებული სახელწოდება „ბონელის არწივი“ დაკავშირებულია ტიპური ეგზემპლარის შემგროვებელ ფრანკო ანდრეა ბონელის სახელთან. ძველ წყაროებში სახეობა ზოგჯერ მოხსენიებულია სახელწოდებით „უქედო ქორარწივი“.[2][3]
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქორისებრი არწივი 1822 წელს აღწერა ლუი პიერ ვიეიომ. იგი მიეკუთვნება Aquilinae-ს, ანუ არწივისებრთა ქვეოჯახს, რომელიც ქორისებრთა ოჯახის მონოფილეტურ ჯგუფს წარმოადგენს. ამ ქვეოჯახში ამჟამად სულ მცირე 38 სახეობაა გაერთიანებული და ყველა მათგანს დამახასიათებელი ბუმბულით დაფარული ტარსი აქვს.[4]
ქორისებრი არწივი ადრე Hieraaetus-ის გვარში შედიოდა. დნმ-ის კვლევების შედეგად იგი Aquila-ს გვარში გადაიტანეს, აფრიკის ქორარწივთან (Aquila spilogaster) და კასინის ქორარწივთან (Aquila africana) ერთად. გენეტიკური კვლევების მიხედვით, ქორისებრი, აფრიკული და კასინის ქორარწივები ნათესაობრივად დაკავშირებული არიან მთის არწივის (Aquila chrysaetos) სახეობათა კომპლექსთან.[4][5]
სახეობის ორი ქვესახეობა არის აღიარებული:
Aquila fasciata fasciata — ნომინატიური ქვესახეობა, გავრცელებული სახეობის ძირითად არეალში;
Aquila fasciata renschi — გავრცელებულია მცირე ზონდის კუნძულებზე.
A. f. renschi ზომით უფრო მცირეა და სხვა ქორისებრ არწივებთან შედარებით უფრო მკვეთრად ზოლიანი მომქნევი და კუდის ბუმბული აქვს. ადრე მისი იზოლირებული გავრცელების გამო ვარაუდობდნენ, რომ იგი შესაძლოა დამოუკიდებელი სახეობა ყოფილიყო, თუმცა თანამედროვე კვლევებმა ეს მოსაზრება არ დაადასტურა.[6]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზომა და აღნაგობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქორისებრი არწივი საკმაოდ დიდი მტაცებელი ფრინველია და საშუალო ზომის არწივად ითვლება. Aquila-ს გვარში იგი სხეულის ზომით ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახეობაა. მდედრი მამალზე დიდია, რაც მტაცებელი ფრინველებისთვის დამახასიათებელ შებრუნებულ სქესობრივ დიმორფიზმს წარმოადგენს.
სრულად ზრდასრული ფრინველის სხეულის სიგრძე 55–74 სმ-ია. მამლის ფრთების შლილი 143–163 სმ-ს აღწევს, დედლისა კი — 156–180 სმ-ს. დასავლეთ ევროპაში ზრდასრული მამლების საშუალო მასა დაახლოებით 1,94 კგ-ია, მდედრებისა — 2,62 კგ.
ქორისებრ არწივს საშუალო ზომის თავი, შედარებით გრძელი კისერი, ძლიერი ნისკარტი, საშუალო ან შედარებით გრძელი კუდი და განსაკუთრებით გრძელი, კარგად შებუმბლული ფეხები აქვს. სხეულის ძლიერი აღნაგობისა და დაგრძელებული ფეხების გამო მისი გარეგნობა ხშირად „ათლეტურად“ არის აღწერილი. დასვენებისას მას ხშირად ძალიან ვერტიკალური პოზა აქვს და შეიძლება ღია კლდეზე, კლდოვან ქედზე, ხის ტოტზე ან სხვა შემაღლებულ ადგილზე იჯდეს.
მისი ბრჭყალები და ფეხები სხეულის ზომასთან შედარებით ძალიან დიდია და ძლიერი. განსაკუთრებით გრძელია უკანა თითის ბრჭყალი, რომელიც მტაცებელი ფრინველების უმეტესობაში მსხვერპლის მოსაკლავად გამოიყენება.[7]
შეფერილობა და იდენტიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზრდასრული ფრინველი ზემოდან მუქი ყავისფერია. ბუმბულთა უმეტესობას ღია კიდეები აქვს, განსაკუთრებით ფართოა ისინი ფრთის შუა მფარავ ბუმბულებზე. მხრების მიდამოში აქვს სხვადასხვა ზომის, არარეგულარული თეთრი ლაქა. ზრდასრული ფრინველი ზემოდან მუქი ყავისფერია. ბუმბულთა უმეტესობას ღია კიდეები აქვს, განსაკუთრებით ფართოა ისინი ფრთის შუა მფარავ ბუმბულებზე. მხრების მიდამოში აქვს სხვადასხვა ზომის, არარეგულარული თეთრი ლაქა. ყელი კი თეთრი. სხეულის ქვედა მხარე ძირითადად კრემისფერია და სხვადასხვა ინტენსივობის მუქი ყავისფერი ზოლები ან წვეთოვანი ლაქები აქვს.[8][9]
მდედრი, როგორც წესი, მამალზე მუქი და უფრო მკვეთრად მოხატულია, განსაკუთრებით სხეულის ქვედა მხარეს. ახალგაზრდა ფრინველი ზემოდან უფრო ღია, საშუალო ყავისფერია. თავი ჟანგისფერ-ყავისფერია, კუდზე ზოლები უფრო მკაფიოდ ჩანს, ხოლო ქვედა მხარე ღია ჟღალი ან თბილი მოყვითალო-ყავისფერია. ზრდასრული შეფერილობა მეოთხე და მეხუთე წლებს შორის ყალიბდება. ზრდასრულ ფრინველს თვალები ყვითელი ან ყვითელ-ნარინჯისფერი აქვს, ახალგაზრდა ფრინველს კი თხილისფერი-ყავისფერი. ცვილი და ფეხები ყველა ასაკში ღია ყვითელია.[10][11]
ფრენისას ქორისებრ არწივს დიდი, ფართო და შედარებით კვადრატული ბოლოების მქონე ფრთები აქვს. იგი ძლიერი, მაგრამ თავისუფალი და ზედაპირული ფრთების ქნევით დაფრინავს. ფრენისას ზრდასრული ფრინველი ზემოდან მუქია, მხრებზე კი ცვალებადი ზომის თეთრი ლაქა აქვს. კუდი ნაცრისფერია, ფართო მუქი ქვეტერმინალური ზოლითა და თეთრი ბოლოთი.[8][12][13]
ხმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქორისებრი არწივი გამრავლების სეზონის გარეთ ძირითადად ჩუმია და გამრავლების პერიოდშიც შედარებით იშვიათად ხმიანობს. ძირითადი ხმა ისმის საქორწინო ქცევის დროს და ზოგჯერ ბუდესთან. იგი აღწერილია როგორც ძლიერი, მკვეთრი და შორს გამტანი კივილი. ორივე სქესს შეუძლია ხმიანობა. დაფიქსირებულია აგრეთვე დაბალი ტონალობისა და განგაშის სხვადასხვა ხმები.[13][14][15]
გავრცელება და ჰაბიტატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქორისებრ არწივს ამჟამად მთელ მსოფლიოში ფრაგმენტული და იშვიათი გავრცელება აქვს. ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში იგი გვხვდება მაროკოს, ალჟირისა და ტუნისის ტერიტორიებზე. სამხრეთ ევროპაში მისი გავრცელება მოიცავს პორტუგალიას, ესპანეთს, სამხრეთ საფრანგეთს, იტალიის ნაწილებს, საბერძნეთს და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს.[16][17]
აღმოსავლეთით სახეობა გავრცელებულია თურქეთში, კვიპროსზე, სირიაში, ლიბანში, ისრაელში, იორდანიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ირანში და თურქმენეთის ნაწილში. აზიაში მისი არეალი მოიცავს ავღანეთს, პაკისტანს, ინდოეთის სუბკონტინენტს, მიანმარს, ტაილანდის ჩრდილო-დასავლეთს, ლაოსს და სამხრეთ ჩინეთს. იზოლირებული პოპულაცია გვხვდება მცირე ზონდის კუნძულებზე — ინდონეზიის ტერიტორიაზე.[17][18]
სახეობა ძირითადად ბინადარია, თუმცა ახალგაზრდა ფრინველებს ზოგჯერ რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე გაფანტვა შეუძლიათ. იშვიათად იგი გვხვდება მიგრაციის ადგილებში ან ზამთარში ისეთ ტერიტორიებზე, სადაც არ მრავლდება.
ქორისებრი არწივი ევროპაში ძირითადად ზღვის დონიდან 1500 მ-მდე გვხვდება, ჰიმალაებში — 1200–2000 მ-ზე, ბუტანში კი 3750 მ-მდე აღწევს. ატლასის მთებში მისი გავრცელება დაახლოებით 2000 მ სიმაღლემდეა ცნობილი.
იგი უპირატესობას ანიჭებს მშრალ და მზიან ადგილებს, განსაკუთრებით კლდოვან ტერიტორიებს, დაბალ მთებს, მთისწინეთებს, კლდეებსა და ღრმა კანიონებს. ხშირად გვხვდება ზღვისა და ოკეანის სანაპიროებთან, თუმცა ძირითადად მშრალ ჰაბიტატებში ცხოვრობს. გავრცელების ადგილებში შეიძლება გვხვდებოდეს დაბალი ბუჩქნარი, გაფანტული ხეები, ფიჭვნარი და სკლეროფილური ტყეები, მაგრამ იგი ერიდება ხშირ და ღრმა ტყეებს.
ზამთარში ქორისებრი არწივი ხშირად უფრო დაბალ სიმაღლეებზე და ღია ტერიტორიებზე გადადის. მას განსაკუთრებით იზიდავს მდინარეთა შესართავები, ჭაობები და ტბები, სადაც მსხვერპლი უფრო კონცენტრირებულია. ინდოეთის სუბკონტინენტის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და მცირე ზონდის კუნძულების ზოგიერთ ნაწილში იგი უფრო ნოტიო ტროპიკულ ტყეებშიც გვხვდება, სადაც უპირატესობას ღია და კლდოვან ადგილებს ანიჭებს.[19][20]
ქცევა და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქორისებრი არწივი აქტიურად მფრენი ფრინველია და ხშირად ლივლივებსა და წრეებს არტყამს თავისი სამყოფელის თავზე. სხვა მტაცებელი ფრინველების მსგავსად, იგი ძირითადად მარტოხელა ან მეწყვილეებთან ერთად ცხოვრობს. სახეობა ძლიერი მტაცებელია და გამოირჩევა თამამი ნადირობით. ნადირობისას იგი ხშირად ჩასაფრებიდან მოქმედებს — იმალება ხეზე ან კლდოვან ადგილას და მსხვერპლის გამოჩენას ელოდება. მსხვერპლის შემჩნევის შემდეგ სწრაფად ეშვება და იტაცებს ფრინველს აფრენისას ან ძუძუმწოვარს, როდესაც ის თავშესაფრისკენ გარბის. ზოგჯერ დევნა ხეებსა და ბუჩქებს შორის გრძელდება. ქორისებრი არწივი ასევე ნადირობს დაბალ სიმაღლეზე ფრენით და ფერდობების პატრულირებით.[13][21]
იგი ზოგჯერ მსხვერპლს მაღლიდან ესხმის თავს. ძირითადად ფრინველებს მიწიდან ან მიწასთან ახლოს იტაცებს, თუმცა შეუძლია ბუჩქებიდან და იშვიათად წყლიდანაც მათი დაჭერა. ცნობილია მისი უნარი, ფრენის დროსაც დაიჭიროს ზოგიერთი ფრინველი. მუდმივი წყვილის მიერ ერთობლივი ნადირობა საკმაოდ გავრცელებულია. ერთ-ერთი ფრინველი შეიძლება პირდაპირ მეორის ზემოთ იფრინოს და ფრინველთა გუნდი დაშალოს, რის შემდეგაც მეორე ფრინველი კონკრეტულ მსხვერპლს იტაცებს. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ წყვილში ნადირობა აუცილებლად არ ზრდის ნადირობის წარმატებას და მისი მნიშვნელობა შესაძლოა უფრო სოციალურ-სქესობრივ ურთიერთობებს უკავშირდებოდეს.[22]
ქორისებრი არწივი ძირითადად ცოცხალ მსხვერპლს იჭერს და ლეშს იშვიათად იყენებს.[15][23] მისი საკვები საკმაოდ მრავალფეროვანია და გავრცელების მთელ არეალში შესაძლოა დაახლოებით 200-მდე სახეობის მსხვერპლს მოიცავდეს. ძირითადად იკვებება ფრინველებითა და ძუძუმწოვრებით, ხოლო ქვეწარმავლებსა და სხვა ცხოველებს ადგილობრივად და უფრო იშვიათად იჭერს. დასავლეთ ევროპაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკვებია ევროპული კურდღელი, კაკბები და მტრედები.[24][25]
კონსერვაციის სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში ქორისებრი არწივი შეფასებულია როგორც უმცირესი შეშფოთების (LC) სახეობა. მიუხედავად ამისა, სახეობის პოპულაციები მისი გავრცელების არეალის სხვადასხვა ნაწილში მნიშვნელოვნად შემცირდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ევროპის რამდენიმე რეგიონში. საფრთხეებს შორისაა ჰაბიტატების განადგურება და ფრაგმენტაცია, ელექტროგადამცემ ხაზებზე ელექტროშოკი, დევნა, უკანონო მოპოვება, ქარის ელექტროსადგურებთან დაკავშირებული რისკები და ტყვიით მოწამვლა.
ევროპაში ელექტროგადამცემ ხაზებზე ელექტროშოკი სახეობის სიკვდილიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია და განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს ახალგაზრდა, ტერიტორიის გარეთ გაფანტულ ფრინველებზე. საფრანგეთის ერთ-ერთ პოპულაციაში ელექტროშოკი ელექტროგადამცემი ხაზების მოდიფიკაციამდე სიკვდილიანობის მიზეზი იყო ახალგაზრდა ფრინველების 56%-ში, მოუმწიფებელი ფრინველების 52%-ში და ზრდასრული ფრინველების 13%-ში. ელექტროგადამცემი ხაზების იზოლაციის შემდეგ შესაბამისი მაჩვენებლები შესაბამისად 14%, 27% და 0%-მდე შემცირდა.[26]
კონსერვაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაბამისი ჰაბიტატების შენარჩუნება, ელექტროგადამცემი ხაზებისგან გამოწვეული რისკების შემცირება და სახეობის დევნის შეჩერება.
კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტროგადამცემი ბოძების მხოლოდ გარკვეული ნაწილის მოდიფიცირებით შესაძლებელია ფრინველთა სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება.[27][28]
საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზის მიხედვით, ქორისებრი არწივი (Aquila fasciata) საქართველოში მკვიდრი სახეობაა. ქართულ სახელწოდებად მითითებულია „ქორისებრი არწივი“, ხოლო სახეობის ავტორად — (Vieillot, 1822). საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზაში სახეობის ეროვნული წითელი ნუსხის სტატუსი მითითებულია როგორც NE, ხოლო IUCN-ის სტატუსი — LC. მონაცემთა ბაზის წყაროებად მითითებულია ა. აბულაძის 2013 წლის ნაშრომი Birds of Prey of Georgia და BirdLife International-ის 2019 წლის შეფასება.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 თარხნიშვილი, დავით. სახეობა 1330 ka. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Beolens, B.; Watkins, M (2003) Whose Bird? Men and Women Commemorated in the Common Names of Birds. London: Christopher Helm, გვ. 59. ISBN 978-0-7136-6647-2.
- ↑ Aimassi, G. (2015). The original description of Bonelli's Eagle Aquila fasciata Vieillot (Aves: Accipitridae). Zoological Bibliography 4(1): 1-15.
- 1 2 Lerner, H.; Christidis, L.; Gamauf, A.; Griffiths, C.; Haring, E.; Huddleston, C. J.; Kabra, S.; Kocum, A.; Krosby, M.; KvaløY, K.; Mindell, D.; Rasmussen, P.; RøV, N.; Wadleigh, R.; Wink, M. (2017). „Phylogeny and new taxonomy of the Booted Eagles (Accipitriformes: Aquilinae)“. Zootaxa. 4216 (4). doi:10.11646/zootaxa.4216.4.1. hdl:11250/2443953. PMID 28183111.
- ↑ Lerner, H.R.L.; Mindell, D.P. (2005). „Phylogeny of eagles, Old World vultures, and other Accipitridae based on nuclear and mitochondrial DNA“ (PDF). Molecular Phylogenetics and Evolution. 37 (2): 327–346. Bibcode:2005MolPE..37..327L. doi:10.1016/j.ympev.2005.04.010. PMID 15925523. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2008-04-11. ციტირების თარიღი: 2006-12-27.
- ↑ Trainor, C.; Debus, S. J. S.; Olsen, G.; Norman, J.; Christidis, L. (2013). „Bonelli's Eagle Aquila fasciata renschi in the Lesser Sundas, Wallacea: distribution, taxonomic status, likely origins and conservation status“ (PDF). Forktail. 29: 100–106.
- ↑ CRC Handbook of Avian Body Masses, 2nd Edition by John B. Dunning Jr. (Editor). CRC Press (2008), ISBN 978-1-4200-6444-5.
- 1 2 Bonelli’s Eagle Aquila fasciata. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Javier Blasco-Zumeta; Gerd-Michael Heinze. Bonelli's Eagle (Aquila fasciata). ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Identification. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Aquila fasciata. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Bonelli's Eagle — Aquila fasciata. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- 1 2 3 Bonelli's Eagle — Aquila fasciata. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Diego Ontiveros. Águila perdicera — Aquila fasciata — Voz. Museo Nacional de Ciencias Naturales. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- 1 2 Bonelli's Eagle. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Aigle de Bonelli. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- 1 2 Distribution. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Aquila fasciata — Bonelli's Eagle. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Ecology. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Guidelines for the conservation of Bonelli's eagle populations. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Bonelli's eagle (Aquila fasciata). ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ A new view of territoriality in large eagles: the territory pre-exists regardless of its occupants. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Prey density, prey detectability and food habits: the case of Bonelli’s eagle and the conservation measures. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ „Why do raptors take domestic prey? The case of Bonelli's eagles and pigeons“. Journal of Applied Ecology. 43 (6): 1075–1083. 2006. doi:10.1111/j.1365-2664.2006.01213.x. ციტირების თარიღი: 2026-08-16.
- ↑ Laying the Foundations for a Human-Predator Conflict Solution: Assessing the Impact of Bonelli's Eagle on Rabbits and Partridges. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ „Retrofitting of power lines effectively reduces mortality by electrocution in large birds: an example with the endangered Bonelli's eagle“. Journal of Applied Ecology. 52 (5): 1467–1475. 2015. doi:10.1111/1365-2664.12476. ციტირების თარიღი: 2026-08-16.
- ↑ Bonelli's Eagle Aquila fasciata Species Factsheet. ციტირების თარიღი: 2026-08-16
- ↑ Guidelines for the conservation of Bonelli's eagle populations. ციტირების თარიღი: 2026-08-16
