ქოდალოს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქოდალოს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოდალოს აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე. შემაღლებულ ადგილებზე.

ნაგებობა ქრონოლოგიურად განსხვავებულ სამს სამშენებლო ფენას შეიცავს. შენობის ნაწილთაგან ყველაზე ძველია საკურთხევლის შვერილისა და სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილები, რომელიც მოზრდილი ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებითაა ნაწყობი და სავარაუდოდ IX-X საუკუნეებს შეიძლება მივაკუთვნოთ. მომდევნო ფენა, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების დროინდელია. რიყის წვრილი ქვისა და თავდაპირველი ფენისგან წყობის ხასიათით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ დროისაა დასავლეთი და ჩრდილოეთ კედლების ქვედა ნახევარი; კედლების ზედა ნაწილები და გადახურვა აგურისაა და XIX საუკუნეს მიეკუთვნება. ინტერიერი შელესილი ყოფილა (ნალესობა შემორჩენილია დასავლეთ კედლებზე).

ეკლესია დარბაზულია (10,2X6,62 მეტრზე), აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული შვერილი აფსიდით, რომლის გარეთა კედელი აფსიდის შიდა მოხაზულობას იმეორებს. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული და ორივე მხრიდან კედლის შეღრმავებულ არეშია ჩასმული (გარეთაა შეღრმავება სწორკუთხა, შიდა-თაღოვანი).

აფსიდში აგურით ნაწყობი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშაა. სამხრეთით ნიშა თაღოვანია, ჩრდილოეთით-სწორკუთხა. საკურთხევლის შუაში გეგმით კვადრატული ტრაპეზი დგას. საკურთხევლის ბაქანი, რომელიც მთლიანად აგურითაა მოგებული, დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურთა შემაღლებული და ცენტრში ნახევარწრიული ამბიონი აქვს. აფსიდი გადახურულია კონქით. იგი მთლიანად აგურისაა. კონქის თაღი ქვის მასიურ, თაროსებრ კრონშტაინებს ეყრდნობა.

დარბაზის გრძივი კედლები ორ-ორი თაღითაა დანაწევრებული. თაღებს აღმოსავლეთ წყვილში თითო თაღოვანი სარკმელია. ერთი თაღოვანი სარკმელი დასავლეთითაცაა. დარბაზი გადახურულია აგურით ნაწყობი კამარით. იგი ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს, თაღები-კრონშტაინებს, რომლებიც, ისევ როგორც კონქის თაღის კრონტაინები. საფლავის ქვებისგანაა გამოთლილი (ქვებზე შემორჩენილია ეფიტაპიების ნაშთი). კამარა და საბჯენი თაღები ტლანქადაა აწყობილი და მშვილდისებრი ფორმა აქვს. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხელის სარკმელს ქვის ფილა ხურავს.

სამხრეთ ფასადზე, ერთ დონეზე, მიწიდან დაახლოებით 1,3 მეტრ სიმაღლეზე სამი პატარა თაღოვანი ნიშაა. ორი მათგანი კარის მარჯვნივაა, ერთი-მარცხნივ. კარი კედლის მცირედ შეღრმავებულ არეშია მოქცეული, რომელსაც აგურის ხერხულა წყობით გამოყვანილი სამსაფეხურიანი ფრიზი აგვირგვინებს. დასავლეთ ფასადზე თაღოვანი სარკმელი კედლის ირიბად შეჭრილ შეღრმავებაში ზის და ფიცრული , ბრტყელი გადახურვა აქვს. ფრონტონის არეში აგურის წყობის შეღრმავებით მარტივი ჯვარია გამოსახული. დასავლეთ კედელზე აგურის პატარა სამრეკლოა დადგმული. იგი გეგმით კვადრატულია. კვადრატის თვითოეულ კუთხეში თითო სწორკუთხა ბურჯია, რომლებსაც ნახევარწრიული თაღები ეყრდნობა. სამრეკლოს აგურისავე პირამიდული სახურავი აქვს. ეკლესიას აგურის საფეხუროვანი ლავგარდანი ჰქონია.

XX საუკუნის 90-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია აღადგინა, რის შედეგადაც მას მთლიანად დაუკარგეს თავდაპირველი სახე - მოანგრიეს სამრეკლო. ეკლესიის კედლების გარედა მიაშენეს აგურის სქელი ფენა, რის შედეგადაც ეს შენობა უჩვეულო უსახური იერი მიიღო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]