ქობულეთ-ჩაქვის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქობულეთის ქედი)
ქობულეთ-ჩაქვის ქედი
ხედი მთა ჩაქვისმთაზე
ხედი მთა ჩაქვისმთაზე
კოორდინატები: 41°42′12″ ჩ. გ. 42°07′49″ ა. გ. / 41.70333° ჩ. გ. 42.13028° ა. გ. / 41.70333; 42.13028
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ქედის მუნიციპალიტეტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი პერანგა
სიმაღლე 2234,9 
სიგრძე 25–30 კმ
ლანდშაფტი სუბალპური მდელო
ამგებელი ქანები ვულკანური ქანები
ასაკი პალეოგენური
ქობულეთ-ჩაქვის ქედი — საქართველო
ქობულეთ-ჩაქვის ქედი
ქობულეთ-ჩაქვის ქედი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქობულეთ-ჩაქვის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

ქობულეთ-ჩაქვის ქედი — ტექტონიკურ-ეროზიული ქედი საქართველოში, ქობულეთის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი.[1] გამოეყოფა მესხეთის ქედს მწვერვალ ხინოსთან და გრძელდება სამხრეთ-დასავლეთისაკენ ერგეს ბორცვებამდე. ქედი მდინარეების აჭარისწყლის (სამხრეთით), კინტრიშის, ჩაქვისწყლისა და ყოროლისწყლის (ჩრდილოეთით) აუზების წყალგამყოფია. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1100–1200 მ. მაქსიმალური სიმაღლე 2235 მ (მთა პერანგა). მესხეთის ქედს განედურად გამოეყოფა ქობულეთის ქედი, ხოლო ქობულეთის ქედს მერიდიანულად ჩაქვის ქედი. ქობულეთ-ჩაქვის ქედი აჭარას ორ ნაწილად ყოფს: ზღვისპირა და შიგა მთიან აჭარად. იგი ამავდროულად კლიმატგამყოფიცაა.[2]

ქობულეთის ქედი მესხეთის ქედს გამოეყოფა მწვერვალ ხინოსთან (2598,9 მ), ვრცელდება ჯერ სამხრეთით მთა პერანგამდე (2234,9 მ), შემდეგ დასავლეთით მიემართება. ტირათის მთასთან (1379,4 მ) მას რამდენიმე შტოქედი გამოეყოფა: სამხრეთ-დასავლეთით დაგვა (მთა დაგვა, 1193,3 მ) და მთა ტირათიდან ჩრდილო-დასავლეთით სკურდის ქედი (მთა სკურდა, 1171 მ), რომლის სიახლოვესაა კოპრონისსერი (1327 მ), თეთრიქვა (1232 მ) და სხვა. რელიეფში დაბალ და საშუალო სიმაღლის მთებს შორის მკაფიო სხვაობაა. დაახლოებით 1000–1100 მ-დან მკვეთრად აღმართული საშუალო სიმაღლის მთებია. კალთებიდან მოედინებიან დეხვა, კინტრიში და სხვა.[3][4]

ქობულეთის ქედთან გარდიგარდმო სერითაა დაკავშირებული ჩაქვის ქედი,[5] რომლის მაქსიმალური სიმაღლეა 1728 მ (მთა მორვილი). მთებიდან მნიშვნელოვანია: საყუდისთავი (1707 მ), ჩაქვისმთა (1548,8 მ), წონიარისთავი (1434 მ), ორბეზა (1405 მ) და მტირალა (1381 მ). ქედი იწყება მდინარე ჩიტილაისწყლის სათავის მახლობლად და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვისკენ ვრცელდება. შტოქედებიდან აღსანიშნავია მორვილის ქედი და მტირალას ქედი. ჩაქვის ქედი მორფოლოგიურად კარგადაა გამოხატული. ქედის დასავლეთი კალთებიდან მოედინებიან ყოროლისწყალი და ჩაქვისწყალი. ქედზე გადადის ტირათის უღელტეხილი (1041 მ).[4]

ქობულეთ-ჩაქვის ქედი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული, ძირითადად ეოცენური ვულკანური ქანებით: ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და ტუფ-კონგლომერატებით. ალაგ-ალაგ შიშვლდება მესამეულის დროინდელი სიენიტურ-დიორიტული ინტრუზიები. წყალგამყოფების თხემებზე შემორჩენილია საფეხურებრივად განლაგებული მოვაკებული ზედაპირების ფრაგმენტებიც. ქობულეთ-ჩაქვის ქედის კალთის ქვემო ნაწილზე და მიმდებარე ვაკე-დაბლობის მიჯნაზე მკვეთრად დანაწევრებული, ალაგ-ალაგ ზღვიური და მდინარეული ტერასებიანი გორაკ-ბორცვებია, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შავ ზღვამდე აღწევს და წარმოშობს ფლატეს. ჭარბობს ღრმად დანაწევრებული მთა-ხეობათა ფორმები. განვითარებულია ხშირი მდინარეული ქსელი. სამხრეთ-დასავლეთით დადაბლებას განიცდის და გრძელდება ბორცვების სახით.[6][7]

უხვად იღებს ატმოსფერულ ნალექებს. ჩაქვის ქედზე, კერძოდ, მთა მტირალაზე საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი ნალექი მოდის (4519 მმ).[8][9] ქედის ქვემო კალთის წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებზე განვითარებულია ლეშამბოიანი კოლხური ტყე, შუა კალთაზე, მთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე — წიფლის ტყეებია, უფრო ზემოთ — შერეული ტყეები. 1900–2000 მ ზემოთ სუბალპური მდელოებია. მოქცეულია მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რამინ გობეჯიშვილი. საქართველოს რელიეფი. თბილისი, 2011, გვ. 200
  2. თეოფანე დავითაია. საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული ნარკვევი. თბილისი : მეცნიერება, 1969.
  3. ბათუმის ბოტანიკური ბაღის მოამბე. N 15 : აჭარის ფლორა და მცენარეულობა, 1970. გვ. 83
  4. 4.0 4.1 Топографическая карта K–37–24 — 1 : 100 000. Батуми. 1985
  5. ლევან მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, 1964, გვ. 298
  6. ქრისტეფორე ჯაყელი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 543–544.
  7. Геоморфология Грузии: Л. И. Маруашвили (отв. ред.) и др. Тб.: Мецниереба, 1971. Ст. 29–490
  8. ელიზბარ ელიზბარაშვილი. საქართველოს კლიმატური რესურსები : [მონოგრაფია], თბილისი, 2007, გვ. 161
  9. შალვა ელიზბარაშვილი. ატმოსფერული ნალექების მოდელირება და გეოინფორმაციული კარტოგრაფირება მთიან პირობებში, თბ., 2009. გვ. 16
  10. ქ. ალასანია. ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები. ბათუმი, 1959–1960. ტ.7–8, გვ. 160–190