შინაარსზე გადასვლა

ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქობულეთის დაცული ტერიტორიები)
ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი
ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ქობულეთი
კოორდინატები 41°51′47″ ჩ. გ. 41°48′09″ ა. გ. / 41.86306° ჩ. გ. 41.80250° ა. გ. / 41.86306; 41.80250
ფართობი 5.7 კმ²
დაარსდა 1998; 28 წლის წინ (1998)
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო
მსოფლიო მემკვიდრეობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, როგორც კოლხური ტროპიკული ტყეებისა და ჭაობების შემადგენელი ნაწილი.
ოფიციალური საიტი ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალიდაცული ბუნებრივი ტერიტორია საქართველოს აჭარის რეგიონში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ ქობულეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი) შეიქმნა 1998 წელს, საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით, რომელთა სტატუსიც აღიარებულია რამსარის კონვენციით. აღნიშნული ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით. უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიების ეკოსისტემების, უძველესი ტყეებისა და ნაკრძალში არსებული მაღალი ბიომრავალფეროვნების გამო, 2021 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც კოლხური ტროპიკული ტყეებისა და ჭაობების შემადგენელი ნაწილი.[1]

ჭაობის როლი, მიუხედავად საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულებისა, საკმაოდ დიდია და სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. უპირველეს ყოვლისა, ჭაობი უზრუნველყოფს მტკნარი წყლის დაგროვებას, შენახვას და არეგულირებს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დინებას, რის საშუალებითაც ხდება გრუნტის წყლების დონის შენარჩუნება. ჭაობი, ასევე, უზრუნველყოფს კლიმატური პირობების სტაბილიზაციას, აკავებს ეროზიას და ინარჩუნებს ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას. ეს ჭაობი მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მდგარი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების საცხოვრებელი ჰაბიტატია, ხოლო გადაფრენის პერიოდში — ფრინველთა შესვენების ადგილი.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფიან ჭაობებს. რელიეფი ბრტყელი და ოდნავ ეროზირებულია მდინარეების, შავი ღელესა და ტოგონის მიერ. აქ ზღვის ტიპური, ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატია. წლიური ნალექიანობა 1500–2500 მმ-ია, რომლის დიდი წილი, წვიმის სახით შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე მოდის.

ქობულეთის დაცული ტერიტორიების ჭაობიანი ჰაბიტატები გადამფრენი წყლის ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგრამ განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეთა სახეობებით. ისპანი 1-ზე, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული მეორადი მცენარეული დაჯგუფებები. ისპანი 2 მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური — გუმბათოვანი ჭაობია, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ტორფიანი ჭაობის საერთო ფონს ქმნის ტორფის ხავსები — სფაგნუმის სახეობები, ე.წ. „იმერული ისლი“, რინხოსპორები (თეთრი რინხოსპორა, კავკასიური რინხოსპორა), ტორფის ისლი (Carex riparia), წყლის სამყურა, მრგვალფოთოლა დროზერა და ზოგიერთი სხვა სახეობები. ამ მცენარეთა უმეტესობა ჩრდილოური (ბორეალური) წარმოშობისაა და კოლხეთში მოხვდა მეოთხეული პერიოდის გამყინვარების ეპოქებში. აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდება კოლხური მცენარეებიც: შქერი, იელი, ეკალღიჭი და სხვ. ქობულეთის აღკვეთილში ასევე გვხვდება იშვიათი სახეობის სამეფო გვიმრაც.

ადგილმდებარეობა და ფართობი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთის დაცული ტერიტორიების — ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორია, ფართობი და საზღვრები განსაზღვრულია „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით და მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე „ისპანი 2“ სფაგნუმიან ტორფნარს და მიმდებარე ტყით დაფარული ფართობის ვიწრო ზოლს.

ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ჩრდილოეთი საზღვრის ხაზი დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე გადის „ისპანი 2“ სფაგნუმიანი ტორფნარის ნაპირის გასწვრივ. აღმოსავლეთით საზღვრის ხაზი დაახლოებით 0.5 კილომეტრის მანძილზე გადის ოჩხამურის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და „ისპანი 2“ ტორფნარს შორის. სამხრეთით საზღვრის ხაზი 0.8 კილომეტრის მანძილზე გადის ტორფნარის ნაპირის და 2.2 კილომეტრის მანძილზე — მდინარე შავი ღელის ნაპირის გასწვრივ. დასავლეთი საზღვრის ხაზი დასავლეთიდან ერთი კილომეტრის მანძილზე გადის ტორფნარის კიდეზე არსებული ტყით დაფარული ფართობის (ზოლის) გასწვრივ.

ქობულეთის აღკვეთილი მოიცავს „ისპანი 1“ სფაგნუმიან ტორფნარს, მიმდებარე რელიქტურ ტყეს და მეორად მდელოებს. ჩრდილოეთი საზღვრის ხაზი 4.6 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე ტოგონის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ. აღმოსავლეთი საზღვრის ხაზი 2.6 კილომეტრის მანძილზე გადის ოჩხამურის დასავლეთი განაპირა საზღვრის გასწვრივ. სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ხაზი 3.4 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე შავი ღელის მარცხენა ნაპირის გასწვრივ. დასავლეთი საზღვრის ხაზი 1.4 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე შავი ღელის მარცხენა ნაპირის გასწვრივ.

ქობულეთის დაცული ტერიტორიების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლხეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემის დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიზნით, საქართველო 1996 წლის 30 აპრილს მიუერთდა რამსარის საერთაშორისო მნიშვნელობის კონვენციას. 1997 წლიდან კი „ისპანი 2“ სფაგნუმიანი ტორფნარს იცავს რამსარის კონვენცია. 1999 წლის 1 იანვარს ამოქმედდა საქართველოს კანონი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ქობულეთის დაცული ტერიტორიები.

ეროვნული და რეგიონული მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს — ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს, რომელიც მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების IUCN-ის I კატეგორიას და საქართველოში არსებულ 14 სახელმწიფო ნაკრძალს შორისაა, ხოლო ქობულეთის აღკვეთილი, რომელიც დაცული ტერიტორიების IUCN-ის IV კატეგორიას მიეკუთვნება, საქართველოში ამჟამად არსებული 19 აღკვეთილიდან ერთ-ერთია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქობულეთის დაცული ტერიტორიების გარდა, მდებარეობს კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი. ქობულეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს სხვა დანარჩენი დაცული ტერიტორიებისაგან გამოირჩევა ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარების არსებობით. აქედან გამომდინარე, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს რეგიონის ეკონომიკასა და ეკოლოგიაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

საერთაშორისო მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთის დაცული ტერიტორიის ჭარბტენიანი ჰაბიტატები სრულიად აკმაყოფილებს რამსარის კონვენციის მიხედვით საერთაშორისო ღირებულების რამსარ საიტისათვის აუცილებელ სავალდებულო კრიტერიუმებს (The Ramsar sites Criteria ვ.1.2). ჯგუფი A-ს მიხედვით ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია მსოფლიო უნიკალური სფაგნუმიანი ტორფნარები. ჯგუფი B-ს (განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია) მიხედვით: ა) იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები და მცენარეთა თანასაზოგადოებები; ბ) ტერიტორია მნიშვნელოვანია წყლის ფრინველის სახეობის 1%-ისთვის (მაგ. ალკუნი, ძელქორი); გ) ტერიტორია მნიშვნელოვანია ჭარბტენიან ტერიტორიაზე დამოკიდებული არა ფრინველი სახეობის 1%-ისთვის (მაგ.: წავი).

1999 წელს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალზე ჩატარებულმა მეცნიერულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ისპანი 2“ სფაგნუმიანი ტორფნარი ჰიდროგენეტიკაზე დაყრდნობით მსოფლიოში პირველ პერკოლაციური ტიპის ტორფნარს წარმოადგენს. სწორედ ამ უნიკალურობის გამო, ქობულეთს და მთლიანად კოლხეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია ტორფნარების მსოფლიო რუკაზე. ისპანი 2-ის სფაგნუმიანი ტორფნარები აკმაყოფილებენ UNESCO-ს IX და X კრიტერიუმებს, რაც მნიშვნელოვანია დაცულ ტერიტორიებზე წარდგენილ კოლხურ ტყეებთან ერთად მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ნომინაციისათვის. 2015 წლიდან ქობულეთის დაცული ტერიტორიები მსოფლიო ტორფნარების სამეცნიერო ცენტრის ოფიციალური წევრია. ქობულეთის დაცული ტერიტორიის ჭარბტენიანი ჰაბიტატები (რელიქტური ტყეები, ტორფნარები, ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორები) აკმაყოფილებენ „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიების“ (ზურმუხტის ქსელი) კონსერვაციის კრიტერიუმებს: ა) საიტი უზრუნველყოფს ბერნის კონვენციით დაცული საფრთხის წინაშე მყოფი (მათ შორის მიგრირებადი) სახეობების დაცვასა და გრძელვადიან შენარჩუნებას; ბ) ტერიტორია მნიშვნელოვანია სახეობებისა და ჰაბიტატებისთვის, მათი გავრცელების არეალის, მრავალფეროვნების და კონკრეტული კონსერვაციული საჭიროებების თვალსაზრისით; ბერნის კონვენციით დაცული და გლობალური სტატუსის (IUCN) მქონე ჰაბიტატი. ბერნის კონვენციით დაცულია და გლობალური სტატუსის მქონეა ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორი ბუშტოსანას დომინანტობით.

ბიომრავალფეროვნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისთვის დამახასიათებელი ჰაბიტატები: ცოცხალი სფაგნუმიანი პერკოლაციური ტიპის ტორფნარი — „ისპანი 2“. თითქმის გაუხრწნელი მცენარეებისაგან წარმოქმნილ ფოროვან ტორფნარში ტორფი პერკოლაციური ანუ შეღწევადია. წყალი შეუფერხებლად ჟონავს მთელს ტორფნარში ყველა მიმართულებით. როდესაც წვიმს, წყლის ახალი მასები აწვება ტორფს, ხოლო ძველი კი გამოედინება, ისე მოქმედებს როგორც წყლით გაჟღენთილი ღრუბელი. ტორფნარში წყალი მუდმივად ერთ დონეზეა მხოლოდ ხშირი და უხვი წვიმების წყალობით. არავითარი კავშირი არა აქვს გრუნტის წყალთან. გუმბათის წარმომქმნელი სფაგნუმის სახეობები მსოფლიოში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევიან (32 სმ წლის განმავლობაში), შედეგად ტორფის აკუმულაციის პროცესიც ყველაზე მაღალია მსოფლიოში და იგი წელიწადში 4 მმ-ს შეადგენს. სფაგნუმიანი ტორფნარის გუმბათი შემოგარენიდან 5 მეტრითაა წამოწეული. ტორფნარზე იზრდება მესამეული პერიოდის გამყინვარების დროინდელი კაინოზოური რელიქტები, როგორიცაა: მთლიანი სფაგნუმიანი გუმბათის წარმომქმნელი ოთხი სახეობის სფაგნუმი — აუსტინის სფაგნუმი (Sphagnum austinii), ტიხრებიანი სფაგნუმი (Sphagnum papillosum), წითელი სფაგნუმი (Sphagnum rubellum), ჭაობის სფაგნუმი (Sphagnum palustre), სამეფო გვიმრა (Osmunda regalis), ლაზური ისლი (Carex lasiocarpa), ჩრდილოეთის ისლი (Molinia litoralis), წყლის სამყურა (Menyanthes trifoliata), თეთრი რინხოსპორა (Rhynchospora alba), მწერიჭამია დროზერა (Drosera rotundifolia). ტორფნარზე ხარობს მანანასებრთა ოჯახის კოლხეთის ფლორის მერქნიანი სახეობები: შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rhododendron luteum), მოცვი (Vaccinium arctostaphyllus). მანანასებრთა ოჯახის წარმომადგენელია ასევე — მანანა ჩვეულებრივი (Calluna vulgaris), რომელიც მხოლოდ ქობულეთის ისპანის სფაგნუმიან ტორფნარებში იზრდება.

რელიქტური კოლხური ტყეები. კოლხური ტყე პატარა ფრაგმენტის სახითაა შემორჩენილი „ისპანი 2“ ტორფნარის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აქ გვხვდება კავკასიისა და საქართველოს წითელი ნუსხის სახეობა — ჰართვისის მუხა (Quercus hartwissiana), იზრდება ასევე კავკასიური რცხილა (Carpinus betulus), შავი მურყანი (Alnus glutinosa subsp. barbata), ხეჭრელი (Rhamnus frangula), ტირიფის ორი სახეობა — ნაცრისფერფოთლოვანი ტირიფი (Salix cinerea) და მდგნალი (Salix caprea).

ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორები და არხები. „ისპანი 2“ ტორფნარის განაპირას ბუნებრივი არხებია, სადაც გავრცელებულია ყვითელი დუმფარა (Nymphaea lutea), გლობალური წითელი ნუსხის სახეობები: კოლხური დუმფარა (Nymphaea colchica) და წყლის ვაზი(Potamogeton natans). არხებთან ახლოს იზრდება შხაპრი (Sparganium neglectum).

ქობულეთის აღკვეთილისთვის დამახასიათებელი ჰაბიტატები: პერკოლაციური სფაგნუმიანი ტორფნარი — „ისპანი 1“ წარმოადგენს ქობულეთის აღკვეთილს, რომელიც წლების წინ გაყვანილი სადრენაჟე არხების გამო ნაწილობრივ დეგრადირებულია. დღეისათვის ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ ტორფნარი კვლავ უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას. ქობულეთის აღკვეთილში ხარობს ფლორის ყველა ის სახეობა, რომელიც ქობულეთის ნაკრძალშია წარმოდგენილი. როგორიცაა: კავკასიის ენდემი — კავკასიის რინხოსპორა (Rhynchospora caucasica), გლობალური წითელი ნუსხის სახეობები მედვედევის რამფიკარპა (Rhamphicarpa medwedewii) და — ხერხა (Cladium mariscus).

ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორები. ქობულეთის აღკვეთილის ჩრდილოეთით მდებარეობს ორი მცირე ზომის მტკნარწყლიანი ტბორი, სადაც იზრდება გლობალური წითელი ნუსხის სახეობები: ბუშტოსანა (Utricularia minor) და რქაფოთოლა (Ceratophyllum demersum).

რელიქტური კოლხური ტყეები ტორფის საფარით. ძირითად სახეობებს წარმოადგენს — კავკასიური რცხილა (Carpinus betulus), შავი მურყანი (Alnus glutinosa subsp. barbata), ხეჭრელი (Rhamnus frangula), ტირიფის ორი სახეობა — ნაცრისფერფოთლოვანი ტირიფი (Salix cinerea) და მდგნალი (Salix caprea).

სახეშეცვლილი ანთროპოგენური ჰაბიტატი. წარმოდგენილია: ა) ტყის გაჩეხვის შედეგად ჩამოყალიბებული მეორადი მდელოებით, სადაც ძირითადად ინვაზიური სახეობები იზრდება, როგორიცაა: თუნბერგის მატიტელა (Polygonum thunbergii), ჭილი (Juncus acutus) და ამბროზია (Ambrosia artemisiifolia); .ბ) ევკალიპტების ნარგაობებით, სადაც ხარობს ცისფერი ევკალიპტი (Eucalyptus cinerea), ტირიფისებრი ევკალიპტი (Eucalyptus viminalis), ჭაობის სფაგნუმი (Sphagnum palustre), ევლალია (Miscanthus sinensis), ანდროპოგონი (Andropogon virginicus).

ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ფლორა წარმოდგენილია 95 სახეობით, მათ შორის — 17 სახეობის ხავსი და ჭურჭლოვანი მცენარეების 76 სახეობა; ქობულეთის აღკვეთილის ფლორა წარმოდგენილია 233 სახეობით, მათ შორის — 17 სახეობის ხავსი, 216 სახეობა კი ჭურჭლოვანია. სულ ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფლორის სასიცოცხლო ფორმა მოიცავს — ხეების 6 სახეობას, ბუჩქების 9 სახეობას, ხე ან ბუჩქის 2 სახეობას, ლიანების 3 სახეობას, გვიმრების 4 სახეობას, ერთწლოვანი ბალახოვნების 57 სახეობას, ორწლოვანი ბალახოვნების 5 სახეობას. მრავალწლოვანი ბალახოვნების 119 სახეობას, ერთწლოვან ან ორწლოვან ბალახოვნების 5 სახეობას, ერთწლოვან, ორწლოვან ან მრავალწლოვანი ბალახოვნების 1 სახეობას.

ტაქსონომიური ჯგუფებია: ხავსისნაირების (Bryophyta) 8 ოჯახის, 12 გვარის 19 სახეობა, გვიმრანაირების (Pteridophyta) 4 ოჯახის, 4 გვარის 4 სახეობა; თესლოვნების (Spermatophyta): 45 ოჯახის, 117 გვარის 207 სახეობა; შიშველთესლოვნების (Gymnospermae): 1 ოჯახის, 1 გვარის 1 სახეობა. ფარულთესლოვნების (Angiospermae): 44 ოჯახის, 116 გვარის 206 სახეობა. ორლებნიანების (Dicotyledones): 35 ოჯახის, 56 გვარის 124 სახეობა, ერთლებნიანების (Monocotyledone): 9 ოჯახის, 60 გვარის 82 სახეობა. სულ: 57 ოჯახის, 133 გვარის 230 სახეობისა და სახესხვაობის მცენარე.

გლობალური წითელი ნუსხის მცენარეები. ტორფნარზე ხარობს მსოფლიო გლობალური წითელი ნუსხის სახეობები: ჯადვარი (Spiranthes amoena), წყლის სამყურა (Menyanthes trifoliata), თეთრი რინხოსპორა (Rhynchospora alba), სამეფო გვიმრა (Osmunda regalis), ხერხა (Cladum mariscus), მედვედევის რამფიკარპა (Rhamphicarpa medwedewii). ბუნებრივ მტკნარწყლიან ტბორებში იზრდება: ბუშტოსანა (Utricularia minor), არხებში გვხვდება ყვითელი დუმფარა (Nuphar lutea).

საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეები. საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებიდან ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე იზრდება ჰართვისის მუხა (Quercus hartwissiana), რომელიც ასევე კავკასიის წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ენდემური მცენარეები. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ენდემური სახეობებიდან იზრდება: კავკასიის ენდემი — კავკასიის რინხოსპორა (Rhynchospora caucasica) და კოლხური დუმფარა (Nymphaea colchica).

რელიქტური ფლორა. გამომდინარე იქედან, რომ სფაგნუმიანი ტორფნარები რელიქტურია, რელიქტურია აქ გავრცელებული ფლორის სახეობებიც როგორიცაა: მწერიჭამია დროზერა (Drosera rotundifolia), ჩრდილოეთის ისლი (Molinia litoralis), თეთრი რინხოსპორა (Rhynchospora alba), სამეფო გვიმრა (Osmunda regalis), წყლის სამყურა (Menyanthes trifoliata), მანანა ჩვეულებრივი (Calluna vulgarus), ხერხა (Cladium mariscus), აუსტინის სფაგნუმი (Sphagnum austinii), ტიხრებიანი სფაგნუმი (Sphagnum papillosum), წითელი სფაგნუმი (Sphagnum rubellum), ჭაობის სფაგნუმი (Sphagnum palustre), ჯადვარი (Spiranthes amoena), პონტოს შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rhododendron luteum), მოცვი (Vaccinium arctostaphyllus), ისლი (Carex lasiocarpa).

ქობულეთის დაცული ტერიტორიები, როგორც რამსარის საერთაშორისო კონვენციის ჭარბტენიანი ტერიტორია, მდიდარია მობუდარი, მიგრირებადი და გადამფრენი ფრინველებით. შემოდგომასა და გაზაფხულზე აქ უამრავი ფრინველის ნახვა შეიძლება. ასევე წყალმცურავი ფრინველების ის წარმომადგენლები, რომელთა საბინადრო გარემოს წარმოადგენს არხებისა და ტბორების პირას წარმოდგენილი ჭარბტენიანი მაღალბალახეულობა, ესენია: სხვადასხვა სახეობის იხვები, ბატები და სხვა. ქობულეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტყეები თავშესაფარს წარმოადგენს ღამის ფრინველებისათვის, როგორიცაა ჭაობის ბუ (ბაიყუში) (Asio flammeus). აქ ბინადრობს ჭაობის ძელქორი. აღრიცხულია 276 სახეობის მობუდარი, მიგრირებადი და წყალმცურავი ფრინველი.

დაცული ტერიტორიის მცირე ზომა და დასახლებული ტერიტორიების შუაგულში არსებობა გამორიცხავს ფაუნის სახეობების დიდ მრავალფეროვნებას. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე აღრიცხულია ძუძუმწოვრების 10 სახეობა. არხების და მდინარეების პირას ბინადრობს გლობალური წითელი ნუსხის სახეობა — წავი (Lutra lutra). მღრღნელებიდან გვხვდება: რუხი ვირთაგვა (Rattus norvegicus), დედოფალა (Mustela nivalis). აღრიცხულია ამფიბიების 5 სახეობა. მათ შორის: ჩვეულებრივი გომბეშო (Bufo bufo), მწვანე გომბეშო (Bufo viridis), ქობულეთის აღკვეთილის სახეშეცვლილ მეორად ჭარბტენიან მდელოზე არსებულ ტბორებში ბინადრობს ჩვეულებრივი ტრიტონი (Lissotriton vulgaris) და მცირეაზიური ტრიტონი (Ommatotriton vitatus). გვხვდება ქვეწარმავლების 10 სახეობა. მათ შორის: წყლის ანკარა (Natrix tesselata), მწვანე ხვლიკი (Daverskia armeniaca), მარდი ხვლიკი (Lacerta agilis), ნაპირებთან ბინადრობს ჭაობის კუ (Emys orbicularis).

თევზებიდან არხებსა და მდინარეებში გვხვდება 8 სახეობის თევზი. ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა: ქარიყლაპია (Esox lucius). მიმდებარე ჭარბტენიან გარემოში მრავლადაა სამედიცინო წურბელა (Hirudo medicinalis). უხერხემლო ცხოველებიდან ლიტერატურული მონაცემებით აღრიცხულია 333 სახეობა. მათ შორის: რბილტანიანების 20 სახეობა, ფოთოლმჭამიების 18 სახეობა, ცხვირგძელების 5 სახეობა, ირემა ხოჭოების 1 სახეობა, ულვაშფირფიტოვანი ხოჭოების 14 სახეობა, სიფრიფანაფრთიანების რიგის 11 ოჯახის 33 სახეობა, რიგი რუისელების 23 ოჯახის 224 სახეობა. შესწავლილია მიკობიოტა სფაგნუმის სახეობებში და იგი წარმოდგენილია სამი ოჯახის 11 სახეობით.

გლობალური წითელი ნუსხის სახეობები. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 6 სახეობის ფრინველი გლობალურად მოწყვლადია: ქოჩორა ვარხვი (Pelecanus crispus), ბექობის არწივი (Aquilia heliaca), თეთრთვალა იხვი (Oxyura leucocephala), პატარა ღერღეტი (Anser erythropus), მარმარილოსებრი იხვი (Marmaronetta angustirostris Menetries), ღალღა (Crex crex); ძუძუმწოვრებიდან — წავი (Lutra lutra); ამფიბიებიდან — ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი.

საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები. ფრინველებიდან საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებია: მურტალა (Podiceps grisegaena), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), ველის კაკაჩა (Buteo Buteo rufinus), გარიელი (Melanita fusca), ყარყატი (Ciconia nigra), ლაკლაკი (Ciconia ciconia).

ისტორიულ-კულტურული ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიურ აღმოჩენებზე დაყრდნობით ქობულეთი — ფიჭვნარის ტერიტორია ერთ-ერთ უძველეს ნამოსახლარად ითვლება. ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდის სამოსახლოები დაახლოებით 100 ჰა ფართობზეა აღმოჩენილი. ყველაზე ძველი, ადრე ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. III–II ათასწლეულები) დასახლება გათხრილია „ისპანის“ ტერიტორიაზე (ზღვის ნაპირიდან დაახლ 3 კმ). ადრე ბრინჯაოს ხანის „ისპანის“ ტორფქვეშა ნამოსახლარი (ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო — ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი) 2 მ სისქის ტორფის ფენითაა დაფარული.

1974–75 წლებში აქ გავლებულ სადაზვერვო თხრილებს უაღრესად საყურადღებო აღმოჩენები მოჰყვა. ქობულეთის აღკვეთილის სამხრეთით სადრენაჟე არხის გათხრისას იქნა აღმოჩენილი „ისპანის“ ნამოსახლარი. დღეისათვის ის უძველეს სამიწათმოქმედო კულტურის ძეგლს წარმოადგენს კოლხეთში. აქ ნაპოვნია ორი სხვადასხვა პერიოდის უძველესი ჯარგვალური და ხიმინჯებიანი ძელურ ნაგებობათა ნაშთები. ნამოსახლარების გათხრისას ნაპოვნია ხის შენობათა ნაშთები, თიხის ჭურჭლები, ლითონის წარმოებასთან დაკავშირებული საგნები: საქშენი მილები, ტიგელები, ყალიბის ფრაგმენტები, ხისგან დამზადებული ცულის მოდელი, კაჟისა და ობსიდიანის იარაღები, თიხის ქანდაკებები, ფლორისა და ფაუნის ნიმუშები. მოსახლეობის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ლითონის დამუშავება, მეთუნეობა და ნადირობა. ადგილის დაჭაობების გამო, გვიანი ბრინჯაოს ხანიდან დასახლებამ მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის სანაპიროებზე გადმოინაცვლა (ზღვის ნაპირიდან დაახლ. 1 კმ). აქ იგი ელინისტური პერიოდის ჩათვლით არსებობდა. შუა ბრინჯაოს ხანიდან კოლხეთის დაბლობზე იქმნება დასახლებათა ახალი ტიპი — ხელოვნურად მოზვინულ ბორცვებზე შენდება ხის ძელური ნაგებობანი, რომლებსაც ირგვლივ თავდაცვითი თხრილი აკრავს. ბორცვების ორი ტიპი გამოიყოფა: ერთდროულად მოზვინული და კულტურული ფენების თანდათანობითი დალექვის შედეგად წარმოქმნილი, რომლებიც ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. ტორფიანი ნიადაგის წყალობით ჩვენამდე მოღწეულია ხის არქიტექტურის ნიმუშები, უძველესი ფლორის, ფაუნისა და ოსტეოლოგიური მასალები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეთევზეობა, ნადირობა) ამსახველი არტეფაქტები (ხორბლეულისა და ღომის მარცვლები, ხის სახვნელი, დელფინის ძვლები, ბადის საწაფები).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Colchic Rainforests and Wetlands. UNESCO World Heritage Centre.