ქლუხორის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქლუხორის რაიონი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ფართობი 3 593 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 9930 (1948 1 ივლისი)
ქლუხორის რაიონის ადმინისტრაციული დაყოფა
ქლუხორის რაიონის ადმინისტრაციული დაყოფა

ქლუხორის რაიონი — ადმინისტრაციული რაიონი საქართველოს სსრ-ში, 1943 წლიდან 1955 წლამდე.

1943 წელს საქართველოს შეუერთდა ჩრდილო კავკასიური ტერიტორია ქლუხორი, ამ ტერიტორიებზე ქართველებმა დასახლება დაიწყეს. 1955 წლის 14 მარტს საქართველოს სსრ-ს ქლუხორი კვლავ ჩამოერთვა და შეუერთდა სტავროპოლის მხარეს, ქართველებმა ეს ტერიტორიები დატოვეს და აქ კვლავ ძველი მოსახლეობა დაბრუნდა. ამჟამად ეს ტერიტორიები ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის რაიონ ყარაჩაევსკის შემადგენლობაშია.

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქლუხორის რაიონი მდებარეობდა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდინარე ყუბანისა და თებერდის სათავეებში, მათ ურთიერთ შესართავამდე, სადაც გაშენებულია რაიონის ცენტრი ქ. ქლუხორი. კავკასიონის მწვერვალებიდან რაიონის ტერიტორიის ზედაპირი თანდათან დაბლდება და ბოლოს, ქლუხორის ჩრდილოეთით სტავროპოლის მხარის ველს ესაზღვრებოდა.

ქლუხორის რაიონს ეკავა ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ნაწილი (44 % ყარაჩაელთა ა. ო.), ყოფილი უჩკულანისა და ნაწილი მიქოიანის რაიონებისა.

ქლუხორის რაიონი თავისი სამხრეთი საზღვრებით საქართველოს სსრ გაგრძელებას წარმოადგენდა, ხოლო დანარჩენი საზღვრებით რსფსრ ესაზღვრებოდა, სახელდობრ: სამხრეთ აღმოსავლეთით ყაბარდოს ასსრ და დანარჩენი მხრივ სტავროპოლის მხარეს (დასავლეთით — ზელენჩუკის რაიონს, ჩრდილოეთით — ჯუგუტის რაიონს და ჩრდილო-აღმოსავლეთით კისლავოდსკის რაიონს).

ქლუხორის რაიონი თავისი ბუნებრივი პირობებითა და მეურნეობით საქართველოს სსრ მომიჯნავე ტერიტორიას ემსგავსებოდა და საქართველოს სხვა რაიონებს ისევე, როგორც რსფსრ-ის მოსაზღვრე რაიონებს უკავშირდებოდა სახმელეთო და საავიაციო გზებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში, სოციალისტური ინტერნაციონალიზმის თეორიული პოსტულატების ცხოვრებაში გატარებით, ცენტრალური ხელისუფლება პერმანენტულად ცდილობდა კავკასიაში ხალხთა მეგობრობა განემტკიცებინა, მაგრამ ეს იოლად გადასაჭრელი ამოცანა არ იყო. მთიელები არც რუს და არც ადგილობრივ ბოლშევიკებს არ ენდობოდნენ, თუმცა იმავდროულად მოსკოვმა შეძლო ესარგებლა ჩრდილოოსების რუსული ორიენტაციით (რომელიც ჯერ კიდევ მე-17 – მე-18 საუკუნეებში ჩაისახა) და ამას ოსტატურად იყენებდა სხვა კავკასიელი ხალხების მიმართ.

ჩრდილოეთ კავკასიაში კომუნისტების მმართველობის 20-წლიანი (1920-1940) პერიოდი, შეიძლება ითქვას, გარკვეული "წარმატებით" აღინიშნა – ჯერ კიდევ 1920 წელს შეიქმნა მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მომდევნო წლებში კი მის ნაცვლად რიგი ავტონომიური რესპუბლიკები ჩამოყალიბდა. აქ მცხოვრებ ხალხებს შორის მნიშვნელოვნად მინელდა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს არსებული ეთნოკონფლიქტები, შოვინიზმის გამოვლინება, რელიგიური შეუწყნარებლობა (მაგ.ქრისტიან ოსებსა და მაჰმადიან ვაინახებს შორის). ეს გასაგებიცაა - კრემლი ცენტრალიზებული მართვის სისტემის ერთგული იყო და მკაცრად უსწორდებოდა მათ, ვინც სოციალისტური ინტერნაციონალიზმის პრინციპებს გადაუხვევდა.

ასე იყო თუ ისე, საბჭოთა პროპაგანდის თანახმად, 1940 წლისათვის საქართველოს ჩრდილოეთით მცხოვრები კავკასიელი ხალხები ძირითადად უკვე საკმაოდ მყარად იყვნენ მოქცეულნი “ერთიან საბჭოთა ძმურ ოჯახში”, მაგრამ არსებობდა მედლის მეორე მხარეც - კრემლს განსაკუთრებით უჭირდა ჩეჩნეთში (ჩაჩნეთში), ინგუშეთსა და დაღესტანში, სადაც მაღალმთიან აულებსა თუ სოფლებში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი კომუნისტებისადმი სიძულვილი, რუსებისადმი არამეგობრული და ხშირად, მტრული დამოკიდებულება. მთებში მოქმედებდნენ წინააღმდეგობის რაზმები, რომლებთაც ჩეკისტები ბანდიტებად მოიხსენიებდნენ და დაუნდობლად ებრძოდნენ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (შინსახკომის ანუ “ენ-კა-ვე-დე”-ს) ქვედანაყოფები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩეჩნეთ-ინგუშეთში, დაღესტანში.

საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ მთიელთა წინააღმდეგობამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო - მოსახლეობის გარკვეული ნაწილისაგან შექმნილ ანტისაბჭოთა და ანტირუსულ შეიარაღებული რაზმებს მნიშვნელოვან მორალურ-პოლიტიკურ და ხშირად მატერიალურ დახმარებას უცხოეთში (გერმანიასა და თურქეთში) გახიზნული მათი ლიდერები და იქ შექმნილი ორგანიზაციები უწევდნენ. როგორც ცნობილია, ევროპაში გერმანიის გაძლიერების კვალობაზე, თითქმის ყველა პოლიტიკურმა ემიგრანტმა კავკასიის ყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებიდან იმედის თვალი ბერლინს მიაპყრეს - საბჭოთა რეჟიმის დამარცხების შემთხვევაში ისინი სამშობლოში დაბრუნებასა და გერმანიის დროშის ქვეშ სახელმწიფოებრიობის აღდგენას ვარაუდობდნენ. ბერლინში იქმნებოდა “ეროვნული კომიტეტები”, მათ შორის ჩრდილოკავკასიურიც, დაიწყო ეროვნული “აღმოსავლური ლეგიონების” ჩამოყალიბება.

1942 წლის ზაფხულში გერმანიის ჯარები კავკასიონს მოადგნენ. მათ თანდათან დაიკავეს რეგიონში არსებული რუსეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საბჭოთა წარმონაქმნების (ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქების), მათ შორის ყარაჩაის, ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიები, დაიწყეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიის დაბომბვა და დივერსიული რაზმების შეგზავნა. როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფიული წყაროები ამტკიცებენ, დაკავებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გერმანელთა მმართველობა მეტ-ნაკლებად დადებითად მიუღია, რაც საბჭოთა კანონმდებლობით უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენდა. მოსახლეობის ამგვარი მოქმედება არც იყო გასაკვირი, რადგან მათთვის რუსეთი დამპყრობელი იყო, მათ ცნობიერებაში კვლავ ცოცხლობდა იმამ შამილის ხსოვნა და მისი ბრძოლა მთიელთა თავისუფლებისათვის. სხვა საქმეა, თუ როგორ შეაფასა ჩრდილოკავკასიელი მოსახლეობის მოქმედება საბჭოთა ხელისუფლებამ – კომუნისტური იდეოლოგიის თანახმად, ისინი სამშობლოს მოღალატეები, გამყიდველები და საბჭოთა ხალხის მტრები აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც ხშირად ხდება ტოტალიტარული სახელმწიფოს პირობებში - 1943 წლის იანვრიდან წითელი არმიის მიერ ყარაჩაის, ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიების გერმანელებისაგან გათავი-სუფლების შემდეგ შინსახკომის ორგანოებმა ზემოთ ნახსენები ბრალდებები მთელ ხალხებზე გაავრცელეს – შესაბამისად, განხორციელდა უმკაცრესი ღონისძიებები: გაუქმდა მთიელ ხალხთა რიგი ავტონომიური წარმონაქმნები, დაიწყო უმაგალითო რეპრესიები, დაპატიმრება-დახვრეტები, გადასახლებები.

გასაიდუმლოებული მასალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა არქივებში მრავალი ისტორიული დოკუმენტი ინახება, რომელთა არსებობა მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე, რომ აღარაფერი ვთქვათ 40-50-იან წლებზე, ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რადგან იმდროინდელ პრესაში მათი გამოქვეყნება აკრძალული იყო. ისინი ფართო მკითხველისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში გახდა, როცა ყოფილი საბჭოთა არქივების დახურული სპეცფონდები გაიხსნა. გავეცნოთ რამდენიმე მათგანს, რომელთაც შეუძლია ნათელი მოჰფინონ ქლუხორისა და ახალხევის რაიონების შექმნის საკითხს:

პრესაში არ გამოქვეყნდეს

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ში მცხოვრები ბალყარელების გადასახლებისა და ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ყაბარდოს ასსრ-დ გარდაქმნის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელი ფაშისტი დამპყრობლების მიერ ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ტერიტორიის ოკუპაციის დროს ბევრმა ბალყარელმა უღალატა სამშობლოს, ერთიანდებოდნენ გერმანელების მიერ ორგანიზებულ შეიარაღებულ რაზმებში და ეწეოდნენ წითელი არმიის ნაწილების მიმართ ძირგამომთხრელ მოქმედებას, უწევდნენ ფაშისტ ოკუპანტებს მეგზურობას კავკასიის ქედის უღელტეხილებზე, ხოლო წითელი არმიის მიერ კავკასიიდან მტრის ჯარების განდევნის შემდეგ ისინი ეწერებოდნენ გერმანელების მიერ ჩამოყალიბებულ ბანდებში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, - სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ყველა ბალყარელი, რომლებიც ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გადასახლდეს სსრკ-ის სხვა რაიონებში...

2. (...)

3. ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ გარდაიქმნეს ყაბარდოს ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად;

4. ყოფილი ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ელბრუსსკისა და ნაგორნის რაიონების სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი შეუერთდეს საქართველოს სსრ-ის ზემო სვანეთის რაიონს, ამასთან დაკავშირებით, შეიცვალოს ამ უბანზე საზღვარი საქართველოს სსრ-სა და რსფსრ-ს შორის შემდეგი სახით: ელბრუსის (იალბუზის – ს.კ.) მთის ჩრდილოეთ კალთებზე მდებარე ბურუნ-ტაშის უღელტეხილიდან საზღვრის ხაზი გატარდეს აღმოსავლეთით მდინარე მალკაზე სიმაღლე 2377-მდე, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ისლამ-ჩაიზე, სიმაღლე 3242-ის ჩათვლით, ყირკიტ-აუშის უღელტეხილთან, შემდეგ ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ყირტიკზე, დასახლება ვერხნი ბაქსანის დასავლეთით და სამხრეთით მდინარე ალირ-სუს გასწვრივ მესტიის უღელტეხილამდე.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე მ. კალინინი

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ა. გორკინი

მოსკოვი, კრემლი. 1944 წლის 8 აპრილი.


სუიცსა, ფ.600, აღწ.2, საქმე 589, ასლი

პრესაში არ გამოქვეყნდეს

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის

ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ

იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელი ფაშისტების მიერ ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ოკუპაციის დროს ბევრი ყარაჩაელი გამცემლურად მოქმედებდა, ერთიანდებოდნენ გერმანელების მიერ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ორგანიზებულ რაზმებში, აბეზღებდნენ გერმანელების წინაშე პატიოსან საბჭოთა ადამიანებს, თან მიჰყვებოდნენ და გზას უჩვენებდნენ უღელტეხილებზე ამიერკავკასიისაკენ მიმავალ გერმანიის ჯარებს, ხოლო ფაშისტების განდევნის შემდეგ ხელს უშლიან და ეწინააღმდეგებიან საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მალავენ ხელისუფლების ორგანოებისაგან ბანდიტებსა და გერმანელების მიერ დატოვებულ აგენტებს, უწევენ მათ აქტიურ დახმარებას, - სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ყველა ყარაჩაელი, რომლებიც ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გადასახლდეს სსრკ-ს სხვა რაიონებში, ხოლო ყარაჩაის ავტონომიური ოლქი გაუქმდეს.

2. ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციის გამო:

ა)...

ბ)...

გ)ყოფილი ყარაჩაის ავტონომიური ოლქის უჩკულანის რაიონი, აგრეთვე მიქოიანის რაიონის ნაწილი გადაეცეს საქართველოს სსრ-ს, აღნიშნულ ტერიტორიებზე კი შეიქმნას ახალი ადმინისტრაციული ერთეული – ქლუხორის რაიონი, ცენტრი - ქალაქი მიქოიან-შახარი; აღნიშნულ ქალაქს შეეცვალოს სახელი და ეწოდოს ქლუხორი. ქლუხორის რაიონში დაწესდეს შემდეგი საზღვარი საქართველოს სსრ-სა და რსფსრ-ს შორის: დასავლეთიდან – ყოფილი მაიაკოვსკის რაიონის ამჟამად არსებული საზღვარი, შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით – ქალაქ ქლუხორის ჩრდილოეთით, მდინარე მარას გასწვრივ, სოფელ ნიჟნი მარას გვერდაქცევით და გავიდეს ყოფილი უჩკულანის რაიონის საზღვარზე, სოფელ ვერხნი მარას სამხრეთით, შემდეგ ხაზმა გაიაროს სამხრეთით ყოფილი უჩკულანის რაიონის ამჟამად არსებულ აღმოსავლეთ საზღვარზე...

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე მ.კალინინი

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ა.გორკინი

მოსკოვი, კრემლი, 1944 წლის 12 ოქტომბერი.


სუიცსა, ფ.600, აღწ.2, საქმე 585, ასლი

ამ ბრძანებულებებს წინ უძღოდა ყარაჩაელების, ჩერქეზების, ბალყარების და სხვა ჩრდილოკავკასიელი ხალხების წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები გერმანელებთან თანამშრომლობის შესახებ.

აი, როგორ იხსენებს იმდროინდელ ამბებს კომპარტიის ყაბარდო-ბალყარეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ზუბერ კუმეხოვი:

1944 წლის 25 თებერვალს გამომიძახეს ვლადიკავკაზში მყოფ ლავრენტი ბერიასთან თათბირზე დასასწრებად, რომელიც სპეცმატარებლის სალონ-ვაგონში მიმდინარეობდა. თათბირს ესწრებოდნენ აგრეთვე სსრკ სახელმწიფო უშიშროების სახკომი ივან სეროვი და ყაბარდო-ბალყარეთის შინაგან საქმეთა სახკომი კონსტანტინე ბზიავა. როგორც კი შევედი, ბერიამ ლანძღვა დამიწყო, მიყვიროდა, რომ ბალყარელები გერმანელებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ, ჩააბარეს იალბუზი (არის ცნობები, რომ 1942 წლის აგვისტოში გერმანელმა ალპინისტებმა იალბუზი დაიპყრეს და ფაშისტური დროშა აღმართეს), მალავდნენ ბანდიტებს და საერთოდ, საბჭოთა წყობილების მტრებს. სწორედ ამიტომ ბალყარელები გადასახლებას იმსახურებენ... მე ვთქვი, რომ მთლიანად მოსახლეობა არა, მაგრამ დამნაშავეები კი ნამდვილად უნდა გასამართლდნენ-მეთქი... ვინ დამიჯერა... ლავრენტი ბერიამ იმ დღესვე გაგზავნა იოსებ სტალინთან ტელეგრამა, რომ ბალყარელები გასახლებას იმსახურებენ... 2 მარტს ბერია უკვე ნალჩიკში ჩამოვიდა, ისევ დამიძახა და იალბუზისკენ გავემგზავრეთ. მთასთან ახლოს დასახლებაში რომ მივედით, ბერიამ ისევ საყვედურები დამიწყო, რომ თქვენ ვერ გაუფრთხილდით იალბუზს და ამიტომ მთას საქართველოს გადავცემთო. ნალჩიკში დაბრუნებისას ბერიამ რუკა გაშალა და მითხრა, რომ ყაბარდო-ბალყარეთმა საქართველოს იალბუზის არე-მარე უნდა გადასცეს, ამის სანაცვლოდ კი თქვენ მიიღებთ პიატიგორსკს და მინვოდს. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავდაცვითი ზონა კავკასიის ქედის იქით, - გამომიცხადა ლავრენტი პავლოვიჩმა...

სახელების გადარქმევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძანებულება

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ ქლუხორის რაიონის აულების გადარქმევისა და სასოფლო საბჭოებისა და სადაბო საბჭოს შექმნის შესახებ

1. შეიცვალოს სახელწოდება საქართველოს სსრ ქლუხორის რაიონის შემდეგ აულებს და ეწოდოს:

ა) აულ ზემო ტებერდას — სოფელი ტებერდა

ბ) აულ ქვემო ტებერდას — სოფელი მზისა

გ) აულ კამენომოსტს — სოფელი ახალშენი

დ) აულ უჩკულანს — სოფელი მადნისხევი

ე) აულ კარჯურტს — სოფელი მთისძირი

ვ) აულ ხურზუკს — სოფელი ზედვაკე

2. გაერთიანდეს ხუტორები:

ლასტოჩკა, მელნიჩნაია, ბოინია, ტებერდა პირველი, ტებერდა მეორე, და ტებერდა მესამე ერთ სოფლად და ეწოდოს სოფელი ხიდისკარი.

3. შეიქმნას ქლუხორის რაიონის შემდეგი სასოფლო საბჭოები:

ა) ტებერდის სასოფლო საბჭო, ცენტრით სოფელ ტებერდაში

ბ) მზისის სასოფლო საბჭო, ცენტრით სოფელ მზისაში

გ) ახალშენის სასოფლო საბჭო, ცენტრით სოფელ ახალშენში

დ) მადნისხევის სასოფლო საბჭო, ცენტრით სოფელ მადნისხევში

4. კურორტი ტებერდა გარდაიქმნას დაბად (ქალაქის ტიპის დასახლებულ პუნქტად) და შეიქმნას დაბა ტებერდაში სადაბო საბჭო.

—საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. სტურუა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. ეგნატაშვილი. 1944 წლის 4 სექტემბერი. ქ. თბილისი.

ტერიტორიების დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსებ სტალინის სიკვდილის, განსაკუთრებით კი ლავრენტი ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ, კრემლის კულუარებში დაიწყო საუბარი საქართველოსათვის რუსეთის მიწების გადაცემის უსამართლობის შესახებ, რასაც ორიოდე წელიწადში შესაბამისი იურიდიული აქტიც მოჰყვა. ცხადია, საქართველოს ხელმძღვანელობა წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა ცენტრის გადაწყვეტილებას, თანაც მხედველობაში მიიღო ის, რომ მართლაც არსებობდა ზემოხსენებული ობიექტური სიძნელეები ცენტრისგან მოშორებული რაიონების მართვასთან დაკავშირებით და 1955 წლის 10 მარტს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო შემდეგი დადგენილება:

საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, მხედველობაში მიიღო რა ქლუხორის რაიონის ტერიტორიული დაშორება საქართველოსთან და მისი მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიური, კულტურული კავშირები რსფსრ სტავროპოლის მხარესთან, აგრეთვე რსფსრ-ის თანხმობა ქლუხორის რაიონის სტავროპოლის მხარესთან მიერთების თაობაზე, დაადგინა: გადაეცეს საქართველოს სსრ ქლუხორის რაიონის ტერიტორია რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას.

—სუიცსა, ფ.1165, აღწ.8, საქმე 1034

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ზემოთ ხსენებული დადგენილების მიღების შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია, რომ კრემლში წამოიჭრა საკითხი რეპრესირებული ხალხების მშობლიურ ადგილებში დაბრუნების თაობაზე. 1956 წლის 4 ივლისს ნიკიტა ხრუშჩევს მოსკოვში შუა აზიიდან ჩასული ყარაჩაელთა რვაკაციანი დელეგაცია შეხვდა. აი, როგორაა აღწერილი ეს ფაქტი არქივში შემონახულ ერთ-ერთ ჩანაწერში:

...12 საათსა 25 წუთზე ჩვენ ამხანაგ ხრუშჩოვის ფართო კაბინეტში შევედით. იგი წამოდგა და ყველას აღმოსავლურად მოგვესალმა - ორივე ხელი ჩამოგვართვა. დავსხედით.... “მე მივიღე თქვენი წერილი”, - გვითხრა ნიკიტა სერგის ძემ. მართლაც, ყველამ დავინახეთ, რომ წერილი მაგიდაზე იდო. “მე მესმის თქვენი სურვილი სამშობლოში დაბრუნებისა, მაგრამ საკითხი საკმაოდ რთულია... სტალინმა და ბერიამ ისეთი საქმეები ჩაიდინეს, რომ მათი გამოსწორება ძნელია. ბერია კავკასიის ფრონტზე რომ იყო, სტალინს ცნობებს აწვდიდა, თითქოს ზოგიერთმა კავკასიური ეროვნების ხალხმა სამშობლოს უღალატა, სტალინმა კი ისინი დაუფიქრებლად გაასახლა. სტალინი ავადმყოფურად ეჭვიანი კაცი იყო, რითაც ბერიამ კარგად ისარგებლა... არასწორი იდეაა, თითქოსდა მთელი ხალხი რაღაცაში დამნაშავე იყოს. იგი მთელ უკრაინასაც კი გაასახლებდა, მაგრამ 40 მილიონ ადამიანს სხვაგან ვერსად ვერ დაასახლებ.

შემდეგ ნიკიტა სერგის ძე უშუალოდ ჩვენს თხოვნას შეეხო. მან კვლავ გაიმეორა, რომ საკითხი საკმაოდ რთულია, რადგან იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ყარაჩაელები გაასახლეს, უკვე სხვა ხალხი ცხოვრობს. “ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი – ადგილობრივ ხელისუფლებას, სადაც ახლა თქვენ ცხოვრობთ, თქვენი მშობლიურ ადგილებში გაშვება არ სურთ. რაც შეეხება ყარაჩაელთა პოლიტიკურ რეაბილიტაციას, ალბათ, ამ საკითხს თქვენს სამშობლოში დაბრუნებასთან ერთად გადავწყვეტთ”, - თქვა ნიკიტა სერგის ძემ. ამ დროს კაბინეტში შემოვიდა უკრაინის ცეკას პირველი მდივანი ამხანაგი კირიჩენკო, რომელსაც ხრუშჩოვმა ჩვენი თავი წარუდგინა, როგორც ყარაჩაელი ხალხის წარმომადგენლები. კირიჩენკო შეგვეკითხა, თუ რამდენი ვართ ამჟამად ყარაჩაელი. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ დაახლოებით 68 ათასი. “ეს ხომ ქალაქის ნახევარიც არ არის, ალბათ, დაბრუნების დროს ყველა დაეტევით”, - შენიშნა კირიჩენკომ.

ამხანაგმა მაჯირ გაჯაევმა, ჩვენი დელეგაციის მეთაურმა, ნიკიტა სერგის ძეს მიმართა: “დიახ, ჩვენ გვესმის საკითხის სიმძიმე, ამიტომაც, ჩვენი პრობლემის გადაჭრა რომ გაადვილდეს, არ ვითხოვთ დაუყონებლივ ავტონომიის აღდგენას, არ ვითხოვთ სახელმწიფო ხარჯებს მოსახლეობის სამშობლოში დასაბრუნებლად... ჩვენ ასევე არ ვითხოვთ იქ მცხოვრები სვანების დაუყონებლივ გასახლებას. ქლუხორის რაიონში მოსახლეობა ამჟამად ძველი რაოდენობის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს, მიწები ცარიელი და დაუსახლებელია. ჩვენ არავის არაფერში არ შევედავებით, შეგვიძლია მათთან ერთად ცხოვრება. ნუთუ პატიოსანი ადამიანები – ქართველები ან რუსები - ჩვენი დაბრუნების წინააღმდეგნი იქნებიან? ნუთუ ისინი გულთან ახლოს არ მიიტანენ ჩვენი ხალხის ტრაგედიას?”.

ნიკიტა სერგის ძე ამბობს, რომ იოსებ სტალინს და ლავრენტი ბერიას ჩრდილოეთ კავკასიის ხარჯზე საქართველოს გაფართოების გეგმა ჰქონდა. ამხანაგი მაჯირ გაჯიევი მას ეთანხმება: “დიახ, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან სწორედ ის ხალხები გაასახლეს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ესაზღვრებოდნენ – ყარაჩაელები, ბალყარელები, ჩაჩნები და ინგუშები... ჩვენს ხალხში ამბობენ, რომ რომანოვების დინასტიის არცერთი მეფე ისე ცუდად არ მოგვქცევია, როგორც ეს სტალინმა გააკეთაო”.

საუბარში ჩაერია მურატ ჯამაევი, მალოყარაჩაევსკის რაიკომის ყოფილი პირველი მდივანი:

- ჩვენ ვიყავით ყარაჩაიში და ვნახეთ, რომ ქლუხორის გარდა, ფაქტობრივად, ყველა რაიონი ცარიელია. შევხვდით იქ მცხოვრებ სვანებს და რუსებს, ისინი ჩვენს დაბრუნებას მიესალმებიან. ჩვენ მათთან ერთად ადრეც მშვიდობიანად ვცხოვრობდით და ახლაც ისე ვიცხოვრებთ. მთიან აულებში ამჟამად არავინაა, სახლები ნაწილობრივ დანგრეულია, ნაწილობრივ კი ბარდ-ეკალი აქვთ მორეული. თუ ისევ შუა აზიაში დავრჩებით, მაშინ ჩვენს ხალხს მოღალატის იარლიყი არ მოეხსნება. პარტიის მეოცე ყრილობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ადგილობრივი ორგანოები ჩვენ კვლავ ეჭვის თვალით გვიცქერიან, ამიტომაც ყარაჩაელები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში.

შეხვედრის დასასრულს ნიკიტა სერგის ძემ დაგვაიმედა და დაგვემშვიდობა...

ხრუშჩოვთან საუბრის შემდეგ ყარაჩაელი ხალხის რეაბილიტაცია და მშობლიურ მიწებზე დაბრუნება მალე განხორციელდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ქლუხორის რაიონში მცხოვრები ქართველები მათ გულთბილად დახვდნენ და ხელი შეუწყეს ყარაჩაელებს ჩვეული ცხოვრების მოწყობაში, ხოლო როცა სვანები და რაჭველები უკან – სვანეთში და რაჭაში დაბრუნდნენ, მათ თავიანთი ეზო-კარი, ბაღები და ბოსტნები უკლებლივ ყარაჩაელებს დაუტოვეს. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ სვანები და რაჭველები 15 წლის განმავლობაში პატივს სცემდნენ ყარაჩაელთა კულტურის ძეგლებს, მათი წინაპრების საფლავებს... სხვათაშორის, როგორც სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, ბალყარეთში, ტირნიაუზის სამხრეთით, მდინარე ბაქსანის ხეობაში, ბალყარელთა თხოვნით, ოცამდე ქართული ოჯახი დარჩა და იქ მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ, ადგილობრივი მოსახლეობა პატივისცემით მოიხსენიებს მათ კეთილ საქმეებს.

1957 წლიდან, რასაკვირველია, კვლავ შეიცვალა რაიონის ტოპონიმიკა – ქლუხორს ეწოდა ყარაჩაევსკი, ახალშენს — კამენომოსტი, მაღარო გადაიქცა ელბრუსად, მთისძირი — კარტ-ჯურთად, ზედვაკე — ხურზუკად, მადნისხევი — უჩკულანად, მზისა — ნიჟნი თებერდად, შუამთა დაუთად, შერთულა — მარა-აიგად...

ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქლუხორის რაიონის ტერიტორია 3593 კმ² (359.275 ჰა) უდრიდა, რაც მაშინდელი საქართველოს სსრ ტერიტორიის 4.7% შეადგენდა.

ქლუხორის რაიონი აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით გაჭიმული მაღალი მთები მარადთოვლიან-ყინულოვანი მწვერვალებით (იალბუზი, ბელალაკაია, სოფრუჯუ, ამანაუზი და სხვა) და მდიდარი ალპური და სუბალპური საძოვარ-სათიბებით, უხვად დაფარული ტყეებით, წყალმდიდარი და თევზმრავალი მდინარეებით, ხელსაყრელი კლიმატური პირობებით, სასარგებლო მინერალური წყლებით და მრავალნაირი წიაღისეული სიმდიდრით (ქვანახშირი, მარმარილო, ბარიტი, გრანიტი, ასბესტი, კვარციტი, გრაფიტი, სპილენძი, ნიკელი, ქრომი, რკინა და სხვა) გამოირჩეოდა.

მიწის ფონდის აღნაგობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქლუხორის რაიონის მიწის სავარგულეთა სქემა

ქლუხორის რაიონის მიწის ფონდი თავისი აღნაგობა-შემადგენლობით მოსაზღვრე სვანეთისა და აფხაზეთის მთიანი ნაწილის ტერიტორიას ემსგავსება.

რაიონის მიწის ფონდში თავისი მაღალი ხვედრითი წონით უპირველეს ყოვლისა ყურადრებას იქცევს ე. წ. გამოუსადეგარი ანუ თოვლიან-ყინულიანი, კლდოვანი და სხვა აუთვისებელი მიწები, რომელთა წილი მთელი ტერიტორიის ოთხ მეათედს აღემატება (144.7 ათასი ჰა); მეორეს მხრივ, განსაკუთრებით მაღალი ხვედრითი წონით არის წარმოდგენილი ტყეები — მთელი ტერიტორიის სამ მეათამდე (105.9 ათასი ჰა, მათ შორის თებერდის სახელმწიფო ნარძალის ტყეების ფართობი 22 ათასი ჰა-ს უდრის), უმთავრესად შერეული ჯიშის (ფოთლოვან-წიწვიანი) ხეებით; მესამე ადგილი უკავია საძოვარ-საბალახოებსა და სათიბებს, რომელთა ხვედრითი წონა რაიონის მთელი ფართობის სამ მეოთხედს უახლოვდება (100.5 ათასი ჰა).

ტყის მასივების ფართო სამრეწველო გამოყენების შესაძლებლობასთან ერთად აქ მესაქონლეობის განვითარებას აქვს ფართო პერსპექტივები. რაც შეეხება მემინდვრეობა-მეხილეობისა და მებოსტნეობის განვითარებას, აქ ამისათვის შედარებით შეზღუდული პირობებია, სათანადო მიწის ფართობების ნაკლებობის გამო.

ქლუხორის რაიონის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი 2000 მეტრსა და მასზე უფრო მაღლა მდებარეობდა ზღვის დონიდან, ხოლო შედარებით ნაკლები ნაწილი (35.9 %) 1250-2000 მეტრის სიმაღლეზეა, უფრო მცირე ნაწილი კი 800-1250 მეტრის ფარგლებშია ნოქცეული (3.8 %).

ქლუხორის რაიონის ტერიტორია ზღვის დონიდან სიმაღლის იხედვით ასე ნაწილდებოდა:

# სიმაღლე ზღვის დონიდან
(მეტრი)
%
1 800-1000 0.6
2 1000-1250 3.2
3 1250-1500 11.7
4 1500-2000 24.2
5 2000-2500 29.0
6 2500-3000 19.8
7 3000-3500 11.3
8 3500 და მეტი 0.2

ზღვის დონიდან მდებარეობის შესაბამისად მცენარეული საფარი საკმაო ცვალებადობით ხასიათდება, მაგ., თუ 1260-2300 მეტრის ფარგლებში, ე. ი. ტყის ზონაში, 800-მდე სახის ნცენარეულია აღრიცხული, 1900-2600 მეტრის ფარგლებში, ანუ სუბალპურ ზონაში ნაპოვნია 458 სახის მცენარეული და ალპურ ზონაში კი (2500-3300 მ ზ. დ.) მხოლოდ 233 სახის.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქლუხორის რაიონში ორგანიზებული იყო ხუთი სასოფლო საბჭო და ერთი სადაბო საბჭო კურორტი თებერდისა.

  1. ახალშენის სასოფლო საბჭოში შემავალი სოფლები იყო: ახალშენი (ყოფ. კამონომოსტსკი), შერთულა (კამენომოსტსკის ერთ-ერთი უბანი), ბარი (ყოფ. ჯინგირიკი), შუქურა (ყოფ. ბირლიკი), ყუბანისი (ყოფ. ყუბანსკი) და ხიდისკარი (ყოფ. „ბოინია“ და „მელნიჩნი“).
  2. მზისას სასოფლო საბჭოში ერთი სოფელი შედიოდა — მზისა (ყოფ. ქვემო თებერდა, ანუ სენტი).
  3. თებერდის სასოფლო საბჭოში ერთი სოფელი შედიოდა — თებერდა (ყოფ. ზემო თებერდა).
  4. მადნისხევის სასოფლო საბჭოში შემავალი სოფლები იყო: მადნისხევი (ყოფ. უჩკულანი), მთისძირი (ყოფ. კარჯიურტი), მაღარო (ყოფ. „ელბრუსის“ მაღარო), შუამთა (ყოფ. დაუთი) და ახალსოფელი (ყოფ. ჯაზლიკი).
  5. ზედვაკის სასოფლო საბჭოში ერთი სოფელი შედიოდა — ზედვაკე (ყოფ. ხურზუკი).
  6. თებერდის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზეა კურორტი თებერდა (თავისივე სახელობის სადაბო საბჭოთი) და ალპინისტური ბანაკების ცენტრი დომბაი (ყველაზე მაღალი სამოსახლო პუნქტი. 1630 მეტრი ზღვ. დონიდან).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქლუხორის რაიონი ძირითადად რაჭველებითა და სვანებით დასახლდა. სვანები ძირითადად მადნისხევისა და ზედვაკის სასოფლო საბჭოებში დასახლდნენ, ხოლო რაჭველები უმთავრესად ახალშენში და თებერდის ხეობაში.

რაიონში ჩამოსახლებულ მოსახლეობას საბჭოთა ხელისუფლება დიდად ეხმარებოდა (უსასყიდლოდ დაუთმო საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, პირუტყვი, მისცა შეღავათიანი სესხები და გაათავისუფლა გადასახადებისაგან). 1947-1948 წლებში რაიონის მშრომელთა დაფინანსებამ 520 000 მანეთი შეადგინა, ხოლო შერავათიანი დაკრედიტების თანხამ 1.5 მლნ. მან.

1948 წლის 1 ივლისისათვის ქლუხორის რაიონის მუდმივი მოსახლეობა 9930 სულს უდრიდა; აქედან ქალაქ ქლუხორში ცხოვრობდა 4200 სული, კურორტ თებერდაში — 1991 სული და დანარჩენიც სოფლად — 3739 სული.

სოფლად მოსახლეობის განლაგება ასე გამოიყურებოდა:

# სოფლები კომლთა
რიცხვი
მოსახლეობა
1 თებერდა 146 677
2 მზისა 91 434
3 ახალშენი 99 405
4 შუქურა 15 63
5 ბარი 26 120
6 შერთულა 40 162
7 ყუბანისი 12 36
8 ხიდისკარი 271 824
9 მადნისხევი 95 487
10 შუამთა 2 4
11 ახალსოფელი 8 33
12 მთისძირი 44 22
13 მაღარო 1 4
14 ზედვაკე 70 270

რაიონის პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წლიდან ქლუხორში რეგულარულად იბეჭდება ორენოვანი რაიონული გაზეთი “განთიადი”.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფიზიკურ-გეოგრაფიული სერია, „ქლუხორის რაიონი“. ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ტ. IV, ნაკვ. 1. თბ., 1949
  • ფიზიკურ-გეოგრაფიული სერია, „ქლუხორის რაიონი“. ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ტ. IV, ნაკვ. 2. თბ., 1950
  • ლ. კარბელაშვილი, გ. გეხტმანი, მ. შარაშიძე, გ. გურგენიძე, გ. ზარდალიშვილი, შ. გოგებაშვილი., ეკონომ-გეოგრაფიული სერია, „ქლუხორის რაიონი“. ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ტ. IV, ნაკვ. 3. თბ., 1950
  • დ. ლომთაძე. გაზაფხული ქლუხორში. „კომუნისტი“, 1944., № 79.
  • ალ. მაშაშვილი და რ. ქორქია. ქლუხორი. თბ., 1945.
  • დ. რამიშვილი. ახალი სარწყავი არხი ქლუხორის რ-ში. „კომუნისტი“, 1947, № 98.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]